ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა უფლება მისცა საქმის მთავარ გამომძიებელს, არსენ ხუნაშვილს თავისი მეხსიერების ბარათიდან ჩაერთო ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ მტკიცებულებულად არსებული ვიდეო.
ვიდეოს ამ ვარიანტს ხმა აქვს, სასამართლოში დაცული დედანი კი უხმოა, როგორც ეს 23 ივლისის სხდომაზე გაირკვა.
ასევე ნახეთ ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ მტკიცებულებად წარდგენილი ვიდეო უხმოა - მას ძალადობის ორგანიზებას ედავებიან„14-წუთიანი ვიდეო, რაზეც ადვოკატები საუბრობენ არის ინფორმაციული. ზვიად ცეცხლაძე თანმხლებ პირთან ერთად საუბრობს უწყვეტ რეჟიმში, ეს ვიდეო გადმოვწერე და ჩავწერე დისკზე, ვინახავ ყველა ვიდეოს ერთად ფლეშმეხსიერების ბარათზე, გთხოვთ, მომცეთ საშუალება ეს ვიდეო ჩავრთო და ერთად მოვუსმინოთ", - თქვა არსენ ხუნაშვილმა.
ადვიკატის გუჯა ავსაჯანიშვილის თქმით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ საუბარია ერთსა და იმავე ვიდეოზე.
ადოკატის შოთა თუთბერიძის განმარტებით, ვიდეოს მხარეები არ იცნობენ.
„ჯიბიდან "ფლეშკის" გამოძრობა და კომპიუტერზე შეერთება... ეს ვიდეო არ არის მხარეებთან გაცვლილი, მისი წარმომავლობა უცნობია... ახლა ვმსჯელობთ იმაზე, რომ მოწმის სახით მოსულა ადამიანმა ჯიბიდან ამოიღოს "ფლეშკა" და ვიდეო ჩართოს?"
პროკურორი: "არ აქვს ამის უფლება? სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 115-ე მუხლის მეშვიდე ნაწილი წაიკითხეთ.....[კითხულობს] არა ბატონო ვაჟა, ამას თქვენ ახლა აქ ვერ გაატარებთ.... რაც შეეხება აუდიოვიდეო ჩანაწერს, წარმოიდგინეთ დაცვის მხარე რომ მოვიდეს და თქვას, მე ახალი მტკიცებულება მომაქვსო"
მოსამართლე: "მტკიცებულების სახით ვიკვლეთ ახლა?"
დღევანდელ სხდომაზე მოწმე და საქმის პროკურორები დაეყრდნენ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 115-ე მუხლის მეექვსე და მეშვიდე პუნქტებს, რომლის თანახმად, დაკითხვისას მოწმეს შეუძლია გამოიყენოს დოკუმენტი, ჩანაწერი ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი.
მხარეებს შეუძლიათ დასაკითხ პირს მოსთხოვონ დოკუმენტი, ჩანაწერი ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, რომელსაც იგი იყენებდა დაკითხვისას, ხოლო შემოწმების შემდეგ დაუბრუნონ მას ან დაურთონ საქმეს.
ადვოკატები მეხსიერების ბარათიდან ვიდეოს ჩართვას ეწინააღმდეგებოდნენ. რევაზ აჭარაძე მოელოდა, რომ მოსამართლე ვიდეოს მტკიცებულებად ჩართვას არ დაუშვებდა
„მიკვირს კიდეც, რომ ამდენი მსჯელობა დაგვჭირდა, დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო ამას არ დაუშვებს... მოვიდა გამომძიებელი და აგერ ვიდეო მაქვსო? წარმოუდგენელი დარღვევაა", - თქვა რევაზ აჭარაძემ.
გუჯა ავსაჯანიშვილმა კი დაამატა: "თუ მოწმეს სურს საქმის მასალით იხელმძღვანელოს, არის ვიდეო და იხელმძღვანელოს [უხმო ვიდეოა - რ.თ.]... სანამ ეს "ფლეშკა" შეერთდება მანამდე უნდა დასაბუთდეს, რომ მისი მოტანილი ვიდეო, იგივეა, რაც საქმეში, ბატონი არსენი ამბობს, ხმა აქვსო და საქმეში ხმიანი ვიდეო არ არსებობს... ბატონ არსენს შეუძლია "ფლეშკა" ხელში ეჭიროს".
ინსაფ ალიევის ადვოკატი აიჰან ჰასანლიმ თქვა, რომ ბრალდების მხარე 115-ე მუხლს არაკეთილსინდისიერად განმარტავს.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ვიდეოს ჩართვის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. რის შემდეგაც ბრალდებულებმა განაცხადეს, რომ პროტესტის ნიშნად სხდომას დატოვებდნენ.
„მას შემდეგ, რაც გადაღება აიკრძალა ვიდეოები იდება AI-ის გენერირებული, იმ ვიდეოების ავთენტურობას ხომ ვერავინ ენდობა... გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ამ ვიდეოს [რაც უნდა ჩართონ] ავთენტურობას ვენდოთ, ასევე უკიდურესად სუბიექტურები არიან და ამ ვიდეოზე ხმოვანიც სუბიექტურად გახმოვანებული იქნება. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება დავტოვოთ პროცესი და ადვოკატებსაც იგივესკენ მოვუწოდებთ", - ბრალდებულების პოზიცია გამოხატა ზვიად ცეცხლაძემ.
მოსამართლე დაინტერესდა, "რა უფლება დაირღვა" , მას თორნიკე გოშაძისა და ირაკლი მიმინოშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ უპასუხა, "რა უფლება დაირღვა და სამართლიანი სასამართლოსი".
ადვოკატებმა სხდომაზე შესვენების გამოცხადება მოითხოვეს, რათა დაცვის ქვეშ მყოფებთან პოზიციები შეეთანხმებინათ. ბრალდებულებმა დარბაზი დატოვეს.
შუამდგომლობის დაკმაყოფილების მიუხედავად, დღევანდელ სხდომაზე გამომძიებლის მიერ მეხსიერების ბარათით მიტანილი ვიდეო არ ჩაურთავთ.
სხდომის დასასრულს გაირკვა, რომ გაუქმდა, წინასწარ 30 ივლისს, დანიშნული სხდომა და შემდეგი სხდომა 4 აგვისტოს გაიმართება, რაც ასევე წინასწარ იყო განსაზღვრული.
23 ივლისს სასამართლო სხდომაზე გაირკვა რომ, პროკურატურის მიერ სასამართლოსთვის გადაცემულ საქმის მასალებში არსებულ ვიდეოს, რომელიც პროდასავლურ აქციებზე დაკავებული დემონსტრანტის ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ მტკიცებულებადაა წარმოდგენილი, ხმა არ ჰქონდა.
საუბარია, 30 ნოემბერს „დაფიონის“ ფეისბუკგვერდზე, პირდაპირ ეთერში გადაცემულ 14-წუთიან ვიდეოზე, რომელიც ახლა ხელმისაწვდომი აღარაა. კომენტარებში ზვიად ცეცხლაძეს, მაყურებლებიდან რამდენიმე აფრთხილებს, „შეიძლება დაგაკავონ“. ეს ვიდეო პროკურატურის მთავარი მტკიცებულებაა ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ. მას ამ ვიდეოსა და მის შინაარსზე დაყრდნობით ედავებიან ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას.
ზვიად ცეცხლაძის თანახმად, ვიდეოში ის საუბრობს, როგორ უნდა დაიცვან თავი მოქალაქეებმა დარბევისას, როგორც გაუმკლავდნენ მოძალადე პოლიციელებსა და სპეცრაზმელებს და ასე შემდეგ.
როგორც წესი, საქმის მასალებს სასამართლოსა და დაცვის მხარეს პროკურატურა აწვდის. ბუნდოვანი გახდა, როგორ გამოიკვლევდნენ ვიდეოს, ვინაიდან სასამართლოს უხმო ვერსია აქვს.
პროდასავლურ აქციებზე დაკავებული 8 დემონსტრანტიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს - ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს - კი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.