ევაკუაცია, შესაძლოა, მილიონზე მეტ ადამიანს შეეხოს - წერს Reuters.
სააგენტოს მონაცემებით, ბალტიის სახელმწიფოები ჯერ კიდევ მაისში შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე სამოქალაქო თავდაცვის სფეროში. მიმდინარე კვირაში ლიეტუვაში ჩატარდა სწავლება, რომელიც ითვალისწინებდა ვილნიუსიდან ასი ადამიანის ევაკუაციას. რეალური გეგმები ბევრად უფრო მეტი პირის ევაკუაციას მოიცავს - აცნობეს სააგენტოს გამოკითხულმა ოფიციალურმა პირებმა.
ლატვიის პროგნოზით, რუსეთის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში სახლები შესაძლოა დატოვოს ქვეყნის 1.9 მილიონი მოსახლის მესამედმა. ესტონეთის გეგმა ითვალისწინებს 1.4 მილიონი მოსახლის მეათედის განთავსებას დროებით თავშესაფრებში.
ლიეტუვის გეგმით, 300 ათასი ადამიანი განთავსდება სკოლების, უნივერსიტეტების, ეკლესიების შენობებში და ქალაქ კაუნასის არენაზე. ქვეყნის სახანძრო სამსახურების თანამშრომლების ინფორმაციით, უკვე შერჩეულია მოსახლეობის შეკრების პუნქტები, მათ შორის ვილნიუსში, ხოლო საწყობებში შექმნილია აუცილებელი მარაგები.
️ევროპის სახელმწიფოთა სადაზვერვო სამსახურები არ გამორიცხავდნენ რუსეთის თავდასხმას ბალტიის სახელმწიფოებზე, შემდეგი რამდენიმე წელიწადის განმავლობაში. ნატოს გენერალური მდივანი, მარკ რიუტე სექტემბერში გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რუსეთი და ჩინეთი ემზადებიან გრძელვადიანი კონფრონტაციისთვის.
ასევე ნახეთ ნატო რუსეთს აფრთხილებს, რომ საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევაში თავის დასაცავად ყველა საშუალებას გამოიყენებს