"ანტიევროპული კურსი საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ მიღწევებს" - 17 ქვეყნის ერთობლივი განცხადება საქართველოზე

დიდი ბრიტანეთის დროშა ლონდონში, ბიგ-ბენის ფონზე

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ:

  • ბელგიის,
  • ჩეხეთის,
  • დანიის,
  • ესტონეთის,
  • ფინეთის,
  • საფრანგეთის,
  • გერმანიის,
  • ისლანდიის,
  • ირლანდიის,
  • ლატვიის,
  • ლიეტუვის,
  • ნიდერლანდის,
  • ნორვეგიის,
  • პოლონეთის,
  • ესპანეთის,
  • შვედეთის,
  • გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრები;
  • ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენელი.

ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ და მკაცრად გმობენ ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაკავებას, რასაც უწოდებენ პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებებს, რაც, მათი განცხადებით, აშკარად ისახავს მიზნად პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობას საქართველოში, ადგილობრივ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე:

„მათი დაკავება, ისევე როგორც თვითნებური დაკავებები და ქართული ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მშვიდობიანი მომიტინგეებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ მზარდი რეპრესია, საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლას და ქვეყნის ავტორიტარულ სისტემად სწრაფად გარდაქმნას უწყობს ხელს, რაც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსა და ნორმებს. ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებები მიმართულია დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობისკენ“.

ერთობლივი განცხადების ავტორები წერენ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულმა პოლიტიკურმა რეპრესიებმა გამოიწვია ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი გაუარესება, მათ შორის, დახმარების და თანამშრომლობის შეზღუდვა საქართველოს ხელისუფლებასთან:

„დღეს საქართველოს ხელისუფლების ავტორიტარული და ანტიევროპული კურსი კიდევ უფრო მეტად უქმნის საფრთხეს ქვეყნის დემოკრატიულ მიღწევებს და ჩვენს ქვეყნებთან ურთიერთობებს.

ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევების მხილებას და მზად ვართ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული მექანიზმები, თუკი საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ქვეყნის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის ძირის გამოთხრას.

ჯერ კიდევ შესაძლებელია კურსის შეცვლა. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყონებლივ გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის მხარესთან, რათა მოიძებნოს გამოსავალი არსებული მდგომარეობიდან“, - წერია განცხადებაში.

ასევე ნახეთ ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი მწვავე რეზოლუცია 490 ხმით დაამტკიცა

პირველ ივლისს ბრიტანეთის საგარეო უწყებამ ლონდონში მყოფი საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გამოიძახა და პროტესტი გამოხატა მისი მთავრობის მიერ პარტნიორებისადმი, მათ შორის ბრიტანეთისადმი „ცრუ ბრალდებების და საჯარო თავდასხმების“ გამო.

ბრიტანეთის საგარეო უწყების პრესცენტრის თანახმად, ბრიტანელმა მაღალჩინოსანმა - რომლის ვინაობაც საჯაროდ არ დასახელებულა, - საგანელიძესთან საუბარში „ნათლად გამოხატა გაერთიანებული სამეფოს მტკიცე წინააღმდეგობა“ საქართველოს „სულ უფრო საზიანო ტრაექტორიის მიმართ“. ამასთან, საგანელიძესთან საუბრისას მან „მკაცრად გააპროტესტა „ქართული ოცნების“ მიერ გაერთიანებული სამეფოსა და საერთაშორისო პარტნიორების წინააღმდეგ წამოწყებული ცრუ ბრალდებები და საჯარო თავდასხმები“.

2025 წლის 11 ივნისს ბრიტანეთის საელჩომ განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო იძულებული გახდა, „გრანტების კანონში“ ცვლილებების შედეგად გაეუქმებინა დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა საარჩევნოდ გამჭვირვალობის ხელშეწყობას.

„ბრიტანეთის საელჩო აპირებდა პროპაგანდის და რადიკალიზმის დაფინანსებას და მიიღო გადაწყვეტილება, რადგან ახლა თანხმობა სჭირდებოდა“, - განაცხადა სადავო პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა 12 ივნისს.

ასევე ნახეთ „არ ვიცნობ, თუმცა შევისწავლი საქართველოში არსებულ კორუფციულ პრაქტიკას“ - ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი