„ყველაზე მეტად ქართული სცენარის განმეორების გვეშინია“ - აქარწყლებს თუ არა მოლდოვის არჩევნების შედეგები ამ შიშს?

ვაჟა თავბერიძის ინტერვიუ ანდრეი კურარარუსთან

“რისიც ყველაზე მეტად გვეშინოდა – და დღემდე გვეშინია – ეს არის „ქართული სცენარის“ გამეორება მოლდოვაში: ძალაუფლებაში მოდიან პრორუსული ძალები, იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ბრიუსელს აიძულებს, ჯერ შეაჩეროს და შემდეგ მთლიანად გაწყვიტოს ურთიერთობები მოლდოვასთან.”

ეუბნება პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი, მოლდოვური კვლევითი ორგანიზაციის, WatchDog.md-ის დამფუძნებელი ანდრეი კურარარუ რადიო თავისუფლებას მოლდოვის არჩევნების შედეგებზე საუბრისას. ვაჟა თავბერიძის ინტერვიუში ანდრეი კურარარუსთან ასევე გაიგებთ, რით განსხვავდება პლაჰოტნიუკი ივანიშვილისგან, ვინ არის რუსეთის მთავარი კაცი მოლდოვაში და რამდენად რეალურია დნესტრისპირეთის "მეორე ფრონტის" სცენარი უკრაინის ომში.

მოსკოვი მოლდოვას თავის ეზოდ, საკუთარ სათამაშო მოედნად მიიჩნევს და არანაირი სურვილი არ აქვს, ეს სივრცე სხვას დაუთმოს ან გაუზიაროს.

რადიო თავისუფლება: რა იდო სასწორზე ამ არჩევნებზე მოლდოვისთვის და როგორი იქნებოდა ალტერნატიული სცენარი/რეალობა, სხვა შედეგი რომ დამდგარიყო?

კურარარუ: სასწორზე იდო - და ვთვლი, რომ დღესაც დევს - ის, თუ როგორი იქნება მოლდოვის მომავალი. სასწორზე იდო ღია კარი ევროპისაკენ - და საგულისხმოა, რომ უკრაინისგან განსხვავებით, ამ კარის გაღებას ორბანის უნგრეთიც კი არ ეწინააღმდეგება. მეორე მხარეს - ალტერნატიულ მომავლად - დგას ექსპანსიაზე მომართული რუსეთი, რომელიც მოლდოვას თავის გავლენის სფეროდ მიიჩნევს და საკუთარ „სტრატეგიულ პროექტში“ განუყოფელ ნაწილად მოიაზრებს. მოსკოვისთვის მოლდოვა საკვანძო ელემენტია, რადგან სამომავლოდ სწორედ აქედან სურს ზეგავლენა მოახდინოს უკრაინაზე – მაგალითად, დნესტრისპირეთში სამხედრო ძალების განთავსებით. ეს ნაბიჯი უკრაინას აიძულებდა, ფრონტის წინა ხაზებიდან გარკვეული ძალები გადაესროლა დნესტრისპირეთის საზღვართან და ამით სხვა მიმართულებებზე თავდაცვის ხაზი დაესუსტებინა.

ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოლდოვას ჰყავს ევროკავშირის პასპორტის დაახლოებით 1,5 მილიონი მფლობელი – ეს ნიშნავს, რომ ისინი არიან ევროკავშირის მოქალაქეები, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ პოლიტიკურ პროცესებზე რუმინეთში, ჩვენს უშუალო მეზობელ ქვეყანაში. გარდა ამისა, მათი გამოყენება შესაძლებელია სხვა რეგიონებში დივერსიული ოპერაციების გასატარებლადაც. მოსკოვი მოლდოვას თავის ეზოდ, საკუთარ სათამაშო მოედნად მიიჩნევს და არანაირი სურვილი არ აქვს, ეს სივრცე სხვას დაუთმოს ან გაუზიაროს.

ასევე ნახეთ არჩევანი ევროპასა და რუსეთს შორის - რა აჩვენა მოლდოვის არჩევნებმა?

მოლდოვაზე რუსული გავლენის კიდევ ერთი შრე ეკლესიას უკავშირდება. პრორუსული სენტიმენტებით განმსჭვალული სასულიერო პირები განსაკუთრებული შემართებითა და მგზნებარებით ქადაგებდნენ არჩევნებამდე და მრევლს მოუწოდებდნენ, ხმა არ მიეცათ პროევროპული პარტიებისთვის, რადგან: „ისინი ეკლესიებს დაგვიხურავენ!“ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, ტირაჟიდან ამოიღეს 200 000 ეგზემპლარი გაზეთისა, რომელიც მოსახლეობას სწორედ ამ გზავნილს აწვდიდა – არ მისცეთ ხმა მთავრობას, თორემ ეკლესიებს დაგიხურავენო. და ეს განსაკუთრებით მტკივნეული თემაა ხანდაზმული ადამიანებისთვის, მორწმუნეებისთვის, რომლებიც თითქმის ყოველდღიურად ან ყოველკვირა დადიან ეკლესიაში და შესაძლოა, სრულიად გულწრფელად ირწმუნონ და დაიჯერონ სასულიერო პირების ნათქვამი, მხოლოდ იმიტომ, რომ - „აი, მოძღვარი ამას გვიქადაგებს, ესე იგი სწორედ ასე ყოფილა საქმე“. ასეთი მღვდლების „შრომა“ შეუმჩნეველი არ რჩება - სადაც ჯერ არს, ასაჩუქრებენ, იქნება ეს ე.წ. სამომლოცველო მოგზაურობები სერბეთში, ისრაელში, თურქეთში თუ ქადაგებების სანაცვლოდ პირდაპირ ფულის მიცემა.

ევროკავშირი ახლა გვაძლევს შესაძლებლობას, რომელიც შეიძლება შემდგომში აღარ გვქონდეს. არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ვიფიქროთ: არა უშავს, თუ ახლა ვერ შევძლებთ, მერე აუცილებლად მოხერხდება.

რადიო თავისუფლება: რამდენად გადამწყვეტი იყო პროდასავლური ძალების ეს გამარჯვება და რამდენად შეუქცევადია ეს პროცესი? თქვენი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკუ პოპესკუ არჩევნებამდე ამბობდა, რომ მოლდოვის ევროკავშირში გაწევრება-არგაწევრების ბედი სწორედ ამ არჩევნებზე იყო მიბმული. კიდევ ერთმა მინისტრმა კი ამას ქვეყნის ისტორიაში უდიდესი, გარდამტეხი მომენტი უწოდა, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებად მოიხსენია. ეთანხმებით ამ შეფასებებს?

კურარარუ: დიახ. პირდაპირ რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა [ევროკავშირში გაწევრების] შანსი არცთუ ისე დიდი იყოს, ეს შანსი ამ მთავრობამ უნდა გამოიყენოს მანამ, სანამ ფანჯარა ღიაა. ევროკავშირი ახლა გვაძლევს შესაძლებლობას, რომელიც შეიძლება შემდგომში აღარ გვქონდეს. არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ვიფიქროთ: არა უშავს, თუ ახლა ვერ შევძლებთ, მერე აუცილებლად მოხერხდება. შეხედეთ ბალკანეთის ქვეყნებს – მათი გზა ევროკავშირის წევრობისკენ გაჭიანურდა, გაიწელა და ახლა საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

რისიც ყველაზე მეტად გვეშინოდა – და დღემდე გვეშინია – ეს არის „ქართული სცენარის“ გამეორება მოლდოვაში: ძალაუფლებაში მოდიან პრორუსული ძალები, იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ბრიუსელს აიძულებს, ჯერ შეაჩეროს და შემდეგ მთლიანად გაწყვიტოს ურთიერთობები მოლდოვასთან. ჩვენთვის ეს ნიშნავს უზარმაზარ ბიუჯეტურ დეფიციტს - ევროკავშირისგან ფინანსური დახმარების სახით თითქმის ორ მილიარდ ევროს ვიღებთ და ამ თანხის დაკარგვა ქვეყანას ღრმა რეცესიაში ჩააგდებდა. ვიქნებით უფრო ღარიბები, უფრო მოწყვლადები და რუსეთის მოწყალების შემყურენი.

ეს სწორედ ის გზაა, რომელსაც ისინი მიზნად ისახავენ: სესხის აღება მოსკოვიდან, მოსკოვის პირობებით – კრიზისის შექმნა, რომელიც ხალხს რუსეთზე მეტად დამოკიდებულს გახდის. სანაცვლოდ მოგვცემენ იაფ გაზს ან რამე ამდაგვარ „ფასდაკლებას“, რითაც საბოლოოდ გადაგვიკეტავენ გზას ბრიუსელისკენ. ეს ნიშნავს, რომ მოლდოვა რუსეთის მონად იქცევა, რუსეთის ყმები გავხდებით.

რადიო თავისუფლება: მოდით, თავად რუსეთს შევხედოთ – მათთვის რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს არჩევნები, რა იდო სასწორზე?

კურარარუ: ჩემი აზრით, ეს ერთ-ერთი უკანასკნელი შანსი იყო რუსეთისთვის, რომ „რბილი ძალის“ მეშვეობით დაებრუნებინა კონტროლი მოლდოვაზე. რადგან თუ მოლდოვა ევროპულ გზაზე სვლას განაგრძობს, თუ ევროკავშირის ფულით ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება, თუ სკეპტიკოსებიც კი დაინახავენ პირად სარგებელს, – იგრძნობენ, რომ ცხოვრება უმჯობესდება, – მაშინ კრემლისთვის ხალხის „ყიდვა“ უკვე გაცილებით რთული გახდება.

ასევე ნახეთ რუსეთი მოლდოველ მღვდლებს ფულს უხდიდა არჩევნებზე გავლენის მოსახდენად

მეორე მხრივ, „პატარა ტრიუმფი“ მოლდოვაში მოსკოვისთვის ორმაგად სასარგებლო იქნებოდა – როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. ეს მათ საშუალებას მისცემდა, ეთქვათ: „ნახეთ, ყველაფერი მთლად ცუდადაც არაა. აგერ, მოლდოვა ჩავიგდეთ ხელში. ახლა მოლდოვიდან ოდესას დავარტყამთ, მოვშლით ლოგისტიკურ ხაზს, რომელიც მოლდოვიდან უკრაინაში გადის.“

"წარმოიდგინეთ უფრო გაუთლელი, უფრო „ბანდიტური“ ივანიშვილი – რომელიც ნაკლებად ჰგავს წარმატებულ ბიზნესმენს და გაცილებით უფრო – 90-იანი წლების „კრიმინალ-თაღლითს“. და მიიღებთ პლაჰოტნიუკს."

რადიო თავისუფლება: რუსეთიდან რუსეთის ხალხზე გადავიდეთ, მოლდოვაში - დავიწყოთ იმ ადამიანით, რომელიც არჩევნების წინ საბერძნეთიდან მოლდოვაში ხელბორკილებდადებული გადმოიყვანეს - ოლიგარქი პლაჰოტნიუკით.

კარარარუ: პლაჰოტნიუკი ათწლეულების განმავლობაში იყო მთავარი მოთამაშე მოლდოვაში. თავიდან „რუხი კარდინალის“ მანტიით – კომუნისტური პარტიის დაფინანსებითა და იმჟამინდელი პრეზიდენტის, ვორონინის ბიზნესების „ბანკირობით“. შემდეგ ოფიციალურად გადავიდა საბანკო საქმეში და მილიარდობით დოლარის ოდენობით ფული გაუთეთრა რუსებს. შემდეგ აღმოაჩინა და შეუამხანაგდა კიდევ ერთ, აწ უკვე დისკრედიტირებულ ოლიგარქს, ილან შორს და ორივემ ერთად მოლდოვის საბანკო სისტემიდან ერთი მილიარდის ოდენობის თანხა მოიპარა. ამის შემდეგ იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა, თუმცა პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენის მცდელობებს ვერ ელეოდა. დღემდე აქვს უზარმაზარი კომპრომატების ბაზა – სატელეფონო ჩანაწერები, ვიდეოები, დოკუმენტები, რომლებშიც ასახულია მრავალი დღემდე მოქმედი პოლიტიკოსი, მოსამართლე და პროკურორი როგორ იღებდა უკანონო დავალებებს და როგორ ასრულებდა მათ.

რადიო თავისუფლება: საქართველოში მას ხშირად ბიძინა ივანიშვილს ადარებენ. რამდენად სამართლიანია ეს შედარება?

კურარარუ: ვფიქრობ, ყველა თავისი ნაკლის მიუხედავად, ივანიშვილმა ნაკლებად გაძარცვა ქართული ეკონომიკა ქონების დასაგროვებლად, ვიდრე პლაჰოტნიუკმა. ივანიშვილს უფრო აქვს ლეგიტიმური საქმოსნის აურა და სტატუსი - პლაჰოტნიუკმა კი მთელი თავისი სიმდიდრე ან სახელმწიფოს ქონების პრივატიზაციით დააგროვა, ანაც სხვა ბიზნესმენებისთვის ბიზნესების წართმევით. წარმოიდგინეთ უფრო გაუთლელი, უფრო „ბანდიტური“ ვერსია ივანიშვილისა – რომელიც ნაკლებად ჰგავს წარმატებულ ბიზნესმენს და გაცილებით უფრო – 90-იანი წლების „კრიმინალ-თაღლითს“. აი, სწორედ ასეთია პლაჰოტნიუკი.

ილან შორი რუსეთის მთავარი კაცია მოლდოვაში.

რადიო თავისუფლება: გადავიდეთ ილან შორზე. პლაჰოტნიუკის ფიგურაც ოდიოზურია, მაგრამ შორი კიდევ სხვა განზომილებაშია - უფრო ჰოლივუდური ფილმის უარყოფით პერსონაჟს ჰგავს, ვიდრე რეალურ პოლიტიკოსს.

კურარარუ: შორი პლაჰოტნიუკის უახლოესი ხელქვეითი იყო, განსაკუთრებით დიდი იყო მისი წვლილი ბანკების მეშვეობით რუსული ფულის გათეთრებაში. ამ საქმეში იმდენად დაიხვეწა, რომ პლაჰოტნიუკსაც კი გადაასწრო, ინდივიდუალური მოთამაშე გახდა. ითვლება, რომ სწორედ ის იყო მოპარული მილიარდის საქმის მთავარი ორგანიზატორი.

პოლიტიკური კარიერა დაიწყო ცენტრალურ რეგიონში, საიდანაც თავადაა წარმოშობით და სადაც იცნობდნენ, როგორც ფილანთროპს. საბოლოოდ ამ ქალაქის მერიც გახდა. მაგრამ, როდესაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები დაიწყო, იძულებული გახდა გაქცეულიყო და ახლა მოსკოვში ცხოვრობს. ის არის რუსეთის მთავარი კაცი მოლდოვაში – შესაძლოა, მხოლოდ ყოფილ პრეზიდენტ იგორ დოდონს ჰქონდეს მსგავსი წონა, მაგრამ დოდონის ქონება შორის სიმდიდრესთან ახლოსაც ვერ მივა, შესაბამისად, ბერკეტებიც ნაკლები აქვს.

ასევე ნახეთ "ოცნება" მოლდოვას არ ულოცავს, არც მოლდოვამ მიულოცა - რა განსხვავებაა ორს შორის?

შორი ახლა ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა, რომელიც კრიპტოვალუტის მეშვეობით ფულს „რეცხავს“ პუტინის რეჟიმისთვის. სექტემბრის დასაწყისში გამართა ვიდეოკონფერენცია პუტინთან, სადაც ღიად ტრაბახობდა ტრილიონობით რუბლზე, რომლებიც მის ფირმაში გადიოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ გათეთრებული რუსული ფულით ყიდულობს დრონებსა და სანქციების ქვეშ მყოფ მიკროჩიპებს ჩინეთიდან – ყირგიზეთის საბანკო სისტემის გამოყენებით – რუსული არმიისათვის.

რუსული კარიერის პარალელურად, შორი „არ ივიწყებს“ მოლდოვასაც – მინიმუმ ოთხი პარტია და ერთი პროქსი-პარტია დააფუძნა, ეს, რაც ზუსტად ვიცით. მისი პოლიტიკური ბლოკი უკვე აკონტროლებს მოლდოვის ერთ-ერთ ავტონომიურ რეგიონს, პრორუსულ გაგაუზიას სამხრეთში. სწორედ იქიდან ცდილობს მანიპულაციას არჩევნებზე. ის არის მოლდოვის ისტორიაში ამომრჩეველთა მოსყიდვის ყველაზე გიგანტური სქემის შემოქმედი – 140 000-მდე ამომრჩეველი იყიდა. ამასთან დაკავშირებით მისი მრავალი ხელქვეითის წინააღმდეგ მოლდოვაში ჯერ კიდევ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეები.

ახლა კი, როგორც ჩანს, ისევ სცადა ბედი – ისევ გავლენის მოპოვებასა და ხელისუფლებაში დაბრუნებას გეგმავს.

თუ რუსები შექმნიან ლოგისტიკურ ჯაჭვს, რომელიც შესაძლებელს გახდის, როგორც თვითონ იტყოდნენ, „მოლდოვის გათავისუფლებას“ – მაშინ დიახ, ისინი აუცილებლად ეცდებიან ამ შანსის გამოყენებას.

რადიო თავისუფლება: თუ მართლა ეს იყო რუსეთის ბოლო შანსი, რომ მოლდოვა „რბილი ძალით“ დაებრუნებინა თავის ორბიტაზე – და ვნახეთ, რომ ეს ვერ მოხერხდა – უნდა ველოდოთ თუ არა, რომ ახლა მოსკოვი „ხისტ ძალაზე“ გადავა?

კურარარუ: ეს მთლიანად უკრაინაში მათ წარმატებებზე იქნება დამოკიდებული. თუ ისინი შექმნიან ლოგისტიკურ ჯაჭვს, რომელიც შესაძლებელს გახდის მოლდოვაზე თავდასხმას – ან როგორც ალბათ თვითონ იტყოდნენ, „მოლდოვის გათავისუფლებას“ – მაშინ დიახ, ისინი აუცილებლად ეცდებიან ამ შანსის გამოყენებას. რუკაზე ჩვენი ერთადერთი გეოპოლიტიკური უპირატესობა ის არის, რომ რუსეთთან პირდაპირი საზღვარი არ გვაქვს. რომ გვქონდეს, უკვე იგივე მდგომარეობაში ვიქნებოდით, როგორშიც ბელარუსი ანაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები.

მაგრამ თუ ფრონტზე სიტუაცია მეტწილად უცვლელი დარჩება – და დიდი ალბათობით ასეც იქნება – რუსეთს უბრალოდ არ ეყოფა რესურსი მოლდოვაში მსგავსი სამხედრო ავანტიურისათვის. თანაც, ასეთი ნაბიჯი გამოიწვევდა კიდევ უფრო მეტ სანქციას, უბიძგებდა ამერიკის ადმინისტრაციას უკრაინისთვის მეტი მხარდაჭერისკენ და მთლიანად გააქარწყლებდა იმ თეორიას, თითქოს რუსეთი და პუტინი მშვიდობით ოდნავ მაინც არიან დაინტერესებულნი.

დღეს ხშირად ავლებენ პარალელს ჩეხოსლოვაკიასთან – ეს იქნებოდა [ჰიტლერის] მეორე ნაბიჯის ტოლფასი, ჩეხოსლოვაკიის შემდეგ. 1939 წლის მსგავსად, მოლდოვაზე ღია თავდასხმაც საბოლოოდ დაარწმუნებდა იმ ხალხსაც კი, რომელიც დღემდე ამტკიცებს, რომ რუსეთს თუ უკრაინის მიწების რაღაც ნაწილს დაუთმობენ, პუტინი ამით დაკმაყოფილდება და გაჩერდება.

პრორუსული მთავრობა მოლდოვაში, სავარაუდოდ, მწვანე შუქს აუნთებდა რუსული ჯარების გადაადგილებას დნესტრისპირეთში.

რადიო თავისუფლება: პრეზიდენტმა ზელენსკიმ გაეროში გამოსვლისას თქვა: „ევროპამ უკვე დაკარგა საქართველო, და არ აქვს ფუფუნება, მოლდოვაც დაკარგოსო.“ ფაქტია, რომ პროდასავლური მოლდოვა უკრაინის სტრატეგიული ინტერესია - მაგრამ ვთქვათ, არჩევნებში რომ პრორუსულ ძალებს გაემარჯვათ, მაშინ რა მოხდებოდა? რას უქადის პრორუსი მოლდოვა უკრაინას და მის ბრძოლას გადარჩენისთვის?

კურარარუ: იმის ჩამოთვლით დავიწყებ, რაც აუცილებლად მოხდებოდა: პირველ რიგში, მოლდოვიდან უკრაინაში გამავალი ლოგისტიკური მიწოდების ხაზის ან მოშლა, ანაც შეფერხება. მეტი პრობლემები აქ დარჩენილი უკრაინელი ლტოლვილებისთვის. დაიკლებდა დიპლომატიური მხარდაჭერა – მოლდოვის მხრიდან ამჟამინდელი სრული სოლიდარობა, გაეროში იქნება ეს თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, წარსულს ჩაბარდებოდა.

პრორუსული მთავრობა მოლდოვაში, სავარაუდოდ, მწვანე შუქს აუნთებდა რუსული ჯარების გადაადგილებას დნესტრისპირეთში. იქ უკვე კარგა ხანია საკმაოდ დიდი ოდენობით სამხედრო ტექნიკაა – პრობლემა პირადი შემადგენლობის დეფიციტია. 10 000 ჯარისკაცის შეყვანა და მათი აღჭურვა უკრაინას აიძულებდა, დანაყოფები გადაესროლა საზღვრის ამ მონაკვეთის დასაცავად და დნესტრისპირეთიდან შესაძლო შეჭრის აღსაკვეთად.

რადიო თავისუფლება: ეს მეორე ფრონტის გახსნის ტოლფასი იქნებოდა?

კურარარუ: ალბათ არა - არსებული ფრონტის ხაზი ამისთვის ხელსაყრელი არ არის და დნესტრისპირეთში არსებული რუსული ადამიანური რესურსისა და სამხედრო შესაძლებლობების სიმწირე, თუნდაც 10 000 ჯარისკაცის დამატებით, მსგავსი მანევრის შესაძლებლობას არ იძლევა. მაგრამ ზეწოლის გაზრდა, მოწყვლადი წერტილის შექმნა, რომელიც უკრაინას აიძულებდა, იქ ჯარისკაცები „დაება“ – ეს ბევრად უფრო რეალურია. სწორედ მსგავსი ვითარებაა ბელარუსში, საიდანაც სახმელეთო ჯარები უკრაინაში არ შესულან, მაგრამ საზღვრის გადაღმა მათი არსებობა მაინც აიძულებს უკრაინას, თავადაც გაამაგროს თავდაცვის ხაზი და ყოველი შემთხვევისათვის, სიურპრიზების გამოსარიცხად, სამხედრო კონტინგენტი განათავსოს.

კრემლში დნესტრისპირეთამდე სახმელეთო დერეფნის გაჭრის გეგმა ყოველთვის არსებობდა – და ამ დერეფნის კონტროლი ფაქტობრივად მოლდოვის კონტროლს ნიშნავს.

რადიო თავისუფლება: მიუხედავად იმისა, რომ სახმელეთო შეჭრა არ ყოფილა, ფაქტია, რომ უკვე სამი წელია, რუსები ბელარუსიდან ისვრიან რაკეტებს უკრაინაში. იქნებ დნესტრისპირეთიდანაც სცადონ?

კურარარუ: შესაძლოა, მაგრამ ეს უფრო „მექსიკური დუელის“ (Mexican standoff) მსგავსი სიტუაცია იქნებოდა. თუ დნესტრისპირეთი უკრაინის წინააღმდეგ ამოქმედდება, კიევი, დიდი ალბათობით, ლეგიტიმურ სამიზნედ გამოაცხადებს - რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად და საპასუხო იერიშსაც მიიტანს. დნესტრისპირეთი ამას ვერ გაუძლებს. ამიტომ უფრო ალბათ ე.წ. დაბალი ინტენსივობის დივერსიებია მოსალოდნელი – მაგალითად, დრონების გაშვება დნესტრისპირეთიდან.

მე არ ვფიქრობ, რომ ახლო პერიოდში სრულმასშტაბიანი ომი რეალურია, ფრონტზე არსებული რეალობიდან გამომდინარე. მაგრამ ისიცაა, რომ ყველამ ვნახეთ რუსეთის სამხედრო შტაბების კედლებზე რუკები, სადაც ოდესა და ხერსონი რუსეთადაა მოხაზული. ლუკაშენკას რუკებიც გვახსოვს, სადაც დნესტრისპირეთი პოტენციურ სამიზნედ იყო მონიშნული. კრემლში დნესტრისპირეთამდე სახმელეთო დერეფნის გაჭრის გეგმა ყოველთვის არსებობდა – და ამ დერეფნის კონტროლი ფაქტობრივად მოლდოვის კონტროლს ნიშნავს.

მაგრამ ამჟამად არსებული ფრონტის პირობებში ეს შეუძლებელია. და თუ ვითარება მეტწილად იგივე დარჩება - და ეს, სავარაუდოდ, ასეც იქნება - მაშინ რუსეთი ოდესის ასაღებად საჭირო ძალისა და ტექნიკის თავმოყრა-ორგანიზებას უბრალოდ ვერ შეძლებს. ოდესა უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მძიმედაა დაცული და ამავდროულად მოლდოვისთვისაც ფარის მაგივრობას სწევს.

ასევე ნახეთ “რუსეთს სიდიადე შევმატე იმით, რომ უკრაინელ ბავშვებს ვესროლე?“ - დევიდ ვუდი ომით მიყენებულ მორალურ იარებზე