სლოვაკეთი აღარ დაადებს ვეტოს უკრაინაში ომის გამო ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-18 პაკეტის მიღებას. ამის შესახებ 17 ივლისს ღამით, ფეისბუკით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ.
მისი ინფორმაციით, სლოვაკეთმა სანქციების ახალი პაკეტი ექვსჯერ დაბლოკა, პოზიციის შეცვლა კი განაპირობა ევროკომისიისგან მიღებულმა წერილობითმა გარანტიებმა, რომლებსაც ხელს პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი აწერს და ეხება გაზის შესაძლო დეფიციტს და ფასს, ტრანსპორტირების ხარჯებს და შესაძლო მაღალი ფასითა და დეფიციტით გამოწვეულ კრიზისულ სიტუაციებს.
როგორც ფიცომ განაცხადა, სანქციების ახალი პაკეტის ბლოკირების გაგრძელება კონტრპროდუქტიული იქნება და სლოვაკეთის ინტერესებს დააზიანებს.
ასევე ნახეთ უნგრეთმა დაბლოკა ევროკავშირის წევრობაზე უკრაინასთან მოლაპარაკებების გახსნაამასთან, როგორც სლოვაკური გამოცემა TASR-ი წერს, ფიცომ განაცხადა, რომ არასდროს დაუჭერს მხარს ევროკავშირში რუსული გაზის იმპორტის სრულად აკრძალვას(2028 წლის 1 იანვრისთვის), რომელიც გათვალისწინებულია ინიციატივით RePowerEU, რადგან ეს დააზიანებს ევროკავშირის, განსაკუთრებით სლოვაკეთის კონკურენტუნარიანობას.
RePowerEU-ს ასამოქმედებლად ევროკავშირის სახელმწიფოთა უმრავლესობის თანხმობაა საჭირო. ქვეყნებს ვეტოს უფლება არ აქვთ.
სლოვაკეთს რუსულ „გაზპრომთან“ კონტრაქტი 2034 წლამდე აქვს გაფორმებული. მედია წერდა, რომ პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო მუდმივად მოითხოვდა ამ კონტრაქტის შენარჩუნებას ან შეწყვეტის შემთხვევაში ევროკავშირისგან კომპენსაციის და ენერგოუსაფრთხოების გარანტიების მიღებას.
17 ივლისს ფიცომ განაცხადა, რომ სანქციების მე-18 პაკეტზე სლოვაკეთის ბლოკადის მოხსნის შემდეგ დაიწყება რუსული გაზისთვის ბრძოლის მეორე ფაზა, სლოვაკეთს უკვე აქვს თავისი ინტერესების დაცვის გეგმა და შექმნილია სპეციალური შტაბი ევროკომისიისგან მიღებული გარანტიების რეალიზაციისა და კონტროლისთვის. ფიცომ ევროკავშირი გააფრთხილა, რომ თუ შედეგი არ იქნება, სლოვაკეთის თანხმობა დასჭირდება სანქციების მომდევნო მე-19 პაკეტსაც, რომელზეც ევროკომისია უკვე მუშაობს.
ასევე ნახეთ კიევიდან უპასუხეს სლოვაკი მინისტრის განცხადებას რუსეთისთვის პატიების შესახებევროკომისიას თვეზე მეტია მზად აქვს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ახალი, მე-18 პაკეტი, რომლის დამტკიცებასაც ევროკავშირი ვერ ახერხებს სრული თანხმობის არარსებობის გამო. სანქციების ახალი პაკეტი ეხება სხვადასხვა სფეროს, მათ შორის საბანკო სექტორს და იარაღის წარმოებას.
მე-18 პაკეტით გათვალისწინებულია ბარელი რუსული ნავთობის საექსპორტო ფასის ზედა ზღვრის 60-დან 45 დოლარამდე შემცირებაც, რასაც ეწინააღმდეგება ევროკავშირის წევრი მალტა.
სანქციების დამტკიცებას ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება.