სკანდალის მიზეზად იქცა არძინბას უახლოესი თანამებრძოლის, სერგეი შამბას სიტყვები იმაზე, სად იმყოფებოდა არძინბა აფხაზეთის ომის დასაწყისში.
14 აგვისტოს, ომის დაწყების წლისთავზე, YouTube-არხმა „კავკაზსკი აქცენტმა“ (Кавказский акцент) 1992-19993 წლების მოგონებებთან დაკავშირებული სპეციალური ეპიზოდი გამოაქვეყნა. პოდკასტის მთავარი სტუმარი "აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის" ყოფილი წევრი და ამჟამად დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი სერგეი შამბა იყო.
მან 1992 წლის 14 აგვისტოს მოვლენები გაიხსენა, მისეული ვერსია კი ბევრმა აღიქვა, როგორც არძინბას დადანაშაულება ღალატში.
ინტერვიუში შამბამ თქვა, რომ ომის პირველ დღეს ვერ შეძლო პოვნა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მაშინდელი თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბასი, რომელიც მოგვიანებით "რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი" გახდა.
"14 აგვისტოს ვლადისლავ არძინბას უთხრეს წასულიყო, ისიც წავიდა. წასვლისას მე მას ვუთხარი: "მოდი, ათონში შევხვდეთ და იქ წინააღმდეგობის შტაბი მოვაწყოთ, გამოქვაბულია იქ, დაბომბვის შემთხვევაში". რაღაცნაირად მიპასუხა: "კი, კი, კი" და დავიშალეთ, ის წავიდა...
მე სხდომათა დარბაზში დავბრუნდი და ვალერი კვარჩია ( ე.წ. ეროვნული კრების დეპუტატი) ამბობს: "მიდი შენ შენს საქმეებს მიხედე". მე ვპასუხობ: "როგორ წავიდე? ამას როგორ გამიგებენ", მან კი დაიჟინა: "მიდი, მიდი, წადი".
ჩავდივარ ათონში - ვლადისლავი იქ არაა. შემდეგ მივდივარ გუდაუთაში. ჩვენი გეგმის მიხედვით, გუდაუთის ბაზას უნდა დასხმოდნენ თავს და იარაღი წაერთმიათ. ადმინისტრაციის წინ ხალხი უკვე შეკრებილიყო. ვკითხულობ: "რატომ არ ქენით?". მპასუხობენ: "ვლადისლავი რას ამბობს?" მე ვეუბნები: "არ ვიცი, ვერ ვპოულობ". ისინი მეუბნებიან: "ჩვენ ვიცით სადაცაა, ვიცით როგორ დავუკავშირდეთ". ურეკავენ - "თურმე ვლადისლავი ეშერაშია, იმ დანაყოფში...“
ქვემო ეშერაში, სამხედრო სეისმური ლაბორატორიის ტერიტორიაზე ომის დროს რუსეთის შეიარაღებული ძალების ნაწილი იყო განლაგებული. შესაბამისად, შამბას სიტყვები ისე გაიგეს, რომ გადამწყვეტ მომენტში რესპუბლიკის მეთაური ადგილზე არ იმყოფებოდა.
მეტიც, ამავე ინტერვიუში შამბამ გამოთქვა ვარაუდი, რომ თითქოს არძინბა ედუარდ შევარდნაძესთან შეთანხმებული იყო ქართული ჯარების აფხაზეთში შეყვანასთან დაკავშირებით.
„ვლადისლავ არძინბასთან ერთად ვმსჯელობდით მოახლოებულ სხდომაზე, როდესაც მოულოდნელად მას ოჩამჩირის რაიონის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ დაურეკა (მაღალი სიხშირის კავშირით). მან შეატყობინა, რომ აფხაზეთის მიმართულებით ჯავშანტექნიკა მოძრაობდა. ვლადისლავ არძინბამ უსაყვედურა: „შეწყვიტეთ პანიკა“.
... მოგვიანებით, ოჩამჩირის რაიონის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ისევ რეკავს, ვლადისლავი ნერვიულობს და ეჩხუბება. მაშინ სიტუაცია ბოლომდე არ მესმოდა, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ ვლადისლავი შევარდნაძეს მოელაპარაკა. ეს ის მომენტი იყო, როდესაც გამსახურდიას მომხრეებმა (საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მომხრეები) მინისტრი ალექსანდრე კავსაძე გაიტაცეს და, არსებული ინფორმაციით, ის გალის რაიონში იმყოფებოდა. ქართველები აცხადებდნენ, რომ მხოლოდ კავსაძის გასათავისუფლებლად შევიდოდნენ და შორს აღარ წავიდოდნენ".
შამბა ამ გამონათქვამების გამო ბევრმა ღალატში დაადანაშაულა. პოლიტიკოსის სიტყვებს მყისიერი რეაქცია მოჰყვა. სოციალურ ქსელებში, Telegram-ის არხებსა და ვეტერანებს შორის სერგეი შამბას წინააღმდეგ ნამდვილი კამპანია დაიწყო.
სოციალურ ქსელებში წერდნენ:
„მას [შამბას] აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის შექმნაში პირადი დამსახურების აღიარება სურს. სერგეი მირონოვიჩ, გულწრფელად რომ გითხრათ, არ ღირდა ვლადისლავ გრიგორიევიჩის ლაჩრად წარმოჩენა, რომელიც, თითქოს რუსულ სამხედრო ბაზაზე იმალებოდა“;
"შური, გამყიდველის შური. ბევრმა, ვინც იქ იდგა, დაიწყო თავისი ნამდვილი ბუნების გამოვლენა. ახლა მოდური გახდა ისტორიის გადაწერა. საბრალო ქაღალდი რამდენს იტანს?"
„ვერ იტანენ, რომ ის მათზე ბევრად მაღალა დგას!“
„ცდილობენ ჩვენი იდეალების და ღირებულებების გაუფასურებას".
ბევრი ეთნიკური აფხაზისთვის ვლადისლავ არძინბა არის საკრალური ფიგურა, რომლის სახელიც ომში გამარჯვებას და დამოუკიდებლობის იდეას უკავშირდება. მის შესაძლო სისუსტეზე მინიშნებაც კი ეროვნული მეხსიერების შეურაცხყოფად აღიქმება.
ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაამ“ განცხადება გაავრცელა - შამბას სახელი არ უხსენებიათ, თუმცა მის მიმართ დამოკიდებულება მკაფიოდ გამოხატეს.
„ჩვენ არ გვსურს პოლემიკაში ჩავერთოთ და ვუპასუხოთ საეჭვო, სუბიექტურ განცხადებებს ვლადისლავ არძინბას ერთ-ერთი თანამებრძოლისა, რომელმაც ამდენი წლის შემდეგ გადაწყვიტა თვითშეფასების ან ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში თავისი როლის ამაღლება.
ვლადისლავ არძინბას შედარება აფხაზეთის ისტორიაში შეიძლება მხოლოდ ლეონიდების დინასტიის მეფეებთან, რომლებმაც შუა საუკუნეების დამოუკიდებელი აფხაზეთის სამეფო შექმნეს. მან ჩაუყარა საფუძველი დამოუკიდებელ სახელმწიფოს, თავის ხალხთან და ერთგულ თანამებრძოლებთან ერთად გაუძლო მკაცრ, მრავალწლიან ეკონომიკურ ბლოკადას და არ გატყდა, ის კლდესავით ურყევი იყო...“ - ნათქვამია "არუაას" განცხადებაში
ვეტერანმა ასლან კობახიამ უარყო შამბას ბრალდებები და თქვა, რომ არძინბა მართლაც იმყოფებოდა რუსეთის სასაზღვრო დანაყოფში, მაგრამ მხოლოდ მოსკოვთან კონტაქტის შესანარჩუნებლად. მისი თქმით, არძინბა პირადად ხელმძღვანელობდა მობილიზაციას და ხალხს წინააღმდეგობისკენ შთააგონებდა.
"როცა ბევრი გუდაუთაში გარბოდა, და ზოგიც ფსოუს იქეთ, მან ხალხს მიმართა, გამოაცხადა საყოველთაო მობილიზაცია, კადრებიც არსებობს, როცა ცდილობენ აიძულონ, ქართველ აგრესორებს მტერი არ უწოდოს. ვლადისლავი კაცურად შეხვდა მეტრს, მას ჩვენი წინააღმდეგობის ყველა მებრძოლმა დაუჯერა", - დაწერა მან ფეისბუკის გვერდზე.
კობახია წერს, რომ შორსაა იდეისგან, ვლადისლავი „წმინდანად“ შერაცხოს, თუმცა მიიჩნევს, რომ ბევრმა მას მრავალმხრივი ლიდერის ნიჭი ვერ აპატია.
ამასთან, დე ფაქტო ხელისუფლებასთან აფილირებულ ტელეგრამის არხებზე სერგეი შამბას მხარდამჭერი პოსტები გამოჩნდა. მათი მტკიცებით, ხელოვნურ სკანდალს ოპოზიცია აღვივებს პოლიტიკური შეტევის მიზნით.
Insider Абхазия-მ დაწერა, რომ შამბას წინააღმდეგ კამპანია დიდი თამაშის ნაწილია ისტორიის გადახედვისთვის. მათი განცხადებით, იგივე მეთოდები გამოიყენა ადგურ არძინბამ, როცა "არჩევნებისას" "პირველი პრეზიდენტის სახელით სპეკულირებდა".
"თუ ოპოზიციას რამის კრიტიკა სურს, თავისი მიღწევები წარმოაჩინოს, ქვეყნის პატრიოტებისთვის ტალახის სროლის ნაცვლად. მაგრამ მათ არაფერი აქვთ, თბილისიდან და ბრიუსელიდან გრანტების და საკუთარი წარუმატებლობის გამო წყენის გარდა. ვერ დავუშვებთ, რომ ამ პიგმეებმა ჩაძირონ ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ამაში მონაწილეები ისტორიაში დარჩებიან სამუდამოდ მოღალატეებად, რომლებმაც პოლიტიკური ანგარებით სინდისი გაყიდეს“, - წერს Insider Абхазия.
ადგილობრივ ოპოზიციურ არხებზე კი წერდნენ, რომ შამბამ უბრალოდ ზედმეტი ილაპარაკა. როგორც ტელეგრამის არხმა Абхазия-Центр-მა დაწერა, "ყველაფერი ტრადიციულად ქართულ მხარეს დაჰბრალდა".
კრიტიკის საპასუხოდ, სერგეი შამბამ საჯარო განცხადება გააკეთა. მან გამოწვეულ რეზონანსს „არაჯანსაღი“ და "ენგურსგაღმელი არაკეთილმოსურნეების“ მიერ პროვოცირებული უწოდა.
შამბა ირწმუნება, რომ მისი სიტყვები კონტექსტიდან იყო ამოღებული. თუმცა ინტერვიუს სრული ვერსია კვლავაც ხელმისაწვდომია YouTube-ზე, სადაც შესაძლებელია ნახვა, რომ ციტატები დამახინჯებული არაა.
თავის განცხადებაში შამბამ პატივისცემა გამოხატა თანამებრძოლის მიმართ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვლადისლავ არძინბას სახელი პოლიტიკური მანიპულაციის ინსტრუმენტი არაა და აფხაზეთის ისტორიასა და ხალხს ეკუთვნის.
"არასდროს დამიმცირებია და არც შევძლებ დავაკნინო დიდი ვლადისლავის კოლოსალური, საკრალური როლი ჩვენს საერთო გამარჯვებასა და დამოუკიდებელი აფხაზური სახელმწიფოს შექმნაში. როდესაც ვლადისლავ არძინბამ აიღო პასუხისმგებლობის უმძიმესი ტვირთი და ხალხს წმინდა ბრძოლაში მიუძღვებოდა, მე მას მხარდამხარ ვედექი, ისევე როგორც ბევრი თქვენგანი. <...> ერთად ვუყრიდით ჩვენს სახელმწიფოებრიობას საფუძველს და ეს არის ისტორიული ფაქტი, რომელიც გადახედვას არ ექვემდებარება, - ნათქვამია განცხადებაში.
შამბამ საზოგადოებას სიბრძნისა და თავშეკავებისკენ მოუწოდა, თუმცა მისი ღია წერილის გამოქვეყნების შემდეგაც, არ ჩამცხრალა დაძაბულობა მის მიერ ნათქვამის გამო.