Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთში დივერსიული აქტების შემდეგ ვარშავა რუსული კვალის შესახებ ლაპარაკობს


პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი (მარჯვნივ) ათვალიერებს აფეთქების შედეგად დაზიანებული რკინიგზის მონაკვეთს ვარშავა-ლუბლინის ხაზზე. მიკა, 17 ნოემბერი.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი (მარჯვნივ) ათვალიერებს აფეთქების შედეგად დაზიანებული რკინიგზის მონაკვეთს ვარშავა-ლუბლინის ხაზზე. მიკა, 17 ნოემბერი.

„ყველაფერი მიანიშნებს“ იმაზე, რომ გასულ შაბათ-კვირას პოლონეთში რკინიგზის აფეთქების ორგანიზატორები არიან რუსეთის სადაზვერვო სამსახურები, რასაც პოლონეთის ხელისუფლება იძიებს როგორც დივერსიის აქტს. ამის შესახებ სამშაბათს განაცხადა პოლონეთის სადაზვერვო სამსახურების კოორდინატორის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იაცეკ დობჟინსკიმ. მისი განცხადება BBC-ს მოჰყავს.

დობრჟინსკის თქმით, ერთ-ერთი მიზეზ დივერსიისა, რომელსაც მსხვერპლი არ მოჰყოლია, შესაძლოა ყოფილიყო იმის მეთვალყურეობა, თუ რა რეაქცია ექნებოდათ მომხდარზე პოლონეთის სადაზვერვო სამსახურებსა დახელისუფლებას. მისი თქმით, დაუშვებელია დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელება, რაც შეიძლება „ტიპური რუსული დეზინფორმაცია“ იყოს. მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა კონკრეტული მტკიცებულებები შეიძლება მიუთითებდეს რუსეთის დივერსიაში მონაწილეობაზე.

პოლონეთის დაზვერვის მინისტრმა მარჩინ კერვინსკიმ გუშინ განაცხადა, რომ არსებობს „ძალიან მაღალი ალბათობა“, რომ აფეთქება „უცხოური სამსახურების“ დავალებით განხორციელდა. მას კონკრეტულად რუსეთი არ უხსენებია.

გუშინ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ვარშავიდან ლუბლინამდე და უკრაინის საზღვრამდე რკინიგზის ხაზზე აფეთქება გამოწვეული იყო „უპრეცედენტო დივერსიული აქტით“ და პირობა დადო, რომ იპოვის დამნაშავეებს „მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის პასუხისმგებელი“. ტუსკმა ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ 16 ნოემბერს ლიანდაგების დაზიანება განზრახ ჩადენილი ქმედება იყო და შესაძლოა, მატარებლის ლიანდაგიდან გადავარდნა და მსხვერპლი გამოეწვია.

საერთო ჯამში, ვარშავა-ლუბლინის ხაზზე რკინიგზის დაზიანება ორ ადგილას დაფიქსირდა. მიკის რაიონში აფეთქდა ლიანდაგის ერთი მონაკვეთი. მატარებლის მემანქანემ დაზიანება შენიშნა და მაზოვიეცის სავოევოდოს პოლიციას შეატყობინა. პოლიციამ დააზუსტა, რომ მატარებელში ორი მგზავრი და რამდენიმე მუშა იმყოფებოდა. არცერთი მათგანი არ დაშავებულა.

გარდა ამისა, პულავის რაიონში, იმავე ხაზზე, ელექტროგაყვანილობა დაზიანდა, ასევე წინაღობა გაკეთდა რელსებზე.

უკანასკნელ წლებში პოლონეთში ხანძრისა და დივერსიის სერიოზული ინციდენტების სერია მოხდა, რაშიც გამომძიებლები და მთავრობის წარმომადგენლები რუსეთის სადაზვერვო სამსახურებს ადანაშაულებენ. ვარშავა ამ ინციდენტებს მიიჩნევს დასავლეთთან მოსკოვის ე.წ. ჰიბრიდული ომის ნაწილად.

ივლისში პოლონეთის ხელისუფლებამ დააკავა 32 პირი, რომლებიც რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან თანამშრომლობაში იყვნენ ეჭვმიტანილი ქვეყანაში საბოტაჟის აქტების ორგანიზების მიზნით. დანაშაულებრივ ჯგუფში შედიოდნენ პოლონეთის, რუსეთის, უკრაინის, ბელარუსისა და კოლუმბიის მოქალაქეები. პოლონეთის შინაგანი უსაფრთხოების სააგენტოს ცნობით, დანაშაულები ჩადენილი ან დაგეგმილი იყო რუსეთის დაზვერვის თანამშრომლების მითითებით.

რუსეთი უარყოფს პოლონეთში დივერსიისა და საბოტაჟის აქტებში მონაწილეობის ბრალდებებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვარშავის ბრალდებებს დაუსაბუთებელს უწოდებს და ამბობს, რომ მათი მიზანია ქვეყნებს შორის დაძაბულობის ესკალაცია.


ფორუმი

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG