Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღდგენილია ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ობიექტების ენერგომომარაგება


ფოტო არქივიდან. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური
ფოტო არქივიდან. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური

უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა 1986 წლის კატასტროფის შემდეგ დაკონსერვებული ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ობიექტებს.

ენერგომომარაგება მას შემდეგ შეწყდა, რაც 1 ოქტომბერს რუსეთის ჯარებმა უკრაინის ცენტრალურ და აღმოსავლეთ რეგიონებში მდებარე ენერგოობიექტებს დაარტყეს. მათ შორის ქალაქ სლავუტიჩის ქვესადგურს. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ობიექტებს ელექტროენერგიით სლავუტიჩიდან ამარაგებენ.

2 ოქტომბერს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა სვეტლანა გრინჩუკმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ობიექტების ენერგომომარაგება აღდგენილია, რადიაციის დონე საკონტროლო მაჩვენებელს არ აღემატება და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 1 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსებს შეუძლებელია არ სცოდნოდათ, რა შედეგი ექნებოდა სლავუტიჩის ენერგოობიექტებზე დარტყმას. ზელენსკის ინფორმაციით, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ახალი საფარიც, რომელიც მეოთხე ბლოკზე 1986 წელს მომხდარი აფეთქების შემდეგ გარემოს იცავს რადიაციული ნარჩენებისგან.

1986 წლის კატასტროფის შემდეგ დაკონსერვებულ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე რუსმა სამხედროებმა კონტროლი დაამყარეს უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყებიდან პირველივე დღეს, 2022 წლის 24 თებერვალს.

იმავე წლის მარტის ბოლოს უკრაინამ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს აცნობა, რომ ჩერნობილზე კონტროლი დაიბრუნა.

2025 წლის თებერვალში უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჩერნობილის დახურული ატომური ელექტროსადგურის საფარს რუსული უპილოტო საფრენი აპარატი მოხვდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.



ფორუმი

XS
SM
MD
LG