ჰამასის თქმით, ღაზაზე ისრაელის იერიშის პირობებში კავშირი დაკარგა ორ ისრაელელ მძევალთან

ჰამასის გასამხედროებული ფრთის, "ეზ-ალ დინ ალ-ყასამის ბრიგადების" წევრები. ღაზის სექტორის სამხრეთი, 28 მაისი, 2021.

პალესტინური რადიკალური დაჯგუფება „ჰამასის“ სამხედრო ფრთამ კვირას განაცხადა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ღაზის ორ რაიონში ისრაელის სამხედრო ოპერაციების დროს კონტაქტი დაკარგა ჰამასის მიერ დაკავებული ორ ისრაელელ მძევლთან - მატან ანგრესტთან და ომრი მირანთან.

აშშ-სა და ევროკავშირში ჰამასი ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.

ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი და AFP ავრცელებენ.

ჰამასის გასამხედროებული ფრთის, "ეზ ად-დინ ალ-ყასამის ბრიგადების" განცხადებაში ნათქვამია, რომ „ჰამასი“ ისრაელისგან მოითხოვს, 24 საათით შეწყვიტოს საჰაერო თავდასხმები ღაზის ერთ რაიონზე, რათა „მძევლები საფრთხის ზონიდან გაიყვანონ“.

Reuters-ს თვითმხილველებმა და მედიკოსებმა განუცხადეს, რომ ისრაელის ტანკები წინ მიიწევენ საბრის, თელ ალ-ჰავის, შეიხ რადვანის და ალ-ნასერის უბნებში და უახლოვდებიან ქალაქ ღაზის ცენტრსა და დასავლეთ ნაწილებს, სადაც ასობით ათასი ადამიანია თავშესაფარი.

მატან ანგრესტი და ომრი მირანი იმ 250-ზე მეტ ისრაელელს შორის იყვნენ, რომლებიც ჰამასმა და სხვა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დროს აიყვანეს მძევლად. ჰამასს დღემდე დაახლოებით 50 მძევალი ჰყავს, როგორც ცოცხლები, ასევე გარდაცვლილები.

ასევე ნახეთ პალესტინა სახელმწიფოდ აღიარეს საფრანგეთმა და ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანამ