მოკლედ
- 22-ე სართულიდან გადმოვარდნის შედეგად ერთი ოჯახის სამი წევრი დაიღუპა: ცოლ-ქმარი და შვილი.
- მეზობლები ამბობენ, რომ ისინი, სავარაუდოდ, არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები, რადგან რუსულად საუბრობდნენ.
- პოლიციამ გარდაცვლილი კაცის ტანსაცმელში წერილი იპოვა.
- მათი ბინა ისევ ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული - კრიმინალისტები მუშაობას აგრძელებენ.
ისანში, ნავთლუღის ქუჩაზე, "არქი ისნის" მრავალბინიან დასახლებაში, 4 ოქტომბრის ღამეს, მეზობლებმა სამი ადამიანის, მათ შორის ერთი ბავშვის, ცხედრები აღმოაჩინეს.
მათი ვერსიით, ისინი სიმაღლიდან, საცხოვრებელი კორპუსის 22-ე სართულიდან გადმოვარდნენ.
დაღუპული ოჯახის ბინის სადარბაზოში, კორპუსის ბოლო სართული ექსპერტ-კრიმინალისტებს ჯერ კიდევ (4 ოქტომბერი, 15:52) ყვითელი ლენტით აქვთ შემოსაზღვრული. პოლიცია იძიებს, რა მოხდა 4 ოქტომბრის ღამეს.
საცხოვრებელი კორპუსის 22-ე სართული ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. 4 ოქტომბერი
საბავშვო მოედანი კი, სადაც ერთი ოჯახის სამი წევრი დაიღუპა, წყლითაა მორეცხილი.
გავრცელებული ვერსიით, გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან, ცოლ-ქმარი და შვილი. მეზობლები ამბობენ, რომ ისინი, სავარაუდოდ, არ არიან საქართველოს მოქალაქეები. ამბობენ, რომ ოჯახი „რუსულენოვანი“ იყო.
ამ მაღალსართულიან შენობაში მეზობლები ერთმანეთს თითქმის არ იცნობენ. ახალაშენებულ კორპუსში ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეები ცხოვრობენ.
კორპუსი, საიდანაც სამი ადამიანი გადმოვარდა.
რადიო თავისუფლება კორპუსის 5-ზე მეტ ბინადარს ესაუბრა, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებსაც, ასევე გაესაუბრა კორპუსის დაცვის თანამშრომელს, თუმცა ვერ იპოვა ერთი მეზობელიც კი, რომელიც გარდაცვლილებს პირადად იცნობდა. ამბობენ, რომ ოჯახს ბინა დაქირავებული უნდა ჰქონდა.
ერთ-ერთი ვერსიით, რომელსაც ახალგაზრდა ქალი გვიყვება, სიმაღლიდან ჯერ კაცი გადმოვარდა, შემდეგ ქალი და ბოლოს ბავშვი:
„ჩემმა მეზობელმა, რომელიც მესამე სართულზე ცხოვრობს, რაღაცის ვარდნის ხმა გაიგო. ეგონა, რომ ვიღაცამ ნაგავი გადმოაგდო, გადაიხედა და დაინახა, რომ კაცი ეგდო ძირს, რომელსაც მალევე მოჰყვა ქალი და შემდეგ ბავშვი. ეს ქალი ახლა ემოციურად ძალიან ცუდად არის. მე რომ აივნიდან გადავიხედე, უკვე სამივე ძირს ეყარა. ქალი და კაცი შედარებით ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, ბავშვი მოშორებით ეგდო“, - უყვება რადიო თავისუფლებას დაღუპულების ერთ-ერთი მეზობელი, რომელიც მეცხრამეტე სართულზე ცხოვრობს.
ქალი ამბობს, რომ სიმაღლიდან ვარდნისას არცერთ მათგანს არ უყვირია:
„არ ვიცი, როდესაც სიმაღლიდან ვარდება ადამიანი, ალბათ ინსტინქტურად მაინც უნდა დაიყვიროს, მაგრამ სამივე ისე გადმოვარდა, რომ ვარდნისას არ უყვირიათ. მეზობლებმა ისიც კი იფიქრეს, უკვე დახოცილები ხომ არ იყვნენ და ისე გადმოყარესო“, - ამბობს მეზობელი.
მისივე თქმით, გარდაცვლილი კაცის ტანსაცმელში პოლიციამ წერილი იპოვა:
„გავიგეთ, როგორ კითხულობდა ერთ-ერთი პოლიციელი წერილს, რომელიც კაცის ჯიბეში იპოვეს. წერილი რუსულ ენაზე იყო დაწერილი. შინაარსი, რომელსაც ყური მოვკარით, დაახლოებით ასეთი იყო - ჩვენ არ ვართ მორწმუნეები და რაც დაგვემართა, ჩვენი ბრალიაო.“
ვესაუბრეთ ერთი სართულით ქვევით, 21-ეზე მცხოვრებ რუსულენოვან მეზობლებს. ახალგაზრდა გოგოები ამბობენ, რომ მათ ზედა მეზობლების სახლიდან არანაირი ხმაური არ გაუგიათ: „არც არაფერი გაგვიგია და არც ვიცნობდით“.
ღამის 3 საათისთვის, პოლიციის კაკუნმა გააღვიძა დაღუპული ოჯახის კიდევ ერთი მეზობელი. ხანშიშესული ქალი გვიყვება, რომ გვიან ღამით დაიძინა, დაძინებამდე არც სადარბაზოში და არც ეზოში არანაირი ხმაური არ გაუგია. ტრაგედიის შესახებ კი მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც პოლიციამ კარის გაღება სთხოვა.
„დაახლოებით ღამის 3 საათი იქნებოდა, კარზე რომ დამიკაკუნა პოლიციელმა. მკითხა, საეჭვო ხმაური, ჩხუბის ან რაიმე მსგავსი ხმა ხომ არ გაგიგიაო. მეზობელს რომ ვკითხე, რა მოხდა-მეთქი, მიპასუხა, გადაიხედე ფანჯრიდან და ნახავ, რაც მოხდაო. მე რომ გადავიხედე, გვამებს უკვე გადაფარებული ჰქონდა. აქ ძალიან ხშირად იცვლებიან მეზობლები, ძირითადად გაქირავებულია ბინები. მათაც, სავარაუდოდ, დაქირავებული ჰქონდათ ეს ბინა. ვერც ვხვდები, რომელი ოჯახია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას დაღუპულების კიდევ ერთი მეზობელი.
ექსპერტ-კრიმინალისტების ავტომობილი შემთხვევის ადგილზე. 4 ოქტომბერი
ჯერჯერობით უცნობია, რა მუხლით დაიწყებს გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყებაში გვეუბნებიან, რომ კრიმინალისტები ჯერ ისევ მუშაობენ შემთხვევის ადგილზე. ინფორმაციის მიღებისთანავე სტატია განახლდება.