არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ პასუხს - რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა შსს პროტესტის წინააღმდეგ

აქციის დაშლა. თბილისი. 2024 წლის 7 დეკემბერი

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და მოითხოვს საჯარო პასუხს შეკითხვაზე, რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა პოლიცია მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე.

ერთობლივ განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციების თანახმად, "რეჟიმის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალების მიერ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულები დღემდე გამოუძიებელია და ივანიშვილის პრეზიდენტმა 11 მათგანი ღირსების ორდენითაც კი დააჯილდოვა".

"2025 წლის 1 დეკემბერს გამოქვეყნებული, BBC-ის მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიების მასალები, შეიცავს შოკისმომგვრელ ცნობებს იმის შესახებ, რომ ივანიშვილის პოლიციის მიერ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენებას", - ნათქვამია განცხადებაში.

მასში ასევე ვკითხულობთ, რომ BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნებამდე, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში შსს-ს მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენებისას "დაშვებული მძიმე დარღვევების თაობაზე თავის დროზე სპეციალური სიუჟეტი მოამზადა “ნოდარ მელაძის შაბათის” გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდმა. იგივე პრობლემა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და სხვა პარტნიორმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დეტალურად აღწერეს თავიანთ ანგარიშში, სათაურით “ადამიანის უფლებების კრიზისი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ”. ერთი წელია შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ამჟღავნებს ინფორმაციას ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლში გარეული ნივთიერებების შესახებ, მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა.

თუმცა, BBC-ის ფილმის გამოქვეყნების შემდეგ, ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევასთან ერთად, დღის წესრიგში სხვა სამართლებრივი საკითხიც დგება. კერძოდ, დასადგენია, პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ზემოთ მითითებული ქიმიური ნივთიერება ბრომობენზილ ციანიდის გამოყენება ხომ არ წარმოადგენს „ქიმიური იარაღის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციით აკრძალულ ქმედებას", - ნათქვამია განცხადებაში, რომლის ხელმომწერებიც გეგმავენ მიმართონ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებს, საქართველოში შესაბამისი კომპეტენციისა და კვალიფიკაციის მქონე ექსპერტთა ჯგუფების მოწვევის მიზნით.

ისინი ასევე მოითხოვენ, საჯაროდ გაეცეს პასუხი შეკითხვას: "რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა პოლიცია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ".

განცხადებას ხელს აწერენ:

  • "უფლებები საქართველო";
  • "წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი" - GCRT;
  • "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია";
  • "ევროპის ფონდი";
  • "სამოქალაქო იდეა";
  • EECMD;
  • "ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი" (TDI);
  • "საქართველოს ევროპული ორბიტა";
  • "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის";
  • "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო";
  • "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი";
  • "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" (GDI);
  • "საფარი";
  • "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი";
  • "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი";
  • "თბილისი პრაიდი";
  • "სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის";
  • "ადამიანის უფლებათა ცენტრი";
  • "საქართველოს მომავლის აკადემია";
  • "მწვანე ალტერნატივა";
  • "დემოკრატიის მცველები";
  • "ევროპულ-ქართული ინსტიტუტი";
  • "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება";
  • "სოციალური სამართლიანობის ცენტრი";
  • "სამოქალაქო საზოგადოების ფონდი".


დღეს, 2 დეკემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა (გეკა) გელაძემ განაცხადა, რომ საქართველოში აქციების დროს ჯანმრთელობისთვის საშიში არანაირი ნივთიერება არ ყოფილა შსს-ს მხრიდან გამოყენებული. მისი სიტყვებით, რამდენიმე ადამიანმა ერთმანეთში „იჭორავა და ამაზე რაღაცა პროცესები აიგო". ასე უპასუხა გელაძემ ჟურნალისტების შესაბამის შეკითხვას BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების კომენტირებისას.

BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, 2024 წლის პროტესტებზე წყლის ჭავლში შერეული იყო I მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური აგენტი, ბრომობენზილ ციანიდი, რომელსაც საფრანგეთის არმიაში „კამიტის“ სახელით იცნობდნენ - ძლიერი და ხანგრძლივი მოქმედების ტოქსიკური ნივთიერება.

შს მინისტრის განცხადებით, "ყველა ნივთიერება, რომელიც იქნა გამოყენებული სხვადასხვა აქციების დაშლის პროცესში, არის კანონიერად ნაყიდი სხვადასხვა მსხვილი კომპანიის, რომელიც აპრობირებულია ყველა წამყვან ქვეყანაში".

დღეს, 2 დეკემბერს, ამავე საკითხის კომენტირებისას "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „რაც შეეხება ნივთიერება "კამიტს", ნივთიერება "კამიტი" საერთოდ არ ყოფილა გამოყენებული. ეს არის მარტივი სიყალბე“.

BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, 2024 წლის პროტესტებზე წყლის ჭავლში შერეული იყო I მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური აგენტი, ბრომობენზილ ციანიდი, რომელსაც საფრანგეთის არმიაში „კამიტის“ სახელით იცნობდნენ - ძლიერი და ხანგრძლივი მოქმედების ტოქსიკური ნივთიერება.

ეს ვარაუდი ეფუძნება:

  • 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრაციების მონაწილეთა მონათხრობს - ისინი აღწერენ, როგორი ეფექტი ჰქონდა შსს-ის მიერ გამოყენებულ სპეცსაშუალებებს;
  • აქციების მონაწილე ექიმის, კონსტანტინე ჩახუნაშვილის კვლევას (მან აქციების მონაწილე 350 ადამიანი გამოჰკითხა კითხვარის საშუალებით; 69 მათგანს ჩახუნაშვილმა სამედიცინო გამოკვლევაც ჩაუტარა; გამოკითხულთა თითქმის ნახევარმა თქვა, რომ რაიმე სახის გვერდითი ეფექტი შეუნარჩუნდა სპეციალური საშუალებების გამოყენებიდან ერთი თვის განმავლობაში - თავის ტკივილი, დაღლილობა, ხველა, ქოშინი ან ღებინება; მისი კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალ Toxicology Reports-ში); კვლევის თანაავტორები მისი ძმა და მამაც არიან;
  • შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნების, ლაშა შერგელაშვილის (გდდ-ის შეიარაღების სამსახურის ყოფილი უფროსი 2022 წლამდე) და გიორგი შაიშმელაშვილის (გდდ-ის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსის) ინტერვიუებს;
  • ასევე გდდ-ის ინვენტარის აღმწერ, 2019 წლით დათარიღებულ დოკუმენტს;
  • ამ ყველაფერზე დაყრდნობით, ქიმიური იარაღის საერთაშორისო ექსპერტების შეფასებებს.


როგორც BBC-ს ტექსტშია აღნიშნული, საქართველოს ხელისუფლებამ BBC-ს მიგნებებს უწოდა „აბსურდული“ და „სრულიად უაზრო“, ასევე განაცხადა, რომ „ბრუტალური კრიმინალების“ უკანონო ქმედებებს პოლიცია „კანონმდებლობისა და კონსტიტუციის ფარგლებში“ პასუხობდა.



ასევე ნახეთ მთავრობის წევრების განცხადებით, შსს-ს არასოდეს შეუძენია და გამოუყენებია ნივთიერება "კამიტი"


ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ BBC დაადანაშაულა „ბინძური დაკვეთების შესრულებაში“ და უწოდა „დიპ სტეიტის პროპაგანდისტულ იარაღად ქცეული ეგრეთ წოდებული მედია“.

მან გამოძიებას უწოდა „სიცრუის კორიანტელი“, რომელსაც „არანაირი კავშირი რეალობასთან არ აქვს“ და განაცხადა, რომ გადაწყვიტა, BBC-ის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა წამოიწყოს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

ეს მუხლებია:

  • „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება“ და
  • „უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება“.