22:30 - განახლება: შსს-ის ბრიფინგის თანახმად, დღეს ამ საქმეზე, ჩახუნაშვილის გარდა, კიდევ შვიდი ადამიანი დააკავეს.
ამ საქმეზე დაკავებულთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა. პოლიცია კიდევ ოთხს ეძებს.
23:45 - განახლება: გიორგი ჩახუნაშვილის მეუღლემ დაკავებამდე მცირე ხნით ადრე, ბინაში პოლიციის ყოფნის დროს ვიდეო გადაიღო.
გიორგი ჩახუნაშვილი ამბობს:
„არ ვეთანხმები [წარდგენილ ბრალს]. მივყვები [პოლიციას]. არაფერი გულდასაწყვეტი არ არის. გასაგებია. სამშობლო მიყვარდა დღემდე. დღესაც მიყვარს და ხვალაც მეყვარება“...
„მშვიდობიანი აქცია იყო ისა, არავის არაფრის გადატრიალება და გადმოტრიალება არ უნდოდა, ამას არ ვეთანხმები“...
„ის 350 000 ოჯახი, რომელიც მე მყავს უფასოდ გასინჯული, თავის დასკვნებს გააკეთებს“...
„ბავშვებო, ახალგაზრდებო, არაფერი არ არის დაგვიანებული“...
„საქართველო აუცილებლად იქნება ევროატლანტიკური დიდი ოჯახის წევრი. თქვენ რა შუაში ხართ. გასაგებია“, - ეუბნება ის პოლიციელებს.
„მე რა გზითაც გავიზარდე, კომუნისტური წყობის დროსაც ვიცავდი საქართველოს, გავიარე დიდი გზა, დღესაც შემიძლია, რომ გავიარო დიდი გზა. ასე რომ, მე დათრგუნული არა ვარ. სამშობლოსათვის ვიბრძოდით, დღესაც ვიბრძოლებ. რამდენსაც მომისჯიან“...
ასევე ნახეთ ექიმი, არქიტექტორი და კიდევ 6 ადამიანი - 44-მდე გაიზარდა 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულთა რაოდენობაშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ამ წუთებში (21:45) იმყოფებიან ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე მდებარე კორპუსში, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის ბინაში.
მისი ვაჟი, კოტე ჩახუნაშვილი, - რომელიც აქციების აქტიური მონაწილეა, - წერს, რომ გიორგი ჩახუნაშვილს აპატიმრებენ.
ბინასთან უკვე შეკრებილები არიან ჟურნალისტები და ჩახუნაშვილის მხარდამჭერები.
71 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი არის პედიატრი, ბავშვთა კარდიოლოგი-რევმატოლოგი.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შსს-ის პრესცენტრს კითხვით, აკავებენ თუ არა ჩახუნაშვილს და რასთან დაკავშირებით იმყოფებიან სამართალდამცავები მასთან სახლში. პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.
შსს-ს 22:30 საათზე მორიგი ბრიფინგი აქვს დანიშნული.
წინა დღეებში შსს-ის ბრიფინგებზე ცნობილი გახდა, რომ არაერთი ადამიანი დააკავეს ოთხი ოქტომბრის საქმეზე.
კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ საქმეზე 36 ადამიანია დაკავებული.
მათ შორის არიან 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორები - პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე და ლაშა ბერიძე.
ინფორმაცია განახლდა