„ეს ცენტრი იმათზე დგას, ვინც გაუშვეს“ – გამოცდების ცენტრიდან 30-მდე თანამშრომელი დაითხოვეს

გამოცდების ეროვნული ცენტრის შენობა მინდელის ქუჩაზე

მოკლედ

  • გამოცდების ეროვნული ცენტრიდან 30-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს.
  • ოფიციალურად ამას რეორგანიზაციით ხსნიან.
  • გათავისუფლებულ თანამშრომლებს კი ეჭვი აქვთ, რომ ისინი პროევროპულ მოძრაობაში მონაწილეობის გამო დასაჯეს.
  • ცენტრის რეორგანიზაცია არ დასრულებულა, კონკრეტული დეტალები საჯაროდ არ არის გაცხადებული.
გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC-ი) თანამშრომლები ამბობენ, რომ ცენტრიდან 30-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს. ოფიციალური ვერსიით, ეს რეორგანიზაციის პროცესია. გათავისუფლებულები კი ამბობენ, რომ სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი მათი სამოქალაქო პოზიცია და პოლიტიკური შეხედულებები გახდა.

„ისინი, ვინც გამოცდების ეროვნული ცენტრიდან გაუშვეს, ამ ცენტრისთვის წარმოადგენენ ბაზისურ რესურსს. შემიძლია მოკლედ ასე აგიხსნათ ამ ადამიანების მნიშვნელობა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გამოცდების ეროვნული ცენტრიდან გაშვებული ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც ამ ეტაპზე ანონიმურად დარჩენას ამჯობინებს.

მისი თქმით, უახლოეს დღეებში, ცენტრიდან გაშვებული თანამშრომლები ერთობლივ განცხადებას გაავრცელებენ და ყველა დეტალზე ისაუბრებენ.

მანამდე რადიო თავისუფლებას უყვება, რომ 30-მდე თანამშრომელს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ნინო წერეთელი, 25 ნოემბერს დაემშვიდობა:

„სათითაოდ ჩავდიოდით და გვემშვიდობებოდნენ. გვეუბნებოდნენ, ხომ იცით, რომ რეორგანიზაცია იწყება, თქვენი ადგილი ვეღარ დავინახეთ სამომავლო სტრუქტურაში და უნდა დაგემშვიდობოთ 26 დეკემბრიდან. გავეცანი ამ შეტყობინებას და მოვაწერე ხელი“, - ამბობს NAEC-ის თანამშრომელი, რომელმაც ერთ თვეში უნდა დატოვოს ის სამსახური, სადაც არაერთი წელი, მათ შორის, შტატიანი თანამშრომლის სტატუსით იმუშავა.

ის ახლაც კოლეგებთან ერთად ამზადებს გამოცდებს პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის. ეს გამოცდები 1-3 დეკემბერსაა დანიშნული:

„თან საქმეს ვაკეთებთ, წყალში ხომ არ ჩავყრით ამდენ ნაშრომს. ჩავატარებთ გამოცდებს და შემდეგ უკვე შევეცდებით გავარკვიოთ, რა ხდება ჩვენს თავს, რა შეგვიძლია გავაკეთოთ, მაგალითად, წამოვიწყებთ თუ არა სასამართლო დავას. ჯერ ძალიან ახალია ეს ყველაფერი იმისთვის, რომ კონკრეტულ ნაბიჯებზე ვილაპარაკოთ“.

რას ამბობს გამოცდების ეროვნული ცენტრი?

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნის შესახებ რადიო თავისუფლებას მხოლოდ ზოგად ინფორმაციას აწვდის:

„ცენტრში 1 ოქტომბრიდან გამოცხადდა რეორგანიზაცია და პირველადი სტრუქტურული ერთეულების ოპტიმიზაცია. ეს პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეა, დასრულდება დეკემბრის ბოლოს“, - გვიპასუხეს წერილობით.

  • შესაძლოა თუ არა, რომ რეორგანიზაცია სხვა თანამშრომლებსაც შეეხოს?
  • სულ რამდენ თანამშრომელთან წყვეტს NAEC-ი თანამშრომლობას?
  • ძირითადად რომელი დეპარტამენტის თანამშრომლებს აღარ გაუგრძელდათ ხელშეკრულება?


ამ და კიდევ სხვა კონკრეტულ კითხვებზე პასუხი გამოცდების ეროვნული ცენტრისგან ვეღარ მივიღეთ.

რეორგანიზაცია თუ აქციებზე სიარული?

იმის შესახებ, რომ NAEC-ი რეორგანიზაციას გეგმავდა, თანამშრომლებმა შემოდგომაზე შეიტყვეს. თუმცა კონკრეტულად რას, როგორ ან რატომ აპირებდნენ, ამაზე მსჯელობა არ ყოფილა - გვეუბნება ცენტრის თანამშრომელი:

„გავიგეთ, რომ რაღაც კადრები გაუქმდა, გამსხვილდა დეპარტამენტები და აქედან გამომდინარე, ის საშტატო განაკვეთები, რომელიც აქამდე ჰქონდათ, ზოგ შემთხვევაში, აღარ სჭირდებოდათ.

სხვა ინფორმაცია ჩვენთვის არ მოუწოდებიათ.

ვიცოდით მხოლოდ ის, რომ ოქტომბრიდან იწყებოდა რეორგანიზაცია და ნოემბრის ბოლოსთვის შევიტყობდით, ვინ სად და როგორ იქნებოდა“.

გაშვებულ თანამშრომლებს აქვთ ეჭვი, რომ მათი უმრავლესობა პროევროპულ აქციებზე სიარულისა და სამოქალაქო პოზიციის დაუფარავად გამოხატვის გამო გაათავისუფლეს.

„გაშვებული თანამშრომლების საკმაოდ დიდი წილი სწორედ ასეთ (იგულისხმება ხელისუფლებისადმი კრიტიკული დამოკიდებულება - რ.თ.) თანამშრომლებზე მოდის, თუმცა არიან სხვებიც, რომლებიც ამ პროცესებში არ იყვნენ ჩართულები.

მთელი ეს პერიოდი იყო მინიშნებები, რომ მშვიდად იყავით, რა ამბავში ხართ, რად გინდათ ეს ზედმეტი ხმაური. ამიტომ ეს ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, რომ ახლა იზამდნენ ამას, რადგან ეს ცენტრი მნიშვნელოვნად დგას იმ ადამიანებზე, ვინც გუშინ გაუშვეს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომელი.

სოციალურ ქსელში გამოეხმაურა NAEC-იდან თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას განათლების სფეროს სპეციალისტი, მოძრაობა “თავისუფლების მოედნის” წარმომადგენელი სიმონ ჯანაშია და დაწერა:

„ამ ხალხმა შექმნა სისტემა, რომელმაც მნიშვნელოვნად შეამცირა კორუფცია განათლების სისტემაში, შემოიტანა ქვეყანაში ახალი ცოდნა ტესტების შექმნის, გამოცდების ადმინისტრირების და კვლევის მიმართულებით. ამ ხალხის წყალობით მეტი ვიცით მასწავლებლების და სკოლის დირექტორების კომპეტენციების შესახებ. ამ ადამიანების შრომის და ბრძოლის შედეგია, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ტესტირებები მინიმალურად ექვემდებარებოდა პარტიულ კონიუნქტურას.

ცოტა ხნის წინ ამ ცენტრის თანამშრომლები გააფრთხილეს, ან პროტესტში მიიღებთ მონაწილეობას, ან აქ იმუშავებთო. რეალურად არჩევანი იყო, ან მოქალაქეობის უფლებებს, ღირსებას დათმობთ, ან ხელფასსო. ამ ხალხმა ღირსება არ დათმო, რისთვისაც დასაჯეს“.

რადიო თავისუფლება შეეცადა NAEC-იდან გათავისუფლებულ სხვა თანამშრომლებთან გასაუბრებასაც, თუმცა ამ ეტაპზე ისინი თავს იკავებენ საჯარო განცხადებებისგან და ამჯობინებენ, რომ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნონ.

გამოცდების ეროვნული ცენტრის შექმნას საფუძველი ჩაეყარა 1998 წლიდან. 2005 წლიდან კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შემუშავებული და დანერგილი მოდელით, ქვეყანაში ტარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები. გამოცდების ეროვნული ცენტრი 2009 წლიდან ატარებს საერთო სამაგისტრო გამოცდას. გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს მასწავლებლის გამოცდებსაც. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ფლობს სხვადასხვა საერთაშორისო გამოცდის ჩატარების ლიცენზიას.

ასობით გათავისუფლებული საჯარო მოხელე

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საჯარო უწყებებიდან ერთობლივად ათეულობით ადამიანს ათავისუფლებენ.

ეს პროცესი ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს, დეკემბერში, საქართველოში მიმდინარე პროევროპული პროტესტისა და აქციების პარალელურად დაიწყო.

გათავისუფლებულთა ტალღაში მაშინ მოყვნენ ის ადამიანები, რომლებიც გაემიჯნენ 2024 წლის ნოემბრის ბოლოს „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას, დაგმეს ის ძალადობრივი ფაქტები, რასაც ადგილი ჰქონდა დემონსტრაციების დაშლისას და ღია წერილებს მოაწერეს ხელი.

მაშინ სამსახურებიდან გაუშვეს პარლამენტის, იუსტიციის, თავდაცვის, შსს-ს, განათლებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების თანამშრომლები. მხოლოდ თბილისის მერიიდან 70-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს.

თანამშრომლები გაუშვეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან, მთავრობის ადმინისტრაციიდან, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან, შემოსავლების სამსახურიდან...

ასევე ნახეთ „ხვალ ალბათ შენი ჯერი იქნება“ - საჯარო მოსამსახურეები ამბობენ, რომ მათ პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ

ეს უწყებები აცხადებდნენ, რომ თანამშრომელთა გათავისუფლება რეორგანიზაციასა და ხელშეკრულებების ვადის ამოწურვას უკავშირდებოდა.

ამ პროცესის პარალელურად შეიქმნა საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „კონსტიტუციის 78 მუხლი“. მათი მონაცემებით, გასულ წელს ე.წ. რეორგანიზაციისა და ხელშეკრულების ვადის ამოწურვის საბაბით 800-დან 1200-მდე საჯარო მოხელე გაათავისუფლეს სამსახურებიდან.

პროფკავშირის ინფორმაციით, პარტნიორი ორგანიზაციების დახმარებით 230-მდე საქმე წავიდა სასამართლოში, თუმცა ამავე დროს იყო შემთხვევები, როდესაც გათავისუფლებულებმა პირდაპირ, დამოუკიდებლად მიმართეს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც არასამთავრობო სექტორს ჰქონდა შესაძლებლობა, გაეწია მათთვის მხარდაჭერა.

თუმცა, როგორც პროფკავშირში გვეუბნებიან, ამ ეტაპზე ეს ორგანიზაციები სამართლებრივი დახმარების შესაძლებლობას ნაწილობრივ მოკლებულნი არიან, რადგან მათი უმრავლესობის ანგარიშები დაყადაღებულია - პროკურატურა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს 2024 წლის ბოლოს საპროტესტო აქციების „დაფინანსებას“ ედავება, „საბოტაჟის საქმის“ ფარგლებში. სასამართლომ ანგარიშების დაყადაღების შუამდგომლობა 2025 წლის ზაფხულში დააკმაყოფილა.

ასევე ნახეთ მორჩილი საჯარო სექტორი? - გათავისუფლება ერთი წინადადებით