კრემლში განაცხადეს, რომ მოსკოვისა და ბაქოს ურთიერთობებში „რთული პერიოდია“

ფოტო არქივიდან. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. ბაქო. 2024 წლის აგვისტო

კრემლი აღიარებს, რომ რუსეთს აზერბაიჯანთან ურთიერთობა დაეძაბა.

პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დღეს, 21 ივლისს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსკოვს და ბაქოს აქვთ ურთიერთობების მყარი საფუძველი, ინტერესთა თანხვედრა და ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობა, მაგრამ ზოგჯერ, ქვეყნებს შორის დგება „რთული პერიოდი“ და დღეს „ერთ-ერთი ასეთი პერიოდია“.

პესკოვის თქმით, იმედი აქვთ, რომ „ეს პერიოდი გაივლის".

ჟურნალისტების შეკითხვას, რომ აზერბაიჯანი აპირებს რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივლოს აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის გამო, პესკოვმა უპასუხა, რომ გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და თუ აზერბაიჯანი მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს მისი უფლებაა და რუსეთი ოფიციალურ ვერდიქტს დაელოდება.

ასევე ნახეთ „დასაჯონ, ვინც ჩვენი თვითმფრინავი ჩამოაგდო“, - აზერბაიჯანი რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივის

ავიაკომპანია AZAL-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, 2024 წლის დეკემბერში ყაზახეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა მას შემდეგ, რაც რუსმა ავიადისპეტჩერებმა არ მიიღეს და ყაზახეთისკენ გაუშვეს.

არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის ზემოქმედებით იყო დაზიანებული და კატასტროფა ამის გამო განიცადა. დაიღუპა 38 ადამიანი.

ბაქოსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბა 2025 წლის ივნისში, რუსეთში ეთნიკური აზერბაიჯანელების წინააღმდეგ მსხვერპლის გამომწვევი რეიდების გამო.

ასევე ნახეთ რუსეთი აღარ არის აზერბაიჯანის უფროსი ძმა
ასევე ნახეთ “კიდევ ერთხელ შეცდა” - ასლან ისმაილოვი პუტინის „გეოპოლიტიკურ კრუნჩხვებზე“