პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ოპონენტები სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებაში, დემოკრატიის ხელყოფასა და პრორუსულ კურსში ადანაშაულებენ, მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ყველა არჩევნები თავისუფალი იყო, საზოგადოებამ კი „მაქსიმალურად აიღო ხელისუფლება ხელში".
4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში ივანიშვილმა ოჯახის წევრებთან ერთად ხმა თბილისში, მთაწმინდის ოლქის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მისცა.
„თავისუფალი არჩევნები, რომელიც უკანასკნელ პერიოდში განუხრელად მიმდინარეობს საქართველოში, დღესაც ესეთი ერთ-ერთი საინტერესო არჩევნებია და ძალიან მნიშვნელოვანი“, - უთხრა ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ.
ივანიშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას მისცა საშუალება, „თავისუფალი არჩევნები გააკეთოს": „ისევე, როგორც თავისუფალი სიტყვის, თავისუფალი ბიზნესის და თავისუფალი ცხოვრების დაფუძნება მოვახერხეთ უახლოეს ბოლო წლებში“.
ბიძინა ივანიშვილის თანახმად, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების” 13-წლიანი ყოფნის პერიოდში მიღწეულია „შთამბეჭდავი წარმატებები” და მათგან ყველაზე დიდი მიღწევა ის არის, რომ როგორც „ქართული ოცნების“ წევრებმა, ისე საზოგადოებამ ისწავლა „ობიექტური ანალიზის გაკეთება, კრიტიკული აზროვნების განვითარება” და „საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს“.
„შესაბამისად ჩვენ ყოველთვის ვღებულობთ ისეთ შედეგს, როგორიც საზოგადოებას უნდა", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე სიტყვებით, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, რომელიც მოახერხა ჩვენმა საზოგადოებამ და მაქსიმალურად აიღო ხელისუფლება ხელში, რაც გამოიხატება სწორედ რომ არჩევნებში სწორი პოზიციის დაფიქსირებით, ჩვენ მივიღეთ ის შედეგები, რაც გვაქვს დღეს და წარმატება გვაქვს ყველა მიმართულებით“.
ბიძინა ივანიშვილმა არ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს, მათ შორის კონკრეტული წარმატებებისა და დღეს დაგეგმილი საპროტესტო აქციის შესახებ.
ასევე ნახეთ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დაიწყო ასევე ნახეთ 4 ოქტომბერი: არჩევნები/პროტესტი - ლაივბლოგი4 ოქტომბერს საქართველოს მუნიციპალიტეტებში მერებისა და საკრებულოების არჩევნებია. მას ბოიკოტი გამოუცხადა ძირითადი ოპოზიციური პარტიების ნაწილმა. არჩევნების მეთვალყურეობაზე წელს პირველად თქვეს უარი ძირითადმა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა. არჩევნებს არც ეუთოს მისია არ აკვირდება.
4 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების დღეს თბილისში ისევ გაიმართება საპროტესტო აქცია.
აქციები ჯერ კიდევ 2024 წლის ნოემბრის ბოლოდან დაიწყო მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" მთავრობამ გადაწყვიტა, 2028 წლამდე დღის წესრიგში აღარ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრებლად მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. მანამდე აქციები მიმდინარეობდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბების წინააღმდეგ.
დღემდე მიმდინარე აქციების მონაწილეთა მოთხოვნებია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და აქციების მიმდინარეობისას დაკავებული და გასამართლებული დემონსტრანტების გათავისუფლება.
ასევე ნახეთ Amnesty International: არჩევნები მკაცრი პოლიტიკური რეპრესიების ფონზე ტარდება ასევე ნახეთ საქართველოში დემოკრატიის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას - PACE-მ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო