Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის პრემიერმა „დივერსიის აქტი" უწოდა უკრაინასთან დამაკავშირებელი რკინიგზის დაზიანებას


პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი(მარჯვნიდან მეორე) 17 ნოემბერს იმყოფებოდა იმ რაიონში, სადაც რკინიგზაა დაზიანებული
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი(მარჯვნიდან მეორე) 17 ნოემბერს იმყოფებოდა იმ რაიონში, სადაც რკინიგზაა დაზიანებული

პოლონეთში აფეთქების შედეგად დაზიანებულია რკინიგზის მონაკვეთი იმ მაგისტრალზე, რომელიც ქვეყანას უკრაინასთან აკავშირებს.

დემბლინი-ვარშავის სარკინიგზო ხაზზე დაზიანება 16 ნოემბერს შენიშნა ერთ-ერთი მატარებლის მემანქანემ და პოლიციას შეატყობინა. მიმდინარეობს გამოძიება.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა, რომელიც ინციდენტის რაიონში დღეს, 17 ნოემბერს იმყოფებოდა, სოციალურ ქსელ X-ში ვიდეო გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ რკინიგზაზე „დივერსიის აქტი" მოხდა.

ინგლისურენოვან პოსტში ტუსკი რკინიგზაზე მომხდარ აფეთქებას აფასებს „საბოტაჟის უპრეცედენტო აქტად“, რომელიც მიმართულია პოლონეთის სახელმწიფოსა და მისი მოსახლეობის წინააღმდეგ.

ტუსკი ხაზს უსვამს იმასაც, რომ ამ სარკინიგზო მარშრუტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი პირობას დებს, რომ დამნაშავეებს დააკავებენ.

ევროკავშირის სახელმწიფოთა სპეცსამსახურების თანახმად, ბოლო პერიოდში გააქტიურდნენ რუსეთის დაკვეთით მოქმედი ე.წ. ერთჯერადი აგენტები, რომლებსაც დავალებული აქვთ დივერსიისა და საბოტაჟის აქტების მოწყობა. მოსკოვი მსგავს ბრალდებებს უარყოფს.

ბოლო ხანს ევროკავშირის ქვეყნებში გახშირდა რკინიგზის განზრახ დაზიანების ფაქტებიც.






ფორუმი

XS
SM
MD
LG