მსხვერპლი, ნგრევა, ხანძრები - რუსეთის ჯარებმა კიევს დაარტყეს

მაშველებს მობინადრეები გაჰყავთ კიევზე რუსეთის ჯარების დარტყმით დაზიანებული სახლიდან. 2025 წლის 25 ნოემბერი

რუსეთის ჯარებმა რაკეტებით და დრონებით მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინაზე, მათ შორის დედაქალაქ კიევზე. შეტევა შუაღამის შემდეგ დაიწყო.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს ტელეგრამ-არხზე 25 ნოემბერს, დილის შვიდი საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, დედაქალაქში დაღუპულია 1 და დაშავებულია 7 ადამიანი.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით პეჩერის რაიონში დანგრეულია 22-სართულიანი სახლის ნაწილი მეოთხიდან მეშვიდე სართულის ჩათვლით. გაჩნდა ხანძარიც. მაშველებმა მობინადრეების ევაკუაცია განახორციელეს. მრავალსართულიან სახლს ხანძარი გაუჩნდა დნეპრის რაიონშიც.

კიევის ნაწილს ელექტროენერგიის და წყლის მიწოდება შეუწყდა.

განახლება: კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ტელეგრამ-არხზე დილის ცხრა საათისთვის გამოქვეყნებული ცნობებით, დაღუპულია 2 და დაშავებულია 9 ადამიანი. კიევის სვიატოშინსკის რაიონში დანგრეულია არასაცხოვრებელი შენობა, ნანგრევებში შესაძლოა, ადამიანები იყვნენ და იქ მაშველები მუშაობენ.

ასევე ნახეთ რუსეთის კრასნოდარის და როსტოვის ოლქებიდან დრონებით შეტევის და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან

მსხვერპლია კიევის ოლქშიც. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მიკოლა კალაშნიკის ინფორმაციით, ბელოცერკოვსკის რაიონში ერთი ადამიანი დაიღუპა. დაჭრილია 14 წლის გოგო. დაზიანებულია მრავალბინიანი სახლები.

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა დრონებით და რაკეტებით მასშტაბური კომბინირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის ენერგოობიექტებზე.

ასევე ნახეთ სამშვიდობო ჩარჩო უკრაინისთვის - რით განსხვავდება შეთანხმების ამერიკული და ევროპული პროექტები, რა სურს მოსკოვს და რას ელის ტრამპი?