სოხუმში დაკრძალვაზე ხუთი ადამიანი დაჭრეს. მათ შორის ადგილობრივი კრიმინალური ავტორიტეტი. საზოგადოების ნაწილისთვის მომხდარი კრიმინალურ კლანებს შორის ხანგრძლივი დაპირისპირებისა და დე ფაქტო რესპუბლიკაში სიტუაციაზე ე.წ. მთავრობის კონტროლის ჩამოშლის სიმბოლოდ იქცა.
სროლა გასვენებაში
11 ნოემბერს სოხუმში გენადი ადლეიბას კრძალავდნენ. როგორც ამის შესახებ წერდა ტელეგრამის ერთ-ერთი არხი, ადლეიბას ე.წ. ქურდულ სამყაროში ქალაქის "მაყურებლად" მოიხსენიებდნენ.
მიტოვებული სახლიდან სამგლოვიარო პროცესიის მიმართულებით სროლა 13:20 საათზე დაიწყო. გამოძიების მონაცემებით, სულ მცირე, სამჯერ გაისროლეს. დაიჭრა ხუთი ადამიანი. მათ შორის იყო აფხაზეთის კრიმინალური სამყაროს მეთაური, 59 წლის რაულ ბარცბა - ის ცნობილია „კანონიერი ქურდის“, "პიზას" სახელით. ადგილობრივი Telegram-ის არხები ვარაუდობენ, რომ თავდასხმის მთავარი სამიზნე ის იყო.
ასევე ნახეთ ოკუპირებულ აფხაზეთში 5 ადამიანია დაჭრილი ორმხრივი სროლის შედეგადსამედიცინო დასკვნების თანახმად, სროლის შედეგად დაჭრილებს შემდეგი სახის დაზიანებები აღენიშნებოდათ: თავის ქალის გამჭოლი ჭრილობა, მუცლის ღრუს გამჭოლი ჭრილობა, მარჯვენა მკლავის გამჭოლი ჭრილობა, სახის ძვლების ჭრილობა და ჭრილობა გულმკერდის არეში. "ჯანდაცვის მინისტრის", ედუარდ ბუტბას თქმით, ორი პაციენტის მდგომარეობა შეფასებულია, როგორც უკიდურესად მძიმე, ხოლო სამის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მიტოვებულ შენობაში, საიდანაც სროლა დაიწყო, გამომძიებლებმა მხოლოდ მსროლელის ნიღაბს და ხელთათმანებს მიაგნეს. დე ფაქტო რესპუბლიკის "პრეზიდენტმა", ბადრა გუნბამ სიტუაცია პირად კონტროლზე აიყვანა.
ბრძოლა გავლენისთვის
ტელეგრამის არხის, Прайм Крайм-ის მიერ გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით, დაკრძალვაზე სროლა რაულ ბარცბას „პროფესიულ საქმიანობას“ უკავშირდებოდა.
„ბოლო ადამიანი, ვინც მისგან დაზარალდა - ამ ზაფხულს ქურდის სახელი ჩამოართვეს - "კანონიერი ქურდი" ტემურ კაპბა, იგივე "გული" იყო",- წერს Telegram-ის არხი.
"Прайм Крайм-ი ონლაინ რესურსია, რომელიც კრიმინალურ თემებს შეეხება. წერს კრიმინალური სამყაროს და "კანონიერი ქურდების" საქმიანობაზე. გვერდი აქვეყნებს მასალებს ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების, შიდა კონფლიქტების, "კორონაციებისა" და "შეკრებების" შესახებ, ასევე საარქივო მასალებსა და ფოტოებს, რომლებიც ციხეს და დანაშაულებრივ სამყაროს უკავშირდება.
წელს ივლისში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "გული" დაუპატიჟებლად მივიდა იახტაზე, სადაც გუდაუთის კლანის ლიდერი, "პიზა", შეხვედრას (ე.წ. სხოდკას ) მართავდა. დაძაბული საუბრის შემდეგ "გული" "პიზას" დანით დაესხა თავს, თუმცა განაიარაღეს, სცემეს და იახტიდან წყალში გადააგდეს. ტემურ კაპბამ რამდენიმე დღე საავადმყოფოში გაატარა. ინციდენტის შემდეგ პირველად ის თანამოაზრეებით გარშემორტყმული ნახეს სასაფლაოზე ნახეს, სადაც წარსულში ცნობილი აფხაზი კრიმინალური ავტორიტეტის, თენგიზ ლაკერბაიას ხსოვნის პატივსაცემად იმყოფებოდა. კადრებში ჩანდა, რომ "გული" ხელჯოხს იყენებდა.
ტემურ კაპბა ცენტრში ხელჯოხით
"კანონიერ ქურდებს", რაულ ბარცბასა და ტემურ კაპბას, შორის კონფლიქტი, ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი შიდააფხაზური კრიმინალური დაპირისპირებაა. კონფლიქტის მთავარ მიზეზად მიიჩნევა აფხაზეთზე კონტროლისთვის და კრიმინალური ფინანსური ნაკადებისთვის ბრძოლა.
კონფლიქტი გამწვავდა 2024 წელს, როდესაც ტემურ კაპბამ, რომელიც მანამდე თურქეთსა და რუსეთში იყო დამკვიდრებული, აფხაზეთში გავლენის აღდგენა გადაწყვიტა. იმ დროს რაულ ბარცბა უკვე ითვლებოდა რეგიონის მთავარ კრიმინალურ ავტორიტეტად, რომელიც ძირითად ჩრდილოვან სქემებს აკონტროლებდა.
"პიზა" და "გული" სხვადასხვა ყაიდის ხალხია - პირველი მათგანი "ქურდი" გახდა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს და შესაბამისი გამოცდილებაც აქვს. დღეს იქ, აფხაზეთში, ის ნომერ პირველია. "გული" თავიდანვე დიდი კონფლიქტის პროდუქტი იყო, 2013 წელს ის ერთმა მხარემ მეორის წინააღმდეგ "აკურთხა“. „დღეს "გულის" „ნათლიები“ "ქურდულ სამყაროში" ყველაზე სუსტები არიან", - აღნიშნა Прайм Крайм-ის რედაქტორმა ლილია ხარინამ Lenta.ru-სთან ინტერვიუში.
აღსანიშნავია, რომ ბარცბას ერთ-ერთ მტრად მიიჩნევა "კანონიერი ქურდი" მერაბ ჯანგველაძე, რომელიც ცნობილია "მერაბ სუხუმსკის" სახელით, - გავლენიანი სოხუმური კლანის ლიდერი ამჟამად იტალიაში ცხოვრობს. მისი სახელი გაჟღერდა თბილისის ცენტრში მომხდარი შეკვეთილი მკვლელობის შემდეგ: მისი ძმა, ლევან ჯანგველაძე, თბილისში მოკლეს, როდესაც დაკრძალვიდან მოდიოდა.
2024 წლის მაისში სოციალურ ქსელში გამოჩნდა აუდიოჩანაწერი, რომელსაც "გული" თავისი საძმოს წევრს, თემურ გვასალიას, (თემო მაკოლია) უგზავნიდა. მასში "გული" ბარცბას აკრიტიკებდა, "ქურდული ტრადიციების" ღალატსა და თვითნებურ მოქმედებებში ადანაშაულებდა და ამბობდა, რომ მის ხელებზე „ქურდების სისხლია“. ეს სიტყვები კრიმინალურ სამყაროში სერიოზულ შეურაცხყოფად აღიქვეს, რის მერეც დიდი და ღია კონფლიქტი დაიწყო.
გარკვეული დროის შემდეგ, "გულიმ" აფხაზეთის კრიმინალური სამყაროს ლიდერი "პიზა" პირდაპირ დაადანაშაულა აფხაზეთის ქუჩებში „განხეთქილებისა და ქაოსის“ გამოწვევაში.
"ამ ეშმაკს რაულ პიზა ჰქვია. მისმა პირადმა ამბიციებმა მიიყვანა მდგომარეობა იმ დონემდე, რასაც დღეს ქუჩაში ხედავთ. სადაც პიზას სახელია, იქ განხეთქილება, ქაოსი და სისხლისღვრაა. ყველას გახსოვთ, რა იყო მანამდე და რა არის დღეს“, - ნათქვამია თემურ კაპბას "ქურდულ პრაგონში" ("პრაგონი" ერთგვარი მიმართვა).
„ქურდული პრაგონი" არის გავლენიანი ქურდის მიმართვა, გზავნილი პატიმრებისადმი, რომელიც განმარტავს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისინი ციხეში ან კრიმინალურ გარემოში, შეახსენებს მათ „წესების“ დაცვას და მიუთითებს მათზე, ვინც უნდა დაისაჯოს დანაშაულის ან ქურდული ცხოვრების ღალატისთვის. "პრაგონს" ინსტრუქციის, კონტროლისა და გაფრთხილების დანიშნულება აქვს.
მედიის ცნობით, "პრაგონის" წერისას ტემურ კაპბა უკვე დასუსტებული იყო - 2023 წელს, ზაქარია კალაშოვთან ("შაქრო მოლოდოი") დაახლოებული ავტორიტეტების გადაწყვეტილებით, მას ჩამოერთვა "კანონიერი ქურდის" სტატუსი, რამაც მისი პოზიცია სერიოზულად შეარყია. 2025 წლის გაზაფხულზე აფხაზეთში დაბრუნების შემდეგ, მან გავლენის აღდგენა სცადა, მაგრამ შავ ზღვაში იახტაზე მომხდარმა ინციდენტმა ეს გეგმები ჩაშალა. ერთი ვერსიით, დაკრძალვაზე სროლა შეიძლება სწორედ "პიზას" წინააღმდეგ შურისძიების მცდელობა ყოფილიყო.
"ისევ დაღვრილი სისხლი"
მომხდარს მოჰყვა პოლიტიკური დებატები აფხაზეთში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. პარტიებმა და მოძრაობებმა "შინაგან საქმეთა მინისტრის", რობერტ კიუტის გადადგომა მოითხოვეს და განაცხადეს, რომ „აფხაზეთის დედაქალაქში ისევ დაღვრილი სისხლი უსაფრთხოების სისტემის დეგრადაციის ნათელი დასტურია“.
„ყოველი ასეთი ინციდენტი განაჩენია სამართალდამცავი ორგანოების მართვის ამჟამინდელი მოდელისთვის. სამართალდამცავი ორგანოების მოვალეობა დანაშაულის აღკვეთაა. უაზრო რეიდებს, საჩვენებელ ანგარიშებსა და ფორმალურ პრესრელიზებს არაფერი აქვთ საერთო დანაშაულის წინააღმდეგ რეალურ ბრძოლასთან. „წარმატებული ანგარიშების“ ფასადის მიღმა მმართველობის პარალიზება და შეიარაღებული კრიმინალური დაჯგუფებების დაუსჯელობა იმალება. დღეს აფხაზეთის მოქალაქეები მუდმივ შიშში ცხოვრობენ. ხალხი თავს დაცულად ვერც ქუჩებში ვერ გრძნობს და ვერც საკუთარ სახლებში. აფხაზეთი ვერ შეეგუება დანაშაულის ნორმად ქცევას. ყოველი დაუსჯელი გასროლა დარტყმაა ქვეყნის მომავლისთვის“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
Telegram-ის ოპოზიციური არხი RESPUBLICA მთავრობის კრიტიკას იზიარებს და ამბობს, რომ კრიმინალურ კლანებს შორის სისხლიანი დაპირისპირება აფხაზეთში ექვს წელზე მეტია გრძელდება. არხი იხსენებს 2019 წელს სანაპიროზე მომხდარ ამბავს, როდესაც სამი ადამიანი მოკლეს.
ექვსი წლის წინ სოხუმში, სანაპიროზე, რესტორან „სან-რემოს“ შესასვლელთან შეიარაღებულმა ჯგუფმა დახოცა კრიმინალური ავტორიტეტები ასტამურ შამბა ("ასტიკა") და ალხას ავიძბა ("ხასიკა"). ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებისგან დაიღუპა მიმტანი დომინიკ აკირტავაც. RESPUBLICA-წერს, რომ დაძაბულობამ მას შემდეგ მხოლოდ იმატა.
"ერთმანეთის მიყოლებით ხდება თავხედური დანაშაულები - აფხაზური ტრადიციებისა და ღირსების პატივისცემის გარეშე. ყოველთვის უღირსად ითვლებოდა მტრის წინააღმდეგ ხელის აღმართვა მის სახლში, მით უმეტეს, დაკრძალვის ცერემონიაზე ყოფნისას. დღეს საზღვრები წაშლილია. საიდუმლო არ არის, თუ რა ძალები არიან ჩართული ამ სისხლიან გარჩევაში. სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობაა ასეთი შეტაკებების აღკვეთა. თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ამ ქაოსში ჩართული ყველა პირი დიდი ხნის წინ ციხეში უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს შესაძლებელია, როცა მთავრობა კონფლიქტზე მაღლა დგას და არა შიგნით. აფხაზეთში კი ამასთან დაკავშირებით დიდი ხანია პრობლემებია“.
პროსამთავრობო Telegram-არხები პრობლემის სათავეს სხვაგან ხედავენ - ოპოზიციის მიერ იარაღის ტარების ამკრძალავი კანონპროექტების განზრახ საბოტაჟში.
„ოპოზიცია წლების განმავლობაში ბლოკავს აუცილებელ კანონპროექტებს, რაც კრიმინალური საქმიანობისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. და რატომ? ისინი თავად არიან ამასთან დაკავშირებულნი - უბრალოდ წაიკითხეთ ჩვენი გამოძიებები კრიმინალურ-ოპოზიციური სიმსივნის შესახებ, როგორც აფხაზეთის პოლიტიკის მთავარი სენზე. იქ მოთხრობილია ადგურ არძინბას სინდიკატზე, რომელშიც მთავარ როლს ასრულებს პატიმრობაში მყოფი კრიმინალური ავტორიტეტი პაჩაკი“, - წერს Insider Абхазия.
1 მარტს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დროს, გაგრის რაიონში საარჩევნო უბანში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. პოლიციამ ათი ადამიანი დააკავა, მათ შორის ოპოზიციური კანდიდატის, ადგურ არძინბას ბიძაშვილი ადამურ პაჩალია, რომელიც ცნობილია „პაჩახის“ სახელით.
აფხაზეთში კრიმინალური გარჩევები ხშირია. სოხუმში ხშირად ისვრიან. 2024 წლის დეკემბერში პარლამენტის შენობაში სროლისას, დაიღუპა დეპუტატი ვახტანგ გოლანძია, ოპოზიციის წევრი კან კვარჩია კი დაიჭრა. მსროლელის, პარლამენტის ყოფილი წევრის, ადგურ ხარაზიას დაკავება მხოლოდ შვიდი თვის შემდეგ მოხერხდა.
პარლამენტში მომხდარიდან ერთ თვეც არ იყო გასული, სოხუმში, კაფე „ბისკვიტში“, სამი ადამიანი მოკლეს. საქმეზე დააკავეს ქალაქის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, 41 წლის ასლან დოჩია.
დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ სიტუაციის სტაბილიზაციამდე მოქალაქეებს ისღა დარჩენიათ, თავად დაიცვან სიფრთხილე.
ასევე ნახეთ აფხაზური პასპორტის ფერფლი