მოკლედ
- ელენე ხოშტარია 46 წლის რუსთავის ქალთა ციხეში გახდა.
- პარტია "დროას" ლიდერი 15 სექტემბერს დააკავეს, თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე წინა დღეს გაკეთებული წარწერისთვის “რუსული ოცნება".
- დაკავებიდან ორ თვეში, 6 დეკემბერს, მას კიდევ სამი ბრალდება წაუყენეს: საბოტაჟი, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის მხარდაჭერა. 15 წლამდე პატიმრობის საფრთხეს მან უპასუხა ციხიდან გამოგზავნილი წერილით, რომელშიც ეწერა: “წერეთ და იკითხეთ, რუსებო!”
ადგილობრივი არჩევნების წინ, თბილისი მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე მარკერით გაკეთებული წარწერისთვის ელენე ხოშტარიას ბრალი სხვისი ნივთის დაზიანების გამო აქვს წაყენებული. თუ სასამართლო დამნაშავედ ცნობს, მას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. კალაძის ბანერზე წარწერა ხოშტარიამ განზრახ გააკეთა, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი აქტივისტი სტუდენტის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა იმავე ბრალდებით, კალაძის ბანერის დაზიანების გამო დაიწყო.
ელენე ხოშტარია დაკავების შემდეგ არ ესწრება თავის სასამართლო სხდომებს. ყველა სამართლებრივ პროცესში "დროას" ლიდერის ნაცვლად მისი ადვოკატები მონაწილეობენ.
Reality check - სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა
რადიო თავისუფლება: სანამ კითხვებს გამოვაგზავნიდით, იმ ინტერვიუს მოვუსმინე კიდევ ერთხელ, მზიას ["ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი] შიმშილობის ფონზე რომ ვლაპარაკობთ შიმშილობაზე, ციხესა და პროტესტზე. იქ ამბობთ, ციხეში კიდევ სხვანაირად გადის დრო და სხვანაირად აღიქვამ ამბებს, რაც არ უნდა ეცნობოდე სიახლეებს, მაინც შემოსაზღვრულია ინფორმაციაო. რამდენად შეესაბამება ეს წარმოდგენები იმ რეალობას, რაც ციხეში დაგხვდათ?
ელენე ხოშტარია: მეტ-ნაკლებად და ვეცდები ავხსნა, რა თქმა უნდა, ინფორმაცია შემოსაზღვრულია, თუმცა შესაძლებელია თავის დაზღვევა. ერთი იმით, რომ შენი ხასიათის მიხედვით არ იმსჯელო მოვლენებზე. ანუ ის დისტანცია, რაც გაქვს, მისი მსხვერპლი არ გახდე და ეცადო, თავი წარმოიდგინო გარეთ. მეორე, რეგულარულად ადევნო თვალი მოვლენებს (მე ვიწერ კიდეც, მერე დაკავშირებაში და საერთო სურათის შექმნაში მეხმარება) და სანამ საბოლოო დასკვნას გააკეთებ, გადაამოწმო გარეთ მყოფებთან. ფილტრი უნდა დააყენო.
როცა ჩემს აზრს ვაგზავნი, სულ ვამატებ, რომ აუცილებლად reality check გააკეთონ. აქამდე რაიმე სერიოზული პრობლემა არ შემქნია. ვნახოთ მერე :) მგონი, პლატონის მღვიმეში არ ვარ :)
რადიო თავისუფლება: ციხის რეალობაზე კითხვებს ერთად დაგისვამთ - როგორია თქვენი ოთახი? რთულია თუ არა სამარტოო საკანში ყოფნა? დრო როგორ გაგყავთ? სეირნობის უფლებას თუ იყენებთ? რა დამოკიდებულება აქვთ ბადრაგებს და ციხის თანამშრომლებს? სამედიცინო სერვისით თუ გისარგებლიათ ციხეში ყოფნისას? ბიბლიოთეკას თუ იყენებთ? ეგებ აღგვიწეროთ ოთახი, და იქ გატარებული ერთი ჩვეულებრივი და ერთიც არაჩვეულებრივი დღე.
ელენე ხოშტარია: საერთოდ, აქ მივხვდი, რომ თავისთავად ციხე არაფერი არ არის - შეიძლება იყოს ძალიან ცუდი ან ძალიან კარგიც კი. მთავარია შენი დამოკიდებულება, მოვლენებს შეიძლება ვერ შეცვლი, მაგრამ მათ მიმართ შენი დამოკიდებულება - შენზეა.
ერთი წამი არ მიცდია ამ მოცემულობასთან ჭიდაობა. პირიქით, გავიგე და მივიღე, რომ ჩემი ცხოვრების (და არა არსებობის) სივრცე არის ეს საკმაოდ სიმპათიური ოთახი, სადაც ძალიან ბევრი ფუნქციის შესრულება შეიძლება. ყველა აუცილებელი საჭიროება დაკმაყოფილებადია, ჰოდა, ვუთხარი, მოდი ახლა მოვეწყოთ აქ. ძალიან მალე, ეს გახდა ემოციურად ჩემი ოთახი. საერთოდ არ ვეძახი საკანს. მოვაწყვე, ჩემი აზრით, ლამაზად და ფუნქციონალურად. მაქვს სამუშაო კუთხე, საყვარელი წიგნებით, კონტეინერებისგან და ბოთლებისგან გაკეთებული თაროებით, სურათების ჩასადებით, საჭმელი კუთხით.
მაქვს მხატვრული ლიტერატურის საკითხავი კუთხე, პოლიტიკური ლიტერატურის, ფილოსოფიის. მაქვს სავარჯიშო სივრცე, სასეირნო (ოთახშივე), ტანსაცმლის, ფიქრის, ოცნების, სიმღერის, ხატვის.
ეს სივრცეები ტექნიკურად შეიძლება ერთი და იგივე ადგილია, მაგრამ ნივთების პატარა გადაადგილებით ჩემთვის სასურველი სივრცე იქმნება. აქვე, გავიხსენე 90-იანი წლების ნიჭი და საგნებს მრავალი ფუნქცია მოვუძებნე. პარკის და ბოთლის კომბინაციით საოცარი რამეების გაკეთება შეიძლება. ეს ყველაფერი მრავალფეროვნებას მიქმნის.
სასეირნოდ დავდივარ ყოველდღე სასეირნო ოთახში. საკანია უჭერო. ოღონდ არა სრული საათი.
შხაპი კვირაში ორჯერ არის, მაგრამ მე აქაც მოვიწყვე ძალიან კომფორტული აბაზანა. შევიძინე კარგსუნიანი გელები და სუნიც კი ჩემთვის სასურველი დავატრიალე.
ადმინისტრაცია არის არა უბრალოდ კარგი, არამედ არაჩვეულებრივი. ყველა. ბადრაგის ყველა ცვლა, ექიმები, ექთნები, სოცმუშაკები, ტექნიკური სამსახური, საკვების დამრიგებლები. სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა. ამ საერთო უწესობაში ეს კუნძული როგორ შემორჩა. მთავარი ტესტი ჩემ მიმართ დამოკიდებულება არ არის. ძალიან ვაკვირდებოდი ყველა ნიუანსს. ციხეში ყოველთვის არის საფრთხე “პატარა ძალაუფლების” დემონსტრირების. ბადრაგს ყოველთვის შეუძლია “გატკინოს” წესების ინტერპრეტირებისას, მომართვის ტონით და ა.შ. არც ერთხელ არცერთს ეს ცდუნება არ გამოუმჟღავნებია, არც ჩემ და არც სხვების მიმართ იმ სივრცეში, სადაც მე ვარ და სადაც ჩემი სმენა სწვდება. პლუს იგრძნობა პროფესიონალიზმი. არანაირი მინიშნებაც კი რამე პრივილეგიაზე არ არის. რაც წესია - წესია. ამას იცავენ და არც სცდებიან საზღვრებს არც აქეთ, არც იქით. რამდენადაც ვიცი, ამ ციხეზე [რუსთავის კალთა მე-5 კოლონია], მათ შორის ტრენინგებზე, საერთაშორისო რესურსია ჩადებული.
სამედიცინო სერვისი თავად ყველაფერი შემომთავაზეს, ყურადღებით არიან, ყველაფერს აქცევენ ყურადღებას.
ბიბლიოთეკა საკმაოდ კარგია და მრავალფეროვანი. წიგნებს ვიღებ კიდეც და სიამოვნებით ვჩუქნი ჩემებსაც.
ოთახს დაგიხატავთ - სიგრძე 10 ნაბიჯი, სიგანე 5 ნაბიჯი
ეს არის ელენე ხოშტარიას საკანი, რომელსაც საკნის ნაცვლად ოთახს ეძახის და სადაც მარტო ზის. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პოლიტიკოსების განთავსება მხოლოდ სამარტოო საკანში შეიძლება - მათი სხვა პატიმრებთან ერთად ერთ ოთახში ყოფნა პატიმრობისას დაუშვებელია.
დილის 7-ზე ვიღვიძებ და ვკითხულობ.
9-ზე ველოდები კიკნაველიძის გადაცემას პასტით და ფურცლით.
9:30-ზე ინთება შუქი, გავდივარ შემოწმებას და 30 წუთი ვაკეთებ იოგას.
შემდეგ ვწესრიგდები და “მივდივარ სამსახურში”, ანუ მაგიდასთან და დღის თემებს, გასაგზავნ ფოსტას, ადვოკატთან სალაპარაკოს ვგეგმავ. შემდეგ ვიწყებ პოლიტიკური ლიტერატურის კითხვას და იქ გაჩენილი აზრების წერას.
შემდეგ ფილოსოფია.
საათში ერთხელ ოთახში 10 წუთი დავდივარ. მერე მოდის ადვოკატი, ვსაუბრობთ. 1-2-სკენ ვსაუზმობ. სეირნობა, მერე რომანის კითხვა.
პარალელურად საინფორმაციოებს ვრთავ ყველას: 11-ზე "ტვპირველი", 12-ზე "ფორმულა", 2, 4, 6 - ამ განრიგით. 3-4-სთვის მოდის ფოსტა. ვეცნობი, ვწერ, ვალაგებ და კითხვა მონაცვლეობით.
6-ზე ციხე იკეტება. მზის ჩასვლის დროს ფანჯარასთან ოცნების დრო მაქვს :)
5-ზე ვსადილობ, ბოლო ჭამაა.
9-ზე შემოწმება, იოგა და ვწვები. ეს არის ჩვეულებრივი.
არაჩვეულებრივი დღეა, როცა ბავშვები შემოდიან. მაშინ ყველა წესს ვარღვევ: კითხვის, ვარჯიშის, წერის და ოცნების.
რადიო თავისუფლება: რა წიგნები წაიკითხეთ ამ რამდენიმე თვეში? სტერეოტიპულად მგონია, რომ კითხვა დროის მოკვლის ყველაზე კარგი გზაა ციხეში.
ელენე ხოშტარია: სადღაც 15 რომანი - კამიუ, მარკესი წავიკითხე. რამდენიმე იაპონელი მწერალი ძალიან მომეწონა. ჩემთვის ახალი ავტორია ირვინ იალომი [სტენფორდის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის პროფესორი, ეგზისტენციალურ-ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფსიქოთერაპიის „მესამე ტალღის“ წარმომადგენელი და მრავალი მხატვრული და სამეცნიერო წიგნის ავტორი - რ.თ.]
წავიკითხე ლუბლინელი მაგი, იოგო ოგავა.
პლატონოვი შემოვაგზავნინე და ხშირად ვფურცლავ.
პოლიტიკური ლიტერატურიდან პოლიტიკურ ფსიქოლოგიაზე ვმუშაობ - ნეირომეცნიერების გავლენაზე. 4 წიგნი დავამუშავე: Damascio, Stiven Pinker, Frank Luntz.
პლატონს და "ილიადას" ვფურცლავ დღის განმავლობაში.
ილია ჭავჭავაძის წერილებსაც.
1918-1921 წლების პერიოდის ლიტერატურა მაქვს “სოვლაბის” რეკომენდაციით. მანდედან სამი წიგნი წავიკითხე.
ტეტჩერის ავტობიოგრაფია წავიკითხე, ჰაველს ვკითხულობ.
ახლა ვიწყებ ბაჩანა ბრეგვაძეს.
პერიოდულად ვუკვეთავ პოეზიას: ვაჟა, ცვეტაევა, ახმატოვა.
ტერმინი დროის მოკვლა არ მომეწონა : ) დრო რატომ უნდა მოვკლა, ვცხოვრობ დროში.
რადიო თავისუფლება: რა არის ციხეში ყველაზე რთული - დროის შეცვლილი დინება, იზოლაცია, უსამართლობის განცდა, მოწყენილობა, მონატრება, ცუდი პირობები თუ კიდევ სხვა რამეები, რაც გარეთ მყოფ ადამიანს თავში აზრად არ მოუვა?
ელენე ხოშტარია: ყველაზე რთულია, როდესაც გარეთ ხედავ ისეთ მოვლენებს, სადაც გინდა ჩაერთო. მაგალითად, ქუჩის გადაკეტვას. ერთხელ წამოვხტი, ინსტინქტურად მოვდიოდი, მერე მივხვდი, რომ კარის გასაღები არ მაქვს. მეორე მონატრებაა. ფიზიოლოგიურ დონეზე ვგულისხმობ, გინდა ჩაეხუტო, იგრძნო საყვარელი ადამიანები, მაგრამ ზუსტად მანდ ხვდები, რომ ესაა ის დისკომფორტი, რაც უნდა აიტანო იმ საქმისთვის, რომლისთვისაც ზიხარ.
ასე თუ შეხედავ, უმინიმალურესი დისკომფორტია.
დიახაც, ვერ იქნები კომფორტის ზონაში, როცა ასეთი უბედურებები ხდება და ამას რომ ფიქრობ, ყველანაირი დისკომფორტი ქრება.
რადიო თავისუფლება: ალბათ იზოლაციას მოაქვს ისეთი ფიქრები და შეგრძნებები, რომლებიც მანამდე არ გქონია ან ყურადღებას არ იმსახურებდა. თუ ეს ასეა, რა სიახლეები მოგიტანათ ბოლო თვეებში საკანში ყოფნამ?
ელენე ხოშტარია: სასაცილო რამეები: მაგალითად, იმისთვის, რომ თავი პატიმრად არ ვიგრძნო, ჩემთვის უჩვეულოდ დიდ ყურადღებას ვაქცევ ჩაცმას. დღეში რამდენჯერმე ვიცვლი, ვრეცხავ, ვწესრიგდები, ვარცხნილობაც შევიცვალე.
იმედია, რომ გამოვალ, ეს “სენი” გამეყრება :)
მართლა მჯერა
რადიო თავისუფლება: როგორც უკვე ციხეში წაყენებულმა ბრალმა აჩვენა, ადრე თუ გვიან მაინც დაგიჭერდათ “ოცნება” და თქვენ რაღაცნაირად მოასწარით და “აიძულეთ ის”, უხერხულ საქმეზე დაეჭირეთ - ფაქტზე, რომლითაც სოლიდარობა გამოუხატეთ სტუდენტ გოგოს. როცა ამ ნაბიჯს დგამდით, ფიქრობდით, რომ სხვა “ცოდვებსაც” დაგიმატებდნენ სასჯელის დასამძიმებლად?
ელენე ხოშტარია: იცით, ის, რომ ეს სისტემა დამიჭერდა, ვიცოდი. მოვლენების ლოგიკა მკარნახობდა ამას. თუმცა წარმოდგენა არ მქონდა, როდის და რაზე. არ ვფიქრობდი ამაზე.
დისიდენტების ძალიან კარგი რჩევაა, ACT AS IF YOU ARE FREE!
არასოდეს მიმოქმედია იმის მიხედვით, რას იზამენ ქოცები ან რა რეაქციას გამოიწვევს ჩემი საქციელი.
ამიტომ, როდესაც მეგიზე [მეგი დიასამიძე, სტუდენტი, რომელსაც კახა კალაძის ბანერის დაზიანებას ედავებიან და სისხლის სამართლის დანაშაულზე ასამართლებენ - რ.თ.] სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, მივხვდი, რომ ეს იყო სრული უსამართლობა, რომელსაც თუ არ დაუპირისპირდები, აბა, როგორ იბრძვი.
მხოლოდ დიდ აქციებზე?
მხოლოდ გამოსვლებით?
პოლიტიკოსის პასუხისმგებლობა გკარნახობს, რომ მოქალაქემ სისტემასთან მარტო არ იგრძნოს თავი. ასევე საზოგადოებამ არ უნდა მიიღოს უსამართლო კანონები, როგორც არ მიიღეს რუსული კანონი არასამთავრობო ორგანიზაციებმა, როგორც მოქალაქეები არ იღებენ ნიღბების ამკრძალავ კანონს.
მე ვის უნდა დავლოდებოდი სოლიდარობისთვის, სხვას?
აბა, რისთვის ვარ?
არ ვიცოდი ჩამსვამდნენ თუ არა, მზად ვიყავი, მაგრამ არ ვიცოდი.
მემანიშვილს [გოგა მემანიშვილი, პოლიციის მაღალჩინოსანი - რ.თ.] ერთხელ თავზე დავაცალე (დამსახურებულად) წითელი საღებავი (ლექსო ლაშქარავას ამბებზე). მაშინ არაფერი უქნიათ და “ახლა იზამენ” შიშით შევიცვალო?
რაც უნდა ის ქნან, მე ისე ვმოქმედებ, როგორც სწორი მგონია.
შესაბამისად, გადავდგი ფიქრის შემდეგ ეს ნაბიჯი.
ვიცი, რომ მილიონი ინტერპრეტაცია მოჰყვა. ხალხისგან ვერ მეწყინება, არ არიან ვალდებული ეგრევე ყველაფერში გენდონ. გავა დრო და გამოჩნდება. ჩემი ფიქრები ასეთი იყო.
მერე დამეწია ჩემი ცხოვრების დიდი ჯილდო, რუსული რეჟიმისგან უკრაინასთან კავშირების გამო ბრალდება.
რა უნდა დაგემართოს უკეთესი რუსებთან ბრძოლაში?
ტყუილად არ მიცხოვრია ესე იგი და არც 27 წლის დახვრეტილი ბაბუა შემირცხვენია.
დანარჩენი ძალიან პატარაა ამ ყველაფერთან შედარებით.
ბრძოლა ჯერ მოსაგებია, თვითკმაყოფილების დრო არ არის, თუმცა მგონია, რომ მოგება ინდივიდუალური გადაწყვეტილებებით მოდის და არა სხვისგან მოქმედების მოლოდინით.
მჯერა მოგების. მართლა მჯერა.