ტუსკმა ეს განცხადება პარლამენტში გამოსვლისას გააკეთა და აღნიშნა, რომ სარკინიგზო ხაზების აფეთქებებში ეჭვმიტანილები პოლონეთში ბელარუსიდან ჩავიდნენ. ერთ-ერთი მათგანი ადრე დონბასში ცხოვრობდა, ხოლო მეორე მაისში გაასამართლეს ლვოვში უკრაინის ტერიტორიაზე დივერსიისთვის.
ტუსკის თქმით, ეს უკრაინელი მამაკაცები რუსეთის დაზვერვასთან თანამშრომლობდნენ. მათ უკვე დატოვეს პოლონეთი და ბელარუსში დაბრუნდნენ. პოლიტიკოსმა დასძინა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ის დამნაშავეების ვინაობას არ ამჟღავნებს.
ტუსკის ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე პოლონეთის სადაზვერვო სამსახურების კოორდინატორის წარმომადგენელმა, იაცეკ დობრჟინსკიმ, განაცხადა, რომ ხელისუფლება ვარშავასთან ახლოს, ქალაქ ჟიჩინთან რკინიგზის აფეთქებას ტერორისტულ თავდასხმად აფასებს.
„ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ამას ახლა დარწმუნებით შეგვიძლია ვუწოდოთ აღმოსავლეთის ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების მიერ მოწყობილი ტერორისტული თავდასხმა“, თქვა მან.
დობრჟინსკიმ აღნიშნა, რომ მას არ შეუძლია გამოძიების დეტალების გამჟღავნება, რადგან „რუსეთის სადაზვერვო სამსახურებს ძალიან სურთ ამ ინფორმაციის მიღება“.
მანამდე, პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარცინ კერვინსკიმ განაცხადა, რომ გამოძიებამ შეაგროვა „უამრავი მტკიცებულება“, რაც მას საშუალებას მისცემს სწრაფად დაადგინოს აფეთქებაში დამნაშავეები. კერვინსკიმ ასევე განაცხადა, რომ ეს, სავარაუდოდ, ტერორისტული თავდასხმა იყო.
რკინიგზის აფეთქება, სავარაუდოდ, შაბათს, 15 ნოემბერს საღამოს მოხდა, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ ორშაბათს, 17 ნოემბერს, დილით გახდა ცნობილი.
ასევე ნახეთ პოლონეთში დივერსიული აქტების შემდეგ ვარშავა რუსული კვალის შესახებ ლაპარაკობს