რადიო თავისუფლებამ გადაიღო, რომ ფილარმონიის მიმდებარედ პოლიცია იყო მობილიზებული. მათ ნაწილი ყვითელი მიკროავტობუსებით მიიყვანეს ადგილზე.
ამჟამად [20:15 საათისთვის], საარჩევნო შტაბთან პოლიციელები მხოლოდ კანტიკუნტად ჩანან აქციაზე. პოლიციელთა უმრავლესობა მობილიზებულია ოდნავ ქვევით, აქციიდან რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით.
შტაბის კარები დაკეტილია.
ერთ-ერთი ფანჯრიდან მედიის გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ კართან გარედან მდგარ ოპერატორებს შიგნით მყოფი პირები უხამს ჟესტიკულაციას უჩვენებენ.
შტაბში მყოფთა ნაწილს სახე დაფარული აქვს.
დემონსტრანტები ჯერ ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და მსვლელობა დაიწყეს რამდენიმე ასეული მეტრით დაშორებული შტაბისკენ.
„ბრძოლა ბოლომდე“, - სკანდირებენ დემონსტრანტები. „რუსებო, რუსებო“, - სკანდირებს აქცია.
დემონსტრანტების ნაწილი, - რომელთაც სახე დაფარული აქვთ, - ასევე მღერის დემონსტრაციებზე შექმნილ სიმღერას, „ოლე, ოლას“ და აგინებენ „ქართული ოცნების“ წევრებს. „ქოცებს რა?! დედის *&^ა“, - სკანდირებს მათი ნაწილი.
20:15 საათისთვის აქციას საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშიც შეუერთდა.
- „ოლე, ოლა“ არის სიმღერა, რომელიც შეიცავს „ქართული ოცნების“ გინებას და რომელსაც ხშირად მღერიან 2024 წლის 28 ნოემბრიდან უწყვეტად მიმდინარე ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე: „ოლე, ოლა, „ქოცების“ დედის **ნა“.
- მასზე მწვავედ რეაგირებენ „ქართული ოცნების“ წევრები.
- ამ სიმღერის გამო 2025 წლის 4 მარტს თავს დაესხნენ მუსიკოსს, საპროტესტო აქციების მონაწილე დავით გაბუნიას, 6 ივლისს - ვანო თარხნიშვილს (ორივენი უკრავენ ბენდში „გამოუვალი მდგომარეობა“), 9 ივლისს კი - მუსიკოს ალექსანდრე კორძაიას (Kordz).
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიტო სამხარაძემ, - რომელიც პოლიტიკური ოპონენტების გინებით გამოირჩევა, - წუხელ დემონსტრანტებზე ძალადობის შემდეგ ფეისბუკზე დაწერა:
„ოლე, ოლა, ხომ? დაინახა მთელმა საქართველომ, ვისი დედის ₽&@&₽()&&@ მოხდა. ასე იცის, როდესაც მოგვივარდებით, შეურაცხყოფას მოგვაყენებთ და დაგვემუქრებით, შესაბამის პასუხს მიიღებთ“ [სტილი დაცულია].
- 8 სექტემბერს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, ხელისუფლების მომხრეების მხრიდან აქციის მონაწილეებზე ძალადობის ფაქტს შსს ჯგუფური ძალადობის მუხლით იძიებს, თუმცა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი ჯერ არ გამოუკვეთია.
- ჩხუბში მონაწილეების იდენტიფიცირებას, ღია წყაროების მიხედვით, თვითმხილველები და ჟურნალისტები დამოუკიდებლად ცდილობენ.
- ხელისუფლება მომხდარს "პროვოკაციად" მიიჩნევს.
- დაპირისპირების კადრებში ჩანს, რომ ხელისუფლების მომხრეები ფიზიკურად უპირისპირდებიან არა მხოლოდ დემონსტრანტებს, პოლიციელებსაც. პოლიციელები მათზე ძალადობას უარყოფენ.