Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო რუსეთს აფრთხილებს, რომ საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევაში თავის დასაცავად ყველა საშუალებას გამოიყენებს


ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე
ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე

სამშაბათს ნატომ რუსეთი გააფრთხილა, რომ თვის დასაწყისში პოლონეთის თავზე რუსული დრონების ჩამოგდებისა და გასულ კვირას ესტონეთის ტერიტორიაზე რუსული გამანადგურებლების შეჭრის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ის ყველა საშუალებას გამოიყენებს საჰაერო სივრცის ნებისმიერი შემდგომი დარღვევისგან დასაცავად.

20 სექტემბერს ესტონეთმა განაცხადა, რომ რუსეთის სამმა მოიერიშე თვითმფრინავმა დაარღვია ქვეყნის საჰაერო სივრცე, 9-10 სექტემბრის ღამეს კი პოლონეთის საჰაერო სივრცე მინიმუმ 19-მა რუსულმა დრონმა დაარღვია.

„რუსეთს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს: ნატო და მოკავშირეები, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, გამოიყენებენ ყველა საჭირო სამხედრო და არასამხედრო ინსტრუმენტს საკუთარი თავის დასაცავად და ყველა მიმართულებით ყველა საფრთხის შესაკავებლად“, - ნათქვამია ალიანსის განცხადებაში.

კითხვაზე, ჩამოაგდებენ თუ არა საეჭვო თვითმფრინავს, ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ განაცხადა, რომ ეს დამოკიდებული იქნება „ხელმისაწვდომ დაზვერვაზე თვითმფრინავის მიერ წარმოქმნილი საფრთხის შესახებ, მათ შორის კითხვებზე, რომლებზეც პასუხის გაცემა მოგვიწევს, როგორიცაა განზრახვა, შეიარაღება და მოკავშირეების, ძალების, მშვიდობიანი მოსახლეობის ან ინფრასტრუქტურის პოტენციური რისკი“.

ორშაბათს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთი „განხილვის გარეშე“ ჩამოაგდებს მფრინავ ობიექტებს, თუ ისინი პოლონეთის ტერიტორიას დაარღვევენ.

ნატოს მიდგომა სხვაგვარია. „ჩვენ ყოველთვის შევაფასებთ სიტუაციას, შევაფასებთ თვითმფრინავის მიერ წარმოდგენილ უშუალო საფრთხეს“, - თქვა რიუტემ.

ნატოს განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც ესტონეთმა მოითხოვა კონსულტაციები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად, რომელიც ალიანსის ნებისმიერ წევრს საშუალებას აძლევს მოითხოვოს შეხვედრა, თუ მიაჩნია, რომ მისი ტერიტორიული მთლიანობა, პოლიტიკური დამოუკიდებლობა ან უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა.

რიუტემ თქვა, რომ მეოთხე მუხლის ინიციირება „აბსოლუტურად გამართლებული“ იყო.

მან ასევე განაცხადა, რომ „ნაადრევია იმის თქმა“, დაკავშირებული იყო თუ არა რუსეთთან კოპენჰაგენის აეროპორტში ღამით მომხდარი ინციდენტი, როდესაც სკანდინავიის უდიდესი აეროპორტის საჰაერო სივრცე რამდენიმე საათით დაიხურა უცნობი უპილოტო საფრენი აპარატების გამო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG