Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთმა დაბლოკა ევროკავშირის წევრობაზე უკრაინასთან მოლაპარაკებების გახსნა


უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირის ლიდერთა სამიტზე. ბრიუსელი, 2025 წლის 26 ივნისი
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირის ლიდერთა სამიტზე. ბრიუსელი, 2025 წლის 26 ივნისი

ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელის სამიტზე ვერ შეძლეს გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასთან მოლაპარაკების გახსნის შესახებ. გადაწყვეტილებას 27-ვე წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება. წინააღმდეგი მხოლოდ უნგრეთია.

უკრაინამ წევრობის კანდიდატის სტატუსი 2022 წლის ივნისში მიიღო, 2024 წლის ივნისში კი ევროკავშირის ლიდერთა სამიტმა მხარი დაუჭირა მოლაპარაკებების ოფიციალურად დაწყებას. კიევისა და ბრიუსელის მიზანი იყო, რომ მოლაპარაკებების პირველი თავი(კლასტერი) 2025 წლის პირველ ნახევარში გახსნილიყო.

ევროპული საბჭოს სხდომის წინ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან კარგი ურთიერთობა აქვს, განაცხადა, რომ პრობლემა ომია, რადგან უკრაინის ინტეგრირება ომის ინტეგრირებას ნიშნავს და უნგრეთს არ სურს იყოს გაერთიანებაში ომის მდგომარეობაში მყოფ ქვეყანასთან ერთად.

მანამდე უნგრეთი უკრაინას ადანაშაულებდა უნგრული ეთნიკური უმცირესობის უფლებების დარღვევაში. ბრიუსელის სამიტის წინ ორბანმა წარმოადგინა უნგრეთის მთავრობის მიერ ქვეყანაში ჩატარებული „საკონსულტაციო რეფერენდუმის“ შედეგები, რომელთა თანახმად, გამოკითხულთა 95% ეწინააღმდეგება ევროკავშირში უკრაინის მიღებას.

26 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებს ონლაინ მიმართა და მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნისკენ მოუწოდა. ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ვალდებულებებს ასრულებს და მუშაობენ, რათა წელსვე მზად იყვნენ კიდევ რამდენიმე კლასტერზე მოლაპარაკების დასაწყებად.

როგორც უკრაინული გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“ წერს, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ თუ მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება არ იქნება, ეს ევროკავშირის სიტყვისა და ვალდებულებებისადმი ნდობას შეარყევს.

უკრაინის პრეზიდენტის მიმართვამ სიტუაცია ვერ შეცვალა. ევროპული საბჭოს დასკვნაში, რომელიც ბრიუსელში 26 ივნისს გამოქვეყნდა, ევროკავშირის 27-დან 26 სახელმწიფოს ლიდერები ადასტურებენ უკრაინის გაწევრების მხარდაჭერას, მას შესაბამისი რეფორმებისთვის მადლობას უხდიან, მნიშვნელოვან პროგრესს მიესალმებიან, ცნობად იღებენ ევროკომისიის შეფასებას, რომ მოლაპარაკების საბაზისო კლასტერი გახსნისთვის მზად არის, თუმცა საკითხს მომდევნო სხდომაზე დაუბრუნდებიან.

ევროპული საბჭოს მიერ 26 ივნისს გამოქვეყნებულ დასკვნებში დაახლოებით იგივე წერია მოლდოვაზეც, რომელმაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინასთან ერთად 2022 წელს მიიღო.

დოკუმენტში არაფერია ნათქვამი წევრობის კანდიდატ საქართველოზე, რომელიც თავის დროზე, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით ლიდერად ითვლებოდა.

2024 წლის ივნისში, ევროკავშირმა საქართველოში დემოკრატიის უკუსვლისა და კანდიდატის ვალდებულებებისგან უკან დახევის გამო შეაჩერა ქვეყნის გაწევრების პროცესი და ხელისუფლებას ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისთვის საჭირო ნაბიჯებისკენ მოუწოდა. მათ შორის იყო ე.წ. აგენტების კანონის გაუქმება.

2024 წლის ნოემბერში „ქართული ოცნების" მთავრობამ გამოაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს. ამ გადაწყვეტილების გამო საქართველოში დღემდე მიმდინარეობს საპროტესტო აქციები ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის დაბრუნებისა და ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით.


ფორუმი

XS
SM
MD
LG