მერების და საკრებულოების წევრების ასარჩევად კენჭისყრის დაწყებიდან ორ საათში ხმა მისცა 275 948 ამომრჩეველმა. ამის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) იუწყება.
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ია.
ცესკოს ინფორმაციით, 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 7,85% იყო. რეგიონებში ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში იყო.
წინა, 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში 10:00 საათისთვის აქტივობა 7,41% იყო და მაშინაც ყველაზე დიდი - რაჭა-ლეჩხუმში(11,2%)
ასევე ნახეთ პარტიები, დამკვირვებლები, მედია - არჩევნები 2025 რიცხვებში4 ოქტომბერს საქართველოს მუნიციპალიტეტებში მერებისა და საკრებულოების არჩევნებია. მას ბოიკოტი გამოუცხადა ძირითადი ოპოზიციური პარტიების ნაწილმა. არჩევნების მეთვალყურეობაზე წელს პირველად თქვეს უარი ძირითადმა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა. არჩევნებს არც ეუთოს მისია არ აკვირდება.
პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით ირჩევენ 64 საკრებულოს სულ 2058 წევრს და თვითმმართველი ქალაქებისა და თვითმმართველი თემების 64 მერს.
კენჭისყრა 08:00 საათზე დაიწყო. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება.
არჩევნებში მონაწილეობს 12 პოლიტიკური პარტია.
64 მუნიციპალიტეტში მერობის სულ 121 კანდიდატია. მათგან 9 თბილისში.
მმართველ „ქართულ ოცნებასთან“ არჩევნებში დაპირისპირება ძირითადი ოპოზიციური პარტიებიდან გადაწყვიტეს „ძლიერი საქართველო - ლელომ“, „გახარია საქართველოსთვის“ და „გირჩმა“.
ძირითადი ოპოზიციური ძალებიდან არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს პარტიების გაერთიანებამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“.
ასევე ნახეთ 4 ოქტომბერი: არჩევნები/პროტესტი - ლაივბლოგიწინა, 2021 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით, „ქართულმა ოცნებამ” უმრავლესობა შეინარჩუნა ყველა საკრებულოში, გარდა რუსთავის, ბათუმის, ზუგდიდის, სენაკის და წალენჯიხისა.
ხუთივე თვითმმართველ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში მერის არჩევნების მეორე ტური გახდა საჭირო. მეორე ტურში „ქართული ოცნების” კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
მერის ასარჩევად მეორე ტური ჩატარდა 15 თვითმმართველ თემშიც. ერთადერთი მუნიციპალიტეტი, სადაც ოპოზიციის წარმომადგენელმა, „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გაიმარჯვა, წალენჯიხა იყო.