„ოცი წელია იურისტი ვარ და ასეთი შეზღუდვა არ მახსოვს“, - არის თუ არა მოსამართლის საქმე ჩაცმულობის განსაზღვრა?

არსებობს თუ არა რამე კანონი, რომელიც სასამართლოში მისულებს ჩაცმის წესს განუსაზღვრავს?

თბილისის საქალაქო სასამართლოში გახშირდა დამსწრეთა, მათ შორის ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული შეზღუდვები. სულ ბოლოს მოსამართლემ დარბაზში შილიფად ჩაცმული დამსწრეები არ დაუშვა.

18 აგვისტოს, როდესაც დაკავებული მომიტინგეების თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის საქმე განიხილებოდა, მანდატურებმა გამოაცხადეს, რომ ბრეტელებიანი მაისურით და სარაფნით მოსულებს რამე უნდა მოეხურათ, თუ არადა დარბაზს დაატოვებინებდნენ. დარბაზში არც შორტებიანი მამაკაცები შეუშვეს.

უკვე ფაქტის წინაშე დამდგარი დამსწრეები, რომლებიც აგვისტოს ხვატში სახლიდან შესაბამისად ჩაცმულები გამოვიდნენ, დაბნეულები აქეთ-იქით იყურებოდნენ და ერთმანეთს ეკითხებოდნენ, ვინმეს რამე ხომ არ გაქვთ, რომ მოვიხუროთო. ზოგმა მართლაც იშოვა მოსასხამი თუ პერანგი და დარბაზიდან გაძევებას გადარჩა. თუმცა აღშფოთება არ დაუმალავთ.

ტანსაცმლისთვის, კეპისთვის, თმებზე აწეული სათვალისთვის მოსამართლეებს სხვა დროსაც მიუციათ შენიშვნები, თუმცა დარბაზიდან უფრო ხშირად დამსწრეებს რეპლიკების და ხმაურის გამო აძევებენ, ან იმის გამო, რომ მოსამართლის შემოსვლისას ფეხზე არ წამოდგა. თუმცა, მოსამართლესაც გააჩნია, ის, რაც ერთმა შეიძლება სასამართლოს უპატივცემულობად მიიღოს, მეორე ყურადღებასაც არ აქცევს.

არსებობს თუ არა რამე კანონი, რომელიც სასამართლოში მისულებს ჩაცმის წესს განუსაზღვრავს? ამ კითხვით რადიო თავისუფლებამ თბილისის საქალაქო სასამართლოს (პასუხი ჯერ არ მიგვიღია) და იურისტებს მიმართა.

აქტივისტი და იურისტი აიჰან ჰასანლი განმარტავს, რომ არის მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლი (მე-10 ნაწილი): „სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია არ დაუშვას სასამართლო სხდომაზე პირი, რომელიც შეუფერებელ ფორმაში ან მდგომარეობაში გამოცხადდა“. შეუფერებელი რა არის, კანონი ამაზე არაფერს ამბობს.

„კანონი განზრახ არ და ვერ განსაზღვრავს რომელი ჩაცმულობაა შეუფერებელი და რომელი არა. კანონმდებელი ვერ იტყოდა, შენ რომ შორტებით შედიხარ სასამართლოს დარბაზში ეს სწორი არ არისო. თან შეუფერებელი ფორმა მხოლოდ ჩაცმულობას არ გულისხმობს, თუ ის გამოცხადდა სასამართლოზე იმ მდგომარეობაში, რომ ხელს უშლის მართლმსაჯულების აღსრულებას, მოსამართლეს შეუძლია გააძევოს დარბაზიდან“, - ამბობს აიჰან ჰასანლი, - „18 აგვისტოს მოსამართლემ ჯერ არც იცოდა როგორ გამოიყურებოდა ეს ხალხი, ვულგარულად ჩანდა ეს ტანსაცმელი მათზე თუ არა. წინასწარ გამოგზავნა მანდატურები მოთხოვნით, ამ ფორმით თუ იქნებიან, არ დაუშვათო. ეს არცერთი განმარტებით არ შეესაბამება ნორმის სულისკვეთებას, პირიქით, დისკრიმინაციის ნიშნებიც კი იკვეთება“.

იურისტების განმარტებით, აღნიშნული ნორმა მოსამართლემ უნდა გამოიყენოს იმ შემთხვევაში თუ სხდომაზე მოსული ადამიანი თავისი ფორმითა თუ მდგომარეობით ხელს უშლის მართლმსაჯულების აღსრულებას - ანუ ბრეტელებიანი მაისური იქნება, სარაფანი თუ შორტები ეს ყველაფერი სამართლის დადგენას უნდა უშლიდეს ხელს.

„ახლა კი ვხედავთ, რომ მოსამართლე თავისი გემოვნებით აწესებს, რა არის შესაბამისი ჩაცმულობა. ამას არ ვეთანხმები. თუ მართლმსაჯულების აღსრულებას ხელს არ უშლის ამ ნორმას არ უნდა იყენებდეს. სასამართლოს რამე შიდა განაწესი რომც ჰქონდეს, ისიც ამ ნორმასთან უნდა იყოს თანხვედრაში“, - ამბობს ჰასანლი. მას ქართული სასამართლოს პრაქტიკიდან ორი შემთხვევა მოჰყავს, როდესაც „ფორმა“ განსჯის საგანი გახდა. ერთხელ, ადვოკატი გამოცხადდა დახეული ჯინსებით მეორედ კი - „16 წლის მოზარდი მოვიდა ფერადი თმებით. დამსწრეებმა უკმაყოფილება გამოთქვეს, მაგრამ სასამართლომ არ მიიჩნია დარღვევად“.

ეს წესი მხოლოდ ქართული მართლმსაჯულების მახასიათებელი არ არის, ამგვარად იმართება სასამართლო სხდომები დასავლეთის ქვეყნებშიც. სასამართლოში კონსერვატორული ჩაცმულობა კარგ ტონად მიიჩნევა, განსასჯელი თუ მისი გულშემატკივარი თავად არის დაინტერესებული სხდომაზე მოწესრიგებული მივიდეს და თავი ასე წარმოაჩინოს. საერთაშორისო სამართლის ექსპერტი თამარ ავალიანი ამბობს, რომ მართლმსაჯულებისადმი პატივისცემა ჩაცმულობითაც გამოიხატება, მაგრამ ეს მაინც ეთიკური საკითხია და არა დაკანონებული ნორმა.

„მოსამართლის საქმე არ არის ჩაცმულობა აკონტროლოს. მაისურზე მართლმსაჯულების დამამცირებელი წარწერა რომ ყოფილიყო დატანილი, ეს კიდევ შეიძლებოდა გაძევების საბაბი ყოფილიყო, მაგრამ სრულიად წარმოუდგენელია სხდომაზე არ დაუშვა ადამიანი იმისდა მიხედვით მსხვილი ბრეტელით ეცმევა მაისური თუ წვრილი ბრეტელით“, - ამბობს ის, - „აქამდე ადვოკატებიც ბრეტელებით დადიოდნენ და შორტებითაც უშვებდნენ. ოცი წელია იურისტი ვარ და ასეთი შეზღუდვა არ მახსოვს. ეს ნიშნავს, რომ უნდათ თანდათან დახურონ პროცესები, გამჭვირვალობა აღარ იყოს“.

ამ დროისთვის პასუხი ჯერ არ არ მიგვიღია სასამართლოდან.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქართული ოცნების პარლამენტმა მიიღო რამდენიმე კანონი, რომლის შედეგადაც აიკრძალა ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერ ვითარებაში (სასამართლო სხდომაზე, საჯარო სივრცეში) მოსამართლისადმი უპატივცემულობის გამოხატვა.

სასამართლოს უპატივცემულობა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 180-დან 240 საათამდე ანდა ერთ წლამდე პატიმრობით.

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის ან ნაფიცი მსაჯულის შეურაცხყოფა ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი 1-დან 2 წლამდე ანდა ორ წლამდე პატიმრობით.

ამავე საკანონმდებლო პაკეტით, სულ მცირე, ორჯერ გაუზარდეს მოსამართლეებს ხელფასი.

აიკრძალა სასამართლოში - სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში - ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია.

გადაღების უფლებამოსილება ენიჭება მხოლოდ სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს.

ჩაწერა - ვიდეო, ფოტო თუ აუდიო, ასევე ტრანსლაცია, დასაშვები ხდება, მხოლოდ იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით.