სასამართლომ პირველივე სხდომაზე შეწყვიტა კობახიძის წინააღმდეგ ამაღლობელის საჩივრის განხილვა

მზია ამაღლობელის საჩივარი ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა - საქმის განხილვა შეწყდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ შეწყვიტა საქმის წარმოება, რომლის ფარგლებშიც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, სახაროვის პრემიის მფლობელი, პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი ირაკლი კობახიძისგან ცრუ ბრალდებების უარყოფას ითხოვდა.

გადაწყვეტილება დღეს, 24 ნოემბერს, საქმის ფარგლებში გამართულ პირველივე სხდომაზე მიიღო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე დავით აკობიძემ.

მზია ამაღლობელი სასამართლოსგან ითხოვდა, რომ კობახიძეს უარეყო თავისი განცხადებები:

  • 10 ივლისს „იმედის“ ეთერში გასული კომენტარი, სადაც კობახიძე ამბობს: „მათ ჰქონდათ განზრახული საქართველოში ძალოვანი სტრუქტურების დაკნინება იმიტომ, რომ ძალიან კარგად იციან, თუ დაკნინდება ძალოვანი სტრუქტურები, დაკნინდება მთლიანად სახელმწიფო და, რა თქმა უნდა, მზია ამაღლობელმა ამ კუთხით შეასრულა კონკრეტული დაკვეთა... მას ჰქონდა მცდელობა, დაეკნინებინა ძალოვანი სტრუქტურები დაეკნინებინა პოლიცია“;
  • 23 ივლისს აჭარის ტელევიზიაში ნათქვამი: „როდესაც ვიღაც ასეთი ფორმით აყენებს შეურაცხყოფას პოლიციელს, ეს არის ცალსახად, არა მარტო ფორმალურად, არამედ თავისი არსით, სისხლის სამართლის დანაშაულის შესაბამისი ქმედება... დაკვეთა იყო ის, რომ უნდა დაეკნინებინათ უცხოელ აგენტებს ქართული პოლიცია და ქართველი პოლიციელი. სწორედ ამიტომ ვიხილეთ ის, რაც ვიხილეთ“.


დღევანდელ სხდომას მზია ამაღლობელი არ დასწრებია. მას წარმოადგენდა ადვოკატი ანა რეხვიაშვილი, იურიდიული ფირმა BLB-ის პარტნიორი.

ასევე ნახეთ მზია ამაღლობელს მხედველობის შესანარჩუნებლად საჭირო კვლევები და მკურნალობა ამ დრომდე არ უტარდება - საია

„გაგვიკვირდა კიდეც, რომ როდესაც წარმოებაში მიიღო სასამართლომ და სხდომა ჩანიშნა, თუმცა პირველივე სხდომაზე ვნახეთ, რით დაასრულა რეალურად საქმის განხილვა“, - უთხრა ჟურნალისტებს ანა რეხვიაშვილმა.

„სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირებს საშუალება აქვთ, რომ [მზია ამაღლობელთან] დაკავშირებით გაავრცელონ ნებისმიერი ტიპის მცდარი ინფორმაცია, ქალბატონ მზია ამაღლობელს კი ერთმევა შესაძლებლობა არა თუ სამართლიანი სასამართლოს და სამართლიანი განხილვის უფლება ჰქონდეს, არამედ ერთმევა უფლება, რომ სარჩელი აღძრას სასამართლოში და მიაღწიოს მისი სარჩელის შინაარსობრივ განხილვას“, - თქვა მან.

მზია ამაღლობელის მოთხოვნა იყო, ირაკლი კობახიძეს იმავე ტელეკომპანიების ეთერში, იმავე საეთერო დროს უკან წაეღო ეს განცხადებები.

22 ოქტომბერს მზია ამაღლობელს გადაეცა სახაროვის პრემია, - ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო.

დღეს, 24 ნოემბერს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ განაცხადა, რომ ამაღლობელის მხედველობის მდგომარეობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსების შემდგომ „საგრძნობლად გაუარესდა და საგანგაშო ნიშნულზეა“.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ არაერთი მიმართვის მიუხედავად, მას არ უტარდება მკურნალობის დასაგეგმად საჭირო გამოკვლევები.

გასულ სამშაბათს, 18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ (ნიკოლოზ მარგველაშვილი, ნანა ჯოხაძე და მარინა სირაძე) ჟურნალისტი 2-წლიან პატიმრობაში დატოვა.

  • მზია ამაღლობელის ადვოკატები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო სახელაშვილის მიერ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
  • პროკურატურა კი თავდაპირველად წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებულ სასჯელს მოითხოვდა, რომლითაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.
  • მზია ამაღლობელი 12 იანვრის შემდეგ პატიმრობაშია. მას ბათუმის საქალაქო სასამართლომ პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ასევე ნახეთ "თქვენი და ჩვენი თავისუფლებისთვის" - მზია ამაღლობელის გზა