სადავო პარლამენტმა მიიღო დადგენილება ე.წ. წულუკიანის კომისიის ანგარიშის შესახებ. კომისიის დასკვნა „ნაციონალური მოძრაობის“ - და არა მარტო - „დანაშაულებრივ საქმიანობას“ აღწერს. ამ ანგარიშის მიხედვით მომზადდება სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად. „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილის აკრძალვა სურს.
3 ოქტომბერს სადავო პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ წარადგინა დადგენილების პროექტი „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგების შესახებ“.
„პარლამენტი ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ განხორციელებულ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას; „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ჩადენილ მკვლელობებსა და ძალადობას, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების ხელყოფას…“ - თქვა კირცხალიამ.
ანგარიში, რომელიც თეა წულუკიანის კომისიამ ექვსთვიანი მუშაობის შედეგად შექმნა, 460-გვერდიანია (დანართების გარეშე) და ხუთი თავისა და ასზე მეტი ქვეთავისგან შედგება. დამატებით, დანართების ნუსხა კიდევ ათ გვერდზე მეტია. ადრე გიამბეთ, რა თქვეს კომისიის სხდომებზე აგვისტოს ომისა და პარტიების გაუქმების თაობაზე.
ასევე ნახეთ წიგნად აკინძავენ, თარგმნიან, დაარიგებენ - "წულუკიანის კომისია" ოპოზიციის წინააღმდეგ, 460-გვერდიანი დასკვნითამჯერად თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ უახლოესი წარსულიდან დასკვნაში მოხვედრილ სხვა მოვლენებზე, რომლებიც ასევე აისახა ანგარიშში.
დასავლეთიდან მართული რევოლუციური სექტორი
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველო განისაზღვრა, როგორც სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც კონსტიტუციითაა აღიარებული თავისუფალი სიტყვის, სამართლიანი სასამართლოსა და სხვა ფუნდამენტური უფლებები. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფების სურვილს გამოხატავს და ყველა კონსტიტუციურ ორგანოს ავალდებულებს, „მიიღონ ყველა ზომა“ ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის.
ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში ინტეგრაციის მნიშვნელოვანი წინაპირობა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაა, რაც პრესისა და არასამთავრობო სექტორის განვითარებასაც გულისხმობს. წლების განმავლობაში ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედიასაშუალებები საერთაშორისო დონორების დახმარებით სარგებლობდნენ, რათა ხელი შეეწყოთ საზოგადოებისთვის საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული მიზნების მიღწევაში.
მაგრამ წულუკიანის საგამოძიებო კომისიის ანგარიში, რომელშიც ერთ-ერთი, ასგვერდიანი თავი საქართველოში მოქმედ წამყვან არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხება, ასკვნის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები უცხო ძალების დაფინანსებითა და დაკვეთით მონაწილეობდნენ საქართველოში მომხდარ თუ დაგეგმილ რევოლუციებში.
ანგარიშის 360-ე გვერდზე ვკითხულობთ: „ფერადი რევოლუცია“ ორკესტრირებული მოვლენების განვითარების წინასწარ შემუშავებული თარგია, რომლის გამოყენებაც ხდება ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლების დემონტაჟი უცხო ძალების მიერ არის გადაწყვეტილი. მისი დროში ამოქმედება, როგორც წესი, არჩევნების პერიოდს ემთხვევა და ყველგან ერთი სცენარით მიმდინარეობს: პირველ ეტაპზე ხდება გარე ძალების მიერ დაფინანსებული და მართული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის საშუალებებით არჩევნების გაყალბების მოლოდინის შექმნა, ხოლო არჩევნების დასრულების შემდეგ, შედეგების „არნახული მასშტაბით“ გაყალბების ილუზიის გაძლიერება. მომდევნო ეტაპზე ერთვებიან საერთაშორისო ორგანიზაციები და უცხო ქვეყნის საელჩოები, რომელთა წარმომადგენლებიც არჩევნების პროცესს ერთხმად აფასებენ, როგორც უსამართლოს. ახლად არჩეული პარლამენტი ცხადდება არალეგიტიმურად და, ბოლოს, იწყება მასობრივი პროტესტი, რომელსაც უნდა მოჰყვეს ხელისუფლების ცვლილება. სწორედ რევოლუციის ამ ტექნოლოგიის გამოყენებითა და წინასწარ შემუშავებული სცენარით მომზადდა და წარიმართა 2003 წლის ნოემბრის „ვარდების რევოლუციის“ სახელით ცნობილი სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში“.
კომისია ასკვნის, რომ შევარდნაძის შემდგომი პოლიტიკური პროცესები მთლიანად დასავლეთის მიერ იყო მართული.
თუმცა, რამდენიმე გვერდის შემდეგ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2003 წლის 20 ნოემბრის არჩევნებისას, რომელსაც „ვარდების რევოლუცია“ მოჰყვა, მართლაც შეუსაბამო მაჩვენებლები დაფიქსირდა, ცესკოს შედეგებით, ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკურ ძალას („ახალი საქართველოსთვის“) ჰქონდა პირველი ადგილი (21,3%), ხოლო მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალურ მოძრაობას“ - მეორე (18,8%). ამავე დროს ხმების პარალელური დათვლისა და „ეგზიტპოლების“ შედეგების მიხედვით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა 26,3% (26,4%), ედუარდ შევარდნაძის გუნდს კი - 18,9% (19%).
ანგარიშში ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში შეიჭრა, ედუარდ შევარდნაძე ისე წავიდა სახლში, გადადგომის შესახებ განცხადება არ დაუწერია, არც მაშინ, არც მერე.
„ქვეყანაში ხელისუფლების მიტაცების ზემოაღწერილი პროცესი 2003 წლის 22 ნოემბერს განვითარდა და იმავე დღეს მოინათლა „ვარდების რევოლუციად“, - ასე აფასებს კომისია ამ მოვლენებს.
რევოლუცია, კიდევ რევოლუცია, ისევ რევოლუცია
ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ დასავლეთის მხარდაჭერით არა მხოლოდ არასამთავრობო სექტორმა, არამედ აწ უკვე ოპოზიციაში მყოფმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა საქართველოში კიდევ რამდენჯერმე სცადეს რევოლუციის მოწყობა.
სულ მცირე, 10 რევოლუციის მოწყობის მცდელობების აღწერა თავმოყრილია თავში: მიხეილ სააკაშვილის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათთან დაკავშირებული პირების პოლიტიკურ ოპოზიციაში ყოფნის პერიოდი (2012-2025 წწ.)
14 გვერდი ეთმობა „ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების შეუძლებლობა”-ს.
შემდეგ კი 70 გვერდზე მეტი შეუმდგარი რევოლუციების - „კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მცდელობების“ აღწერაა.
სარჩევში ეს „მცდელობები“, რომელთა დროსაც საქართველოს მოსახლეობის ნაწილი საკუთარ კონსტიტუციურ უფლებებს იყენებდა და ხელისუფლების კონკრეტულ გადაწყვეტილებებს აპროტესტებდა, ასეა ჩამოწერილი:
- 2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის შტურმით აღების მცდელობა;
- საარჩევნო პროცესის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები ხელისუფლების უკანონოდ შეცვლის მიზნით;
- რევოლუციის მცდელობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში;
- 2020 წელს ჩავარდნილი რევოლუციის კორექტირების მცდელობა;
- რევოლუციის მცდელობა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კონტექსტში;
- რევოლუციის მცდელობა 2023 წელს გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის გამო;
- რევოლუციური მზადება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის;
- რევოლუციის მცდელობა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში;
- 2025 წელი – სოციალური შუღლის გაღვივებისა და საქართველოს საერთაშორისო ასპარეზიდან გარიყვის განახლებული მცდელობები;
- ომის პროპაგანდა;
- საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის განზრახ დაზიანება „ამომრჩევლის განრისხებისა“ და ხელისუფლების უკანონოდ შეცვლის მიზნით.
„ახალ ადამიანები“ „ღვაწლმოსილი მეცნიერების“ წინააღმდეგ
ანგარიშში „გადატრიალებების“ მცდელობისას ხაზგასმით აღინიშნება არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების როლი, არამედ იმ ახალგაზრდებისაც, რომლებიც, ანგარიშის მიხედვით, მიზანმიმართულად გამოზარდა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მოაშორა რა თსუ-ს „ღვაწლმოსილი მეცნიერები“ და ასევე, მაგალითად, დაფინანსება შეუწყვიტა „მწერალთა კავშირს“.
„საპროტესტო აქციების ტალღამ თვალსაჩინო გახადა „ნაციონალური მოძრაობის“დროინდელი განათლებისა და მეცნიერების დარგში განხორციელებული „რეფორმების“ შედეგები, რომელიც, თითქოს, ევროპული ღირებულებების დამკვიდრებას ისახავდა მიზნად. რეალურად კი, არაერთ შემთხვევაში, საგანმანათლებლო ორგანიზაციების მითვისების, მათში პარტიულად მიკერძოებული აკადემიური პერსონალის ჩანერგვისა და „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი რეჟიმის ყოფილი პოლიტიკური თანამდებობის პირების ლექტორებად დანიშვნის გზით, ახალგაზრდა თაობის ერთ ნაწილში ჩამოყალიბდა რადიკალურად მოაზროვნეთა ჯგუფი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ თავის ქმნილებებად განიხილავს და „ახალ ადამიანებად“ მიიჩნევს“, - წერია ანგარიშში.
ანგარიშში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებსა და იმ საპროტესტო ტალღას, რომელიც არჩევნებისა და 28 ნოემბრის შემდეგ დაიწყო, როდესაც სადავო მთავრობამ გადაწყვიტა, 2028 წლამდე შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. დოკუმენტის მიხედვით, პროცესები მთლიანად მართულია დასავლეთის მიერ და ოპოზიცია, ისევე როგორც მასთან ასოცირებული არასამთავრობო სექტორი, ხელს უწყობს დესტაბილიზაციას ქვეყანაში.
460-გვერდიანი ანგარიშის პარლამენტში წარდგენისას თეა წულუკიანმა გამოთქვა სურვილი, ის განათლების სამინისტრომაც განიხილოს.
„საქართველოს ისტორიის წიგნებში, სასწავლო წიგნებს ვგულისხმობ, ალბათ უნდა გადაისინჯოს 2004-2012 წლების პერიოდი როგორ არის მიტანილი ახალგაზრდებამდე“, - თქვა წულუკიანმა.
დროებითმა კომისიამ მუშაობა დაიწყო 2025 წლის თებერვალში. ჩაატარა 46 სხდომა, რომელთა ფარგლებშიც გამოიკითხა 139 ადამიანი.