პუტინმა თანამდებობიდან გაათავისუფლა მინისტრი, რომელიც მანამდე კურსკის ოლქს ხელმძღვანელობდა

რომან სტაროვოიტი 2018 წლიდან კურსკის ოლქის გუბერნატორი იყო, 2024 წლის მაისში კი რუსეთის ტრანსპორტის მინისტრად დაინიშნა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რომან სტაროვოიტი გაათავისუფლა ტრანსპორტის მინისტრის თანამდებობიდან. პუტინის ორწინადადებიან ბრძანებაში, რომელიც დღეს, 7 ივლისს გამოქვეყნდა, გადაწყვეტილების მიზეზი დასახელებული არ არის.

რომან სტაროვოიტი რუსეთის ტრანსპორტის მინისტრად 2024 წლის მაისში დაინიშნა. მანამდე, 2018 წლიდან ის კურსკის ოლქის გუბერნატორი იყო.

სტაროვოიტის მინისტრად დანიშვნის შემდეგ კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შესრულება დაევალა მის მოადგილეს, ალექსეი სმირნოვს.

ასევე ნახეთ რუსეთში დააკავეს კურსკის ოლქის ყოფილი გუბერნატორი

სმირნოვმა, რომელიც კურსკის ოლქს ხელმძღვანელობდა რუსეთის ამ რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ სახმელეთო ოპერაციის დაწყების დროს, 2024 წლის აგვისტოში, თანამდებობა დეკემბერში დატოვა. 2025 წლის აპრილში ალექსეი სმირნოვი და მისი ყოფილი პირველი მოადგილე ალექსეი დედოვი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

რუსეთის შსს-ს თანახმად, თაღლითობის საქმე ეხება ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ „კურსკის ოლქის განვითარების კორპორაციის" წარმომადგენლებთან ერთად ბიუჯეტიდან მილიარდი რუბლის მითვისებას უკრაინასთან საზღვარზე საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობისას. სმირნოვი ბრალს არ აღიარებს. მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ეხება პერიოდს, 2022-2023 წლებს, როცა კურსკის ოლქის გუბერნატორი რომან სტაროვოიტი იყო.

განახლება: 7 ივლისს, დღის მეორე ნახევარში ცნობილი გახდა, რომ ნაპოვნია რომან სტაროვოიტის ცხედარი. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ ოდინცოვოს რაიონში, სტაროვოიტის პირად ავტომანქანაში ნახეს მისი ცხედარი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით და, რომ გამოძიების ძირითადი ვერსია თვითმკვლელობაა.

ასევე ნახეთ გენერალი სირსკი: სუმის ოლქზე რუსეთის ჯარების შეტევა შეჩერებულია

რუსეთის კურსკის ოლქი უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება.

2024 წლის 8 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა კურსკში დაიწყეს სახმელეთო ოპერაცია, რომლის მიზნად გამოცხადდა საზღვრისპირა რაიონების დასაცავად უსაფრთხოების ზონის შექმნა.

2025 წლის 26 აპრილს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა პრეზიდენტ პუტინს მოახსენა, რომ კურსკის ოლქი სრულად გაათავისუფლეს. თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები განაგრძობენ აქტიურ თავდაცვით ოპერაციებს რუსეთის კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში.

ასევე ნახეთ რუსეთი ადასტურებს სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარსარდლის მოადგილის სიკვდილს