ალეკო ელისაშვილს „ტერორისტული აქტის“ მცდელობას ედავებიან - პროკურატურა ვიდეოს აქვეყნებს

ადვოკატის შეფასებით, ეს „აბსურდია“ და ელისაშვილი „ბრალს არ აღიარებს“.

პოლიტიკოს ალეკო ელისაშვილს 29 ნოემბერს მომხდარის გამო „ტერორიზმს“, კერძოდ კი, ტერორისტული აქტის მცდელობას ედავებიან. ადვოკატის, გიორგი რეხვიაშვილის ცნობით, ელისაშვილი „ქმედებას“ აღიარებს, თუმცა ბრალს - „ტერორიზმს“ - არა.

კვირას, 30 ნოემბერს, პროკურატურამ ელისაშვილს ბრალი წარუდგინა - ის, რის დარღვევასაც პოლიტიკოსს ედავებიან, არის სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლი.

სსკ-ის 323-ე მუხლი ეხება „ტერორისტულ აქტს“:

„ტერორისტული აქტი, ესე იგი აფეთქება, ცეცხლის წაკიდება, ადამიანზე თავდასხმა, იარაღის გამოყენება ან სხვა ქმედება, რომელიც ქმნის ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას, ჩადენილი ტერორისტული მიზნით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე“.

ადვოკატ რეხვიაშვილის თქმითვე, ალეკო ელისაშვილი „არ აღიარებს ბრალს, აღიარებს ქმედებას“ და მისი პოზიციით, „დანაშაული მას ამ შემთხვევაში არ აქვს ჩადენილი და ის გამოხატავდა, ეს იყო უბრალოდ პროტესტის გამოხატვის ფორმა“.

ელისაშვილს გუშინვე გაემიჯნა საკუთარი პოლიტიკური კოალიცია, „ძლიერი საქართველო“, რომელმაც მის ქმედებებს „მიუღებელი“ და „გაუმართლებელი“ უწოდა.

ასევე ნახეთ ადვოკატის თქმით, „ელისაშვილი ნანობს, რომ რამდენიმე წამი დააკლდა საქმის ბოლომდე მისაყვანად“

ადვოკატის შეფასებით, ტერორიზმის მუხლით ბრალის წაყენება „აბსურდულია“; ამბობს, რომ მანამდე გამოძიება დაწყებული იყო „ნივთის დაზიანების ან განადგურების“ (სსკ-ის 187-ე) მუხლით, რაც 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.

„როგორც ჩანს, არ ეყოთ ეს სანქცია და გადაუკვალიფიცირეს ტერორიზმის მუხლით, რომელიც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმეს იძიებს გენერალური პროკურატურა ამ ეტაპზე“, - ამბობს ადვოკატი.

ადვოკატის თქმითვე, სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება.

პროკურატურის შეფასება

პროკურატურა აცხადებს, რომ შაბათ დილას, 04:00 საათისთვის, ალეკო ელისაშვილი სასამართლოსთან მივიდა „ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული“.

პროკურატურა ასევე აცხადებს, რომ:

  • „ნიღბიანმა“ პოლიტიკოსმა ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა და ასე შეაღწია შიდა სივრცეში;
  • შემდეგ შიდა სივრცის სხვადასხვა ნაწილში, „მათ შორის ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე“, დაასხა „დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა“;
  • ამ დროს - „აალებადი ნივთიერების დასხმის პროცესში“ - ელისაშვილს სასამართლოს მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მიუსწრეს;
  • პროკურატურის თანახმად, ერთ-ერთი მანდატურის დანახვისთანავე ელისაშვილი მას „თავს დაესხა და დაუწყო ცემა“;
  • პროკურატურა ამბობს, რომ სამი მანდატური ცდილობდა ელისაშვილის „განეიტრალებას, მისთვის აალებად ნივთიერებაზე ცეცხლის წაკიდების საშუალების მოსპობას და განიარაღებას“.
  • „თავდამსხმელი, თავის მხრივ, ცდილობდა ცეცხლსასროლი იარაღის ამოღებას და გამოყენებას. ალექსანდრე ელისაშვილმა დაახლოებით 5-6 წუთის განმავლობაში მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს აქტიური წინააღმდეგობა გაუწია, რომლის დაძლევის შემდეგ შესაძლებელი გახდა მისი საბოლოო განეიტრალება და დაკავება“, - წერია 30 ნოემბერს პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურა ასევე აქვეყნებს არაერთი ვიდეოსათვალთვალო კამერიდან გადაღებულ კადრებს, რომლებიც პირობითად სამ მონაკვეთად შეიძლება დაიყოს.

პირველ ნაწილში ჩანს ნიღბიანი პირის გადაადგილება ქუჩაში, გზაზე, გარკვეულ ფერდობზე და სხვადასხვა აღწერილობის ტერიტორიაზე; ერთ-ერთ ეპიზოდში ის ტანისამოსს იცვლის.

Your browser doesn’t support HTML5

ნაწილი I

მეორე ნაწილში ჩანს შავ ტანისამოსსა და პირბადეში გამოწყობილი პირი როგორ ასხამს ბოთლებიდან გარკვეულ სითხეს (პროკურატურის ვერსიით, აალებად ნივთიერებას) სასამართლოს კანცელარიაში სხვადასხვა ნივთზე, მათ შორის ტექნიკასა და დოკუმენტაციაზე.

Your browser doesn’t support HTML5

ნაწილი II

მესამე ნაწილში უკვე ჩანს ნიღბიანი ადამიანის ფიზიკური დაპირისპირება მანდატურებთან, - თავდაპირველად ერთთან; მალევე მათთან მეორე მირბის და პირველს ეხმარება; ბოლოს კი საქმეში ერთვება მესამე მანდატურიც, რომელიც შენობაში შეჭრილს ჯერ ჯოხს ურტყამს თავში, შემდეგ კი ფეხსა და ხელს - არაერთხელ. შეჭრილი პირი წინააღმდეგობას აგრძელებს.

Your browser doesn’t support HTML5

ნაწილი III

ალეკო ელისაშვილის დაკავება

ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, შაბათ დილას, საქალაქო სასამართლოს კანცელარიაში დააკავეს. ეს არის სასამართლოს ეზოში ცალკე მდგომი შუშის შენობა, რომელიც სასამართლოს მთავარ კორპუსს კარით უკავშირდება.

შსს-ის ცნობით, ელისაშვილმა, რომელიც „შენიღბული“ იყო, ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა, შეაღწია შიდა სივრცეში, ბენზინი დაასხა, - მათ შორის, საკანცელარიო ნივთებზე, ტექნიკაზე, დოკუმენტაციაზე, - და „შენობის დაწვა სცადა“.

შსს-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ მას შემთხვევის ადგილზევე წაასწრეს სასამართლოს მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა, რომლებსაც ელისაშვილმა „თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“.

ამავე განცხადების თანახმად, დაპირისპირებისას დაზიანება მიიღო მანდატურის სამსახურის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა და ის კლინიკაში გადაიყვანეს.

„დაკავებისას, გაწეული წინააღმდეგობის გამო, დაზიანებები მიიღო ალექსანდრე ელისაშვილმაც. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღო“, - აცხადებენ შსს-ში.

შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მას სახეზე დალურჯებები აქვს.

ადვოკატი აცხადებს, რომ ელისაშვილს სასტიკად სცემეს, - იმ დროს, როცა იგი უკვე დაკავებული იყო.

ასევე ნახეთ შსს-ს ცნობით, „შენიღბულმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლოს კანცელარიის დაწვა სცადა“

ადვოკატის თანახმადვე, ელისაშვილი აღიარებს, რომ საქალაქო სასამართლოს კანცელარიის დაწვას გეგმავდა, - მითხრა, მხოლოდ იმას ვნანობ, რომ „საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანაო“, თქვა ადვოკატმა შაბათს.

  • ალეკო ელისაშვილი წინააღმდეგ უკვე იყო ერთი სისხლის სამართლის საქმე აღძრული. მას პროკურატურა ძალადობით ან ძალადობის მუქარით, პირის პოლიტიკური ნიშნით დევნას ედავება. ის 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დააკავეს. გამოძიების ვერსიით, 2 დეკემბერს კოსტავას ქუჩაზე, ერთ-ერთ აფთიაქთან, ალეკო ელისაშვილი „ქართული ოცნების“ წევრს, ალი ბაბაევს, თავს დაესხა და პარტიული შეხედულების გამო ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. წარდგენილი ბრალი ჯარიმას ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა ისევ გრძელდება.
  • 2025 წლის აგვისტოში რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა ალეკო ელისაშვილზე - 2022 წლის გაზაფხულზე, ომის დაწყების შემდეგ უკრაინის მხარეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისათვის. „ძალიან დიდი პატივია, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს რუსებმა ჩემ მიერ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის გამო, ამ გმირი, თავდადებული, თავგანწირული ხალხის მხარდაჭერის გამო და მეორე მხრივ, იმის გამო, რომ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ვიცავდი“, - განაცხადა მაშინ ელისაშვილმა.
  • 2024 წლის 15 აპრილს ელისაშვილმა - მაშინ პარლამენტის დეპუტატმა - საპარლამენტო უმრავლესობის მაშინდელ ლიდერს, მამუკა მდინარაძეს (ამჟამად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს), რომელიც „აგენტების კანონს“ წარადგენდა, შეაგინა და სახეში მუშტი ჩაარტყა. მდინარაძემ რამდენიმე წუთში სხდომის წაყვანა განაგრძო. ელისაშვილი იმ დროისთვის სადეპუტატო იმუნიტეტით სარგებლობდა და მისთვის ბრალი არ წარუდგენიათ.
ასევე ნახეთ კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელო“ ელისაშვილის ქმედებას „მიუღებელსა“ და „გაუმართლებელს“ უწოდებს