პატიმრობის შუამდგომლობით მოსამართლეს პროკურორმა გიორგი გოგალაძემ მიმართა.
34 წლის ბრალდებულის საზოგადოებრივმა ადვოკატმა დალი თუშიშვილმა ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება მოითხოვა.
მალხაზ გიგუაშვილს ბრალად ედება პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"5 ოქტომბერს, თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა პოლიციის თანამშრომელს - პატრულ ინსპექტორს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სიცოცხლის მოსპობის მიზნით, კისრის არეში ჭრილობა მიაყენა.
ბრალდებულმა განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო, შემთხვევის ადგილზე მყოფი სხვა პოლიციელების მხრიდან დანაშაულის აღკვეთისა და დაზარალებულისთვის აღმოჩენილი დროული სამედიცინო დახმარების გამო".
რა თქვა ბრალდებულმა?
34 წლის ბრალდებულმა მოსამართლეს განუცხადა, რომ მას არ სურდა ადვოკატი და საკუთარ ინტერესებს ის თავად დაიცავდა. სასამართლო სხდომაზე მან ადვოკატის აცილება მოითხოვა:
"მოსამართლეს არაფერს ვერჩი, პროკურორიც იყოს, ვინც არის. რაც შეეხება ადვოკატს, ეს ქალბატონი დანიშნულია სახელმწიფოს მიერ, მე არ ამირჩევია, მე ვაპირებ, რომ თავად წარვადგინო ჩემი სიმართლე თუ ტყუილი. მე არ მჭირდება ეს ადვოკატი. მე ვაპირებ, რომ ამ სხდომაზე ჩემი თავი თავად წარმოვაჩინო და შემდეგში შევარჩევ ადვოკატს", - მიმართა მან მოსამართლეს.
მოსამართლემ ბრალდებულს განუმარტა, რომ გამოძიების მიერ გამოტანილია დადგენილება მის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების შესახებ, ამასთანავე, ბრალი, რომელიც მას აქვს წარდგენილი, უვადო პატიმრობასაც ითვალისწინებს და შესაბამისად, "ეს ფაქტორები გულისხმობს ადვოკატის სავალდებულო დანიშვნას და მე ადვოკატს დარბაზიდან ვერ გავათავისუფლებ".
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ მალხაზ გიგუაშვილის წერდა საკუთარ ფეისბუკ-გვერდზეც გასულ ზაფხულში: "ფსიქიატრიულში რომ გამომკეტეს"...
7 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ ბრალდებულის ოჯახის წევრებიც. მათი თქმით, მალხაზ გიგუაშვილს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები 4 წლის წინ დაეწყო და პერიოდულად, კლინიკაში მკურნალობა უწევს.
მალხაზ გიგუაშვილმა სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ ბრალს არ აღიარებს, თუმცა, მზადაა ითანამშრომლოს გამოძიებასთან:
"მე რა ზემოქმედება უნდა მოვახდინო მოწმეებზე, ან რა ფაქტების განადგურება? არ ვიცი, ვინ არიან ეს პოლიციელები. ვერ ვხდები, სად უნდა მივიმალო, მომხრე ვარ და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ვითანამშრომლო გამოძიებასთან და სასამართლოსთან და ყველაფერი გავიარო მათთან ერთად. მე არსად მიმალვას არ ვაპირებ, ერთი მანქანა მყავს, მაგ მანქანაში ვცხოვრობ, ანგარიშზე მაქვს 400 ლარამდე, არსად გაპარვას არ ვაპირებ. გამოვიძიოთ ეს საქმე ყველამ ერთად, მე არ ვთვლი, რომ დამნაშავე ვარ".
გიგუაშვილის თქმით, დაკავებისას, სამართალდამცავებმა მასზე იძალადეს:
"ძალიან ბევრ უკანონობას ჰქონდა ადგილი. ბევრნი შემომესივნენ, საპატრულო ეკიპაჟები. დამაკავეს, მერე ცემა-ცემით ხომ წამიყვანეს, სახეში მირტყეს, თმა დამაწიწკნეს, ხელებზე მაქვს დაზიანებები, მკლავზე მაქვს. გავიხადო, გაჩვენო?
იმდენი იყვნენ, შეიძლება ყველა ვერც ამოვიცნო. დაახლოებით 4-5 ადამიანი მირტყამდა. ერთმა მანქანაში რომ ჩამტენა, ზევიდან მეჯდა და მირტყამდა მუშტებს. მოდიოდნენ, მაგინებდნენ, წამომარტყამდნენ, პარტია-პარტია. სანამ შუშებიან შენობამდე მიმიყვანდნენ, გზაში მცემდნენ. სურათებია გადაღებული, დასიებული ვიყავი, გარკვეული დრო რომ გავიდა, ჩაცხრა. მთლიანი ტანი მტკივა, მთლიანი სხეული. ექიმი არ მომითხოვია. ვიღაც ექსპერტი მოვიდა, დნმ-ს მთხოვდნენ. ტანსაცმელი მეცვა, ისიც გამხადეს ყველაფერი, გაურკვეველი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი მომიტანეს, რომელიც ჩემი არ არის".
როგორ ვითარდებოდა მოვლენები დაკავებამდე?
დაკავებამდე მალხაზ გიგუაშვილი რამდენჯერმე არ დაემორჩილა პოლიციელების მითითებებს. ის რამდენჯერმე გავიდა ფეისბუკზე პირდაპირ ეთერში, სადაც ჩანს, რომ პოლიციელებს აჩვენებს ცივ იარაღს, თუმცა, ისინი ბრალდებულს წასვლის უფლებას აძლევენ.
პირდაპირ ეთერში მოხვდა პოლიციელის დაჭრის ეპიზოდიც.
მალხაზ გიგუაშვილის ფეისბუკის თანახმადვე, ის 3 ოქტომბერს მივიდა თბილისში „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო აქციაზე, სადაც აქციის მონაწილეებთან კონტაქტში შევიდა და სიტყვიერად დაუპირისპირდა:
„ბოლოს ვუთხარი, ვისაც საქართველოსთვის ცუდი უნდა, ყველას დედას შე*ეცი-მეთქი“, - წერს ის. ინციდენტს ადასტურებენ დემონსტრანტებიც.
ამ ინფორმაციას ადასტურებენ აქციის მონაწილეებიც, რომლებიც ამბობენ, რომ მალხაზ გიგუაშვილი 2 და 3 ოქტომბერს იმყოფებოდა რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე, იქცეოდა საეჭვოდ. მათივე თქმით, დაინახე, რომ ბრალდებულს, სავარაუდოდ, დანა ჰქონდა, ამის შესახებ შეატყობინეს იქვე მყოფ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, რომლებმაც გასაუბრების შემდეგ, მალხაზ გიგუაშვილს ტერიტორიის დატოვება სთხოვეს და სხვა არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ.
ამის შესახებ საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე წერდა თავად მალხაზ გიგუაშვილიც:
„დამიწყეს გამოკითხვა. საბუთებიც ვაჩვენე. თან დავაყოლე, „ქართულ ოცნებას“ ვემხრობი-მეთქი. მერე მითხრეს საფრთხეს წარმოადგენ და წადი, ქვედა ქუჩიდან გადიო“, - წერს ის.
დაიწყო თუ არა გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა, რის საფუძველზე გაუშვეს მალხაზ გიგუაშვილი სამართალდამცავებმა მაშინ, როდესაც დაკავებამდე რამდენიმე ხნით ადრე, მის ავტომობილში რამდენიმე დანა ნახეს, ამ კითხვაზე პასუხი საქმის პროკურორს არ აქვს.
თავის ერთ-ერთ პოსტში ის აგინებს დაპატიმრებულ ჟურნალისტს, „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს.
წინასასამართლო სხდომა მალხაზ გიგუაშვილის საქმეზე 27 ნოემბერს დაინიშნა.