როგორ აპირებს "ოცნებისთვის" თბილისის "გამოგლეჯას"? - ინტერვიუ ირაკლი კუპრაძესთან

ირაკლი კუპრაძე

“გარანტიას გაძლევთ, რომ ამ [საარჩევნო] პროცესიდან “ქართული ოცნება” გამოვა უფრო დასუსტებული”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას 31 წლის ირაკლი კუპრაძე, "ძლიერი საქართველო - ლელოს” გენერალური მდივანი, რომელიც თბილისის მერობის კანდიდატად ორმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ წარადგინა.

“ძლიერი საქართველო - ლელო” და “გახარია საქართველოსთვის” 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის გაერთიანებული ძალისხმევით და შეთანხმებული კანდიდატებით ემზადებიან, მაშინ, როდესაც პროდასავლური ოპოზიციური პარტიების მეორე ნაწილი საკუთარ ამომრჩევლებს არჩევნებზე არმისვლისკენ მოუწოდებს. "ლელოსგან" და გახარიას პარტიისგან განსხვავებით, მათთვის არჩევნებში მონაწილეობა არა მხოლოდ “ოცნების” ხელისუფლების ლეგიტიმაციას, არამედ საპროტესტო მოძრაობის დაზიანებასაც ნიშნავს.

ირაკლი კუპრაძე, რომლის პარტიის ორი ლიდერი - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - დღეს დაპატიმრებულია, კვლევებს იშველიებს და ირწმუნება, რომ “ქართული ოცნების” კანდიდატის, კახა კალაძის დამარცხების “70%-იანი შანსი” არსებობს და ეს შანსი პროდასავლური პროტესტის გასაძლიერებლადაც უნდა გამოიყენონ.

ახალგაზრდა კაცი, რომელიც პოლიტიკაში აქტივიზმიდან მოვიდა, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუშიც იმეორებს სიტყვებს, რომელთა გამოც ოპონენტების დამცინავი კომენტარებისა და მწვავე შეფასებების ადრესატი გახდა - “თბილისი უნდა გამოვგლიჯოთ “ქართულ ოცნებას”.

კონკრეტულად როგორ წარმოუდგენია ეს "გამოგლეჯა", რა აქვს სათქმელი ამომრჩევლებისთვის? როგორ შეარჩიეს კანდიდატად და განიხილებოდა თუ არა მერაბ სეფაშვილის კანდიდატურაც? - ირაკლი კუპრაძემ რადიო თავისუფლების შეკითხვებს უპასუხა.

ასევე ნახეთ გახარიას და ხაზარაძის პარტიებმა თბილისის მერობის კანდიდატად ირაკლი კუპრაძე დაასახელეს

ფაქტები ირაკლი კუპრაძის ბიოგრაფიიდან:

  • დაიბადა ბათუმში - 1994 წელს;
  • 2012 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე;
  • დააფუძნა სტუდენტური მოძრაობა - “სტუდენტური სოლიდარობა”;
  • იყო მოძრაობა “მწვანე მუშტის” აქტიური წევრი - ეკოლოგიის, გარემოს დაცვის, განათლების, შრომითი უფლებების მიმართულებებით;
  • უნივერსიტეტში სწავლის დროს ცხოვრობდა თსუ-ს სტუდენტურ საცხოვრებელში; მუშაობდა, მათ შორის, მიმტანადაც;
  • 2019 წელს გაწევრიანდა “ლელოში”; მანამდე პარტიის წევრი არ ყოფილა;
  • 2023 წლიდან გახდა "ლელოს" გენერალური მდივანი;
  • სამჯერ დათმო მანდატი: ბათუმის საკრებულოში [2021 წელი] და პარლამენტში [2021 და 2024 წლებში]. 2021 წელს დეპუტატობა მას უწევდა როგორც ადგილმონაცვლეს, როდესაც მამუკა ხაზარაძემ მანდატი დატოვა, თუმცა პარტიული სია "ჩახსნილი" იყო.


“მე ვერასდროს ვერ გავხდები თბილისელი… ბათუმელი ვარ” - რადიო თავისუფლების გადაცემა “შვილში” ორი წლის წინ ნათქვამი ეს სიტყვები ირაკლი კუპრაძეს მერობის კანდიდატად დასახელებისთანავე გაახსენეს. გვეუბნება, რომ ისევ ამ აზრზეა, ამაყობს ბათუმელობით და მისთვის პატივია ემსახუროს დედაქალაქს, სადაც 17 წლის ასაკიდან ცხოვრობს და "ბევრი ბრძოლაც" გადაუტანია.

“მაიმუნი ვირიშვილი” - თბილისის ყოფილმა მერმა [2014-2017 წლები] , "ქართული ოცნების" მხარდაჭერილმა დავით ნარმანიამ ასე მიმართა ირაკლი კუპრაძეს, წლების წინ, როდესაც აქტივისტი სტუდენტის მწვავე კრიტიკა ვერ აიტანა.

როგორც აქტივიზმის, ისე პარტიული საქმიანობისას, ირაკლი კუპრაძე ბევრჯერ არის დაკავებული ადმინისტრაციული წესით, ძირითადად საპროტესტო აქციებში მონაწილეობის დროს. ყველაზე ბოლოს მარტში, პროევროპული პროტესტის ფარგლებში დააკავეს. თბილისის გარდა, როგორც იხსენებს, მჯდარა ქობულეთის, ბათუმისა თუ სამტრედიის იზოლატორებში - ჯამში ასე 15-20 დღე გამოვიდოდა, ზუსტად არ მახსოვსო. აქედან ყველაზე ხანგრძლივად 8 დღით მოუწია პატიმრობა.


რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი, როგორც მერობის კანდიდატის მთავარი ამოცანა”? როცა გითხრეს თბილისის მერობის კანდიდატი იქნებიო, რა გაიფიქრეთ პირველად?

ირაკლი კუპრაძე: პირველ რიგში, სირთულე ბრძოლის და პასუხისმგებლობა - სრულიად მაქვს გააზრებული, რა ტიპის ძალას ვეწინააღმდეგები. მაგრამ მე ბრძოლის ველიდან არასოდეს გავქცეულვარ, მათ შორის - საპროტესტო აქციებზე ვერავინ მნახავდა ახალგაზრდების უკან მიყუჩებულს. ყოველთვის წინ ვიდექი - სპეცრაზმსა და ახალგაზრდებს შორის. ამიტომაც არის ჩემს პარტიულ თუ აქტივისტურ წარსულში ამდენი დაკავება, ანგარიშსწორება.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ორჯერ მოუწია ჩემი აღიარება დაზარალებულად, როცა დაკავებებს საკმაოდ მძიმე ფიზიკური ანგარიშსწორება მოჰყვა.

ვფიქრობ, რომ თითოეული ბრძოლის ველის გამოყენება არის სწორი და მათ შორის - ბრძოლა ქალაქებისთვის. მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილს არ უნდა მივცეთ საშუალება, მოახდინოს ძალაუფლების სრული კონსოლიდაცია [თვითმმართველობის დონეზე]. ამ ძალაუფლებას ისევ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენებს… არჩევნებს ბრძოლას ვეძახი. ეს არის ურთულესი პროცესი. ერთი წამით ამოსუნთქვის საშუალება ჩვენ არ გვაქვს.

არ შეიძლება, რომ ევროპული ქალაქი ხელში ჩავუგდოთ რუს მერს და ჯგუფს, რომელიც თითოეულ გადაწყვეტილებას რუსული ინტერესების გავლენის ქვეშ იღებს.

როცა კალაძის რეიტინგი 23%-ია, არ შეიძლება, რომ 70%-მა პროდასავლურმა, ევროპულმა უმრავლესობამ ეს ბრძოლა დათმოს…

რადიო თავისუფლება: და რა იქნება ბრძოლის შედეგი? რა შედეგს ელოდებით?

ირაკლი კუპრაძე: ერთი ის, რომ ამ 70%-მა ასახოს საკუთარი ნება და კი, გამოვგლიჯოთ [“ქართულ ოცნებას”] თბილისი; ან მეორე - ამხელა სხვაობის გაყალბებისთვის “ქართულ ოცნებას” ალბათ მოუწევს, რომ დამხვრიტოს საარჩევნო უბანთან. სხვანაირად, ასე მარტივად ხომ ვერ გაივლის 30%-იანი გაყალბების ფაქტი?!… ან შეცდომები უნდა დავაშვებინოთ “ქართულ ოცნებას” და ვანახოთ მათი რეალური სახე, ან უნდა დავამარცხოთ.

რა თქმა უნდა, დაგვაგვიანდა იმის თქმა, რომ მზად ვიყავით და მივდიოდით ამ ბრძოლაში. დიდი ხნის განმავლობაში ვესაუბრებოდით ოპოზიციურ პარტიებს, რომ ეს გადაწყვეტილება მიგვეღო ერთობლივად და არ დაგვეკარგა შანსი.

ირონიულად უწოდებენ ხოლმე [თვითმმართველობის არჩევნებს] მოხრეშვის და კანალიზაციის არჩევნებს, მათ შორის ჩვენი კოლეგა ოპოზიციონერები. მაგრამ ამ ქალაქში ადამიანები კვდებიან - თბილისში 10 ათასი ავარიული სახლია… პარკებში ბავშვები ხან ორმოში ვარდებიან და კვდებიან, ხან შადრევანში, ხან ჯართის შეგროვებისას კვდებიან. ხალხს ეს პრობლემები აწუხებს, სიღარიბე აწუხებს, სოციალური საკითხები აწუხებს, რასაც შემდეგ, მათზე წნეხით და შეშინებით, ჩვენს წინააღმდეგ იყენებს “ქართული ოცნება”.

რადიო თავისუფლება: ამ საკითხებზე დაელაპარაკებით ხალხს? თუ უფრო იმაში დარწმუნება მოგიწევთ, რომ საერთოდ მოვიდნენ არჩევნებზე?

ირაკლი კუპრაძე: ყველაფერზე ერთად დაველაპარაკებით. ვილაპარაკებთ იმაზე, რომ ამ ქვეყანას სჭირდება ახალი საპარლამენტო არჩევნები, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება გარდაუვალი საკითხია. ვისაუბრებთ კორუფციაზე - როგორ ცდილობს ხელისუფლება კორუფციის გზით ფინანსების მობილიზებას და ხალხის წინააღმდეგ გამოყენებას. ვისაუბრებთ უსამართლობაზე, ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე, შანტაჟზე - ყველაფერზე უნდა ველაპარაკოთ.

ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის შეჩერების შემდეგ, “ქართულმა ოცნებამ” ბევრი ამომრჩეველი დაკარგა - ერთდროულად ჩამოაკლდა 15%-მდე მხარდაჭერა. ეს ადამიანებიც ეძებენ პროევროპულ პარტიას, რომელიც მათ ინტერესებს ასახავს…

მათაც მივმართავ, რომლებმაც 2024 წელს სხვა პარტიებს დაუჭირეს მხარი. მათაც უნდა გადაწყვიტონ - როცა 70%-ს შეადგენენ, უნდა დაუთმონ თუ არა ყველაფერი 23%-იან “რუსულ ოცნებას”.

რადიო თავისუფლება: ვთქვათ, დაგხვდათ თბილისის რომელიმე უბანში ამომრჩეველი და გკითხათ: საკრებულოს და პარლამენტის მანდატები უკვე სამჯერ რომ გაქვთ დათმობილი და სიტუაცია არ შეცვლილა, როდესაც საერთაშორისო პარტნიორები უკვე “ქართული ოცნების” იზოლაციაზე ლაპარაკობენ, ახლა რატომღა მონაწილეობთ არჩევნებშიო, რას უპასუხებდით? დრო რომ დაბრუნდეს, იმ მანდატებს ისევ დათმობდით?

ირაკლი კუპრაძე: წინა წლებში სამივე გადაწყვეტილება იყო სწორი და ახლა რომ დამიბრუნდეს ის არჩევანი, იმავეს გავაკეთებდი. მაშინ, როცა ვთმობდი მანდატებს, პარალელურ რეჟიმში ვაგრძელებდი ბრძოლას ქუჩაში. ეს ყოველთვის იყო უფრო მძაფრი ბრძოლის ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობა ჩემთვის.

და ახლა რატომ ვხედავ მონაწილეობის აზრს? იმიტომ, რომ თბილისში ასეთი ძლიერი პროდასავლური საზოგადოება არასოდეს ყოფილა.

თბილისმა უარი უთხრა პროპაგანდას. 2024 წელსაც გაყალბდა არჩევნები, მაგრამ თბილისში დამარცხდა “ქართული ოცნება” და მას შედეგ კიდევ უფრო გაუარესდა “ქართული ოცნების” მდგომარეობა დედაქალაქში.

რადიო თავისუფლება: თქვენ ამბობთ, რომ, გამარჯვების შემთხვევაში, ოპოზიციონერი მერი პროტესტსაც გამოადგება. კონკრეტულად როგორ?

ირაკლი კუპრაძე: დღეს თბილისის მერი ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის პირია - მილიონ-ნახევრიანი ქალაქი მას პირდაპირი წესით ირჩევს. არც პრეზიდენტი და არც პრემიერ-მინისტრი არ არიან ასეთი მაღალი ლეგიტიმაციის მატარებელი. პრეზიდენტს 300-წევრიანი ხმოსანთა საბჭო [საარჩევნო კოლეგია] ირჩევს, ხოლო პრემიერ-მინისტრს 150-წევრიანი პარლამენტი.

მერს შეუძლია ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციით ისაუბროს საგარეო ასპარეზზეც - საქართველოს ევროპულ მომავალზე, პოლიტპატიმრებზე და ასე შემდეგ. ეს როლი არ უნდა ერგოს კახა კალაძეს, რადგან ის წარმოადგენს რუსულ რეჟიმს...

მე რომ თბილისის მერი ვიყო, ყოველდღე გამოვცემდი ნებართვას აქციის ჩატარებისთვის რუსთაველის გამზირზე და ვეღარავინ შეძლებდა მოქალაქეების, პროტესტის მონაწილეების დაჯარიმებას.

პროევროპელი მერი რომ იდგეს რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეებთან ერთად, ეს სულ სხვა ტიპის ლეგიტიმაციაა; ეს სულ სხვა ტიპის დაცულობაა საჯარო მოხელეებისთვის - ისინი თავისუფლად გავლენ ქუჩაში… რამდენიმე თვეა გრძელდება ხალხის გათავისუფლება საჯარო სამსახურებიდან, მათ შორის, პოპულარულ სახეებს საჩვენებლად ათავისუფლებენ. ეს შიშის დანერგვის მცდელობაა...

მე არ ვამბობ, რომ საუკეთესო ვერსია ვარ ამ ბრძოლაში, მაგრამ მე მომიწია ამ პასუხისმგებლობის აღება, რადგან სწორად მიმაჩნია ეს გზა და რადგან სოციალური კვლევაც ამას გკარნახობს, პასუხისმგებლობაც უნდა აიღო.

რადიო თავისუფლება: სწორად გავიგე, რომ სოციალური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით დაგასახელეს კანდიდატად?

ირაკლი კუპრაძე: დიახ, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იყო. ღიად ვამბობდით, რომ ვატარებდით სოციოლოგიურ კვლევას. დავტესტეთ, მათ შორის - როგორც პარტიულ-პოლიტიკური, ასევე არაპარტიული სახელები და გვარები… რაც გვიკარნახა თბილისელების განწყობამ და ნებამ, ვცადეთ ის აგვესახა გადაწყვეტილებაზე.

ბევრი საინტერესო სახელი და გვარი დავტესტეთ… შემდეგ რომ გაავრცელა ტელეკომპანია “იმედმა”, [მომღერალ] მერაბ სეფაშვილს ასახელებენ კანდიდატადო. მერაბ სეფაშვილთან კომუნიკაციაც კი არ გვქონია ამ საკითხზე. სოციალურ კვლევებში შეგიძლია ნებისმიერი ადამიანი დატესტო, უბრალოდ მერაბმა მეტი ყურადღება მიიქცია “ქართული ოცნების” პროპაგანდისგან.

რადიო თავისუფლება: ევროპარლამენტის მიერ ივლისში დამტკიცებულ რეზოლუციაში წერია, რომ 4 ოქტომბრის არჩევნები არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად, ოპოზიციის მთავარი ლიდერების დაპატიმრების გამო. დაკავებულთა შორის არის თქვენი პარტიის ორი ლიდერი: მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე… ამაზე რას იტყოდით?

ირაკლი კუპრაძე: რა თქმა უნდა, სრულიად ვეთანხმებით ამ [რეზოლუციის] ჩანაწერს. სამართლიანი და თავისუფალი ვერ იქნება ეს არჩევნები იმის გამო, რომ პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც უნდა იყვნენ გამწევი ძალა არჩევნების პროცესში, ხელოვნურად აქვთ შეზღუდული თავისუფლება. მათი მხარდაჭერა უზარმაზარია საპატიმროდანაც, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს უთანასწორო, უსამართლო მოცემულობაა.

მაგრამ ჩვენ არასდროს გავქცეულვართ ბრძოლიდან და არც ამ ბრძოლას გავექცევით, მიუხედავად იმისა, რომ უთანასწორო, უსამართლო ბრძოლა იქნება.

ბიძინა ივანიშვილის დამარცხების შესაძლებლობას ნებისმიერ ველზე გამოვიყენებთ და ვეცდებით.

რადიო თავისუფლება: ამ არჩევნებისთვის “ქართულმა ოცნებამ” არ მოიწვია OSCE/ODIHR-ის [ეუთო/ოდირი] სადამკვირვებლო მისია, რომლის დასკვნაც ყველაზე სანდოა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის… ასევე, პროცესში მონაწილეობას აზრსმოკლებულად და პრობლემურად თვლიან ადგილობრივი მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციებიც. სადავო პარლამენტში დამტკიცებული ახალი კანონებით, მათ დაფინანსების პრობლემებიც აქვთ. თქვენ რა ძალით, როგორ აპირებთ საარჩევნო პროცესის კონტროლს?

ირაკლი კუპრაძე: ჩვენ გვეყოლება 6 ათასამდე წარმომადგენელი საარჩევნო უბნებზე [საუბნო კომისიის წევრების ჩათვლით] - ეს მხოლოდ ჩვენს პარტიას - “ძლიერი საქართველო - ლელო” - და დარწმუნებული ვარ, თავის კვოტას გამოიყენებს გახარიას გუნდიც.

მაქსიმალურად ვეცდებით, რომ წარსული შეცდომების გააზრების პირობებში შევძლოთ, რომ დავიცვათ ხმები და ვამხილოთ ივანიშვილის “ქართული ოცნების” გაყალბების რუსული მექანიზმები.

ასევე ნახეთ ფრაგმენტი კვლევიდან: ოპოზიციის მხარდამჭერები მუნიციპალური არჩევნების ბოიკოტს ემხრობიან

ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ აქტიურად ესაუბრებიან საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და თვეში ერთხელ მაინც აქვთ ვიზიტები ბრიუსელში, ლონდონსა და ვაშინგტონში. “უახლოეს დღეებშიც გვექნება შეხვედრები”, - ამბობს ის.


ასევე ნახეთ თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარება შეუძლებელია - ISFED თვითმმართველობის არჩევნებზე
  • 18 აგვისტოს ევროპის მოედანზე (ე.წ. რიყის პარკში) გამართულ პრეზენტაციაზე, ორმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ სხვა შეთანხმებული კანდიდატებიც დაასახელა: საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად გიორგი შარაშიძე - “გახარია საქართველოსთვის” წევრი, ხოლო თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატებად ალეკო ელისაშვილი - “ლელო - ძლიერი საქართველოს” წარმომადგენელი და ტატა ხვედელიანი - “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენელი.
  • პოლიტიკურმა გაერთიანებებმა - “გახარია საქართველოსთვის” და “ძლიერი საქართველო - ლელო” - ძალების შეკავშირების გადაწყვეტილება თვითმმართველობის არჩევნებისთვის მიიღეს და 14 ივლისს თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. მცდელობების მიუხედავად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მსგავსი ერთობა ვერ შედგა.
  • ამ ორმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ცესკოს მონაცემებით, ჯამში 26 სადეპუტატო მანდატი მიიღო: “ძლიერი საქართველო - ლელო” - 8,81% [14 მანდატი], “გახარია საქართველოსთვის” - 7,78% [12 მანდატი]. მათი მანდატები სადავო პარლამენტმა სხვადასხვა დროს გააუქმა.