დაზიანებული გემები, ხანძრები - რუსეთის ჯარებმა ოდესის ოლქზე მასირებული შეტევა მიიტანეს

უკრაინელი მეხანძრეები აქრობენ ოდესის ოლქზე რუსული დრონებით შეტევის შედეგად გამოწვეულ ხანძარს(საილუსტრაციო ფოტო)

რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის ოდესის ოლქზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, აფეთქებები იყო რამდენიმე ქალაქში, სადაც დაზიანებულია ენერგეტიკული და საპორტო ინფრასტრუქტურა.

ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ტელეგრამ-არხზე 17 ნოემბერს, დილით გამოქვეყნებული ცნობით, დაზიანებულია რამდენიმე სამოქალაქო გემიც. კონკრეტულად რომელი გემები და რომელ პორტებში, ადმინისტრაცია არ ამბობს.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, რუსული დრონებით შეტევამ, რომელიც ოდესის ოლქში გასული ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, ხანძრები გამოიწვია საპორტო და ენერგოობიექტებზე. დაშავდა ერთი ადამიანი.

უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად სატრანსპორტო საწარმო დაზიანდა დნეპროპეტროვსკის ოლქის პავლოგრადის რაიონში. ამის შესახებ ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია იუწყება.

ასევე ნახეთ ხარკოვის ოლქში მსხვერპლია რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად

უკრაინის საჰაერო ძალების მიერ სოციალური ქსელებით დილით გავრცელებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 2 ბალისტიკური რაკეტით „ისკანდერ-მ“ და 128 უპილოტო საფრენი აპარატით, მათგან 80-მდე ე.წ. შაჰედით.

საჰაერო ძალების თანახმად, ადგილობრივი დროით დილის ცხრა საათისთვის დადასტურებული იყო უკრაინის ჩრდილოეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთ რაიონებში 91 რუსული დრონის მოგერიება და 32-ით პირდაპირი დარტყმა 15 ადგილზე. სარდლობა ადასტურებს ორ ადგილზე ორი რუსული რაკეტით პირდაპირ დარტყმასაც.

ასევე ნახეთ “ეს იქნება ძალიან, ძალიან რთული პერიოდი” - ნილ ჰაუერი. უკრაინის ფრონტის რეალობა