ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, გუდკოვი 2 ივლისს დაიღუპა „კურსკის ოლქის ერთ-ერთ სასაზღვრო რაიონში საბრძოლო მუშაობის დროს“.
უკრაინული მედია და ბლოგერები წერენ, რომ გენერალი გუდკოვი „ლიკვიდირებულია“.
რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, გუდკოვი და კიდევ ათი ოფიცერი კურსკის ოლქის დასახლებული პუნქტის, კორენოვოს რაიონში უკრაინის სარაკეტო დარტყმას ემსხვერპლნენ.
მიხაილ გუდკოვი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მე-11 რუსი გენერალია, რომელთა სიკვდილის შესახებაც საჯარო წყაროებითაა ცნობილი.
42 წლის გუდკოვი რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარსარდლის მოადგილედ 2025 წლის მარტში დაინიშნა და ფლოტის სანაპირო და სახმელეთო ჯარებს ხელმძღვანელობდა. მანამდე იყო საზღვაო ქვეითთა 155-ე ბრიგადის მეთაური. ეს ბრიგადა უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მონაწილეობდა ჯერ კიევის ოლქზე, შემდეგ კი ქალაქ მარიუპოლზე შეტევაში.
155-ე ბრიგადა ჩართული იყო რუსეთის კურსკის ოლქის დაცვაშიც. ბრიგადის სამხედროები ეჭვმიტანილი არიან უკრაინელი სამხედრო ტყვეების დახოცვაში.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში სახმელეთო ოპერაცია 2024 წლის აგვისტოში დაიწყეს. უკრაინამ ოპერაციის მიზნად დაასახელა თავისი მოსაზღვრე ტერიტორიების დასაცავად უსაფრთხოების, ე.წ. ბუფერული ზონის შექმნა.
2025 წლის 26 აპრილს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა პრეზიდენტ პუტინს მოახსენა, რომ კურსკის ოლქი სრულად გაათავისუფლეს. თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები განაგრძობენ აქტიურ თავდაცვით ოპერაციებს რუსეთის კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში.
ფორუმი