რუსეთის ჯარებმა რაკეტებით და დრონებით მორიგი შეტევა მიიტანეს უკრაინაზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დარტყმის მთავარი სამიზნე ისევ ენერგოობიექტები იყო. ძირითადად, ხარკოვისა და პოლტავის ოლქებში. დაზიანებულია სახლები და საწარმოებიც.
რუსული დრონებითა და რაკეტებით შეტევა წუხელ დაიწყო და დღეს, 3 ოქტომბრის დილამდე გაგრძელდა.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, რუსეთის ჯარებმა კომბინირებული შეტევისთვის გამოიყენეს 381 უპილოტო საფრენი აპარატი და 21 ფრთოსანი, 7 ბალისტიკური და 7 მართვადი საავიაციო რაკეტა.
სარდლობის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს ან გააუვნებლეს 303 დრონი და 12 ფრთოსანი და 5 მართვადი საავიაციო რაკეტა. 78 დრონით და 18 რაკეტით პირდაპირი დარტყმა იყო 15 ადგილზე.
რუსეთის ჯარებმა უკრაინის ენერგოობიექტებზე მასირებული შეტევა მიიტანეს 1 ოქტომბერსაც.
ასევე ნახეთ აღდგენილია ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ობიექტების ენერგომომარაგება