"ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერები პარტიულ თანამდებობებს ტოვებენ

საბა ბუაძისა და დეა მეტრეველის გადაწყვეტილებები უკავშირდება "ლელოს" კოალიციის განცხადებას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრები პარტიულ თანამდებობებს ტოვებენ. პარტიის პოლიტსაბჭო და აღმასრულებელი მდივნის პოსტი დატოვა დეა მეტრეველმა, ხოლო მანამდე საბა ბუაძემ დატოვა პარტიის პოლიტსაბჭო და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიცია.

განცხადებების გავრცელებას წინ უძღოდა “ლელოს” კოალიციის გადაწყვეტილება 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.

დეა მეტრეველი აღნიშნავს, რომ “რადგანაც რეჟიმთან ბრძოლის ერთადერთი ეფექტური გზა ერთიანობაა”, მისთვის “უზომოდ მნიშვნელოვანი” პირობაა - პარტიის ყოფნა “დიდი ეროვნული მოძრაობის ნაწილად” და წუხს, რომ “ე.წ. ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, ვერ მოხდა საზოგადოების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გაერთიანება ერთიანი გეგმის გარშემო”.

“…არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ოპოზიციურ პარტიების ნაწილის არჩევნებში მონაწილეობა, ხოლო ნაწილის ბოიკოტში დარჩენა. ვფიქრობ, „ძლიერი საქართველო“-ს მიერ დღეს გაცხადებული გადაწყვეტილება, არსებული ვითარების გათვალისწინებით, არ არის თანმიმდევრული გზა ჩვენი საერთო ბრძოლისთვის, მით უფრო მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის უაღრესად პრინციპული და ღირსეული ნაბიჯის ფონზე თავისუფლების აღკვეთის ფასად დარჩენილიყვნენ საერთო ბრძოლის ერთგულები”, - წერს დეა მეტრეველი, ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში.

მეტრეველი მიუთითებს, რომ რჩება საერთო ბრძოლაში - საქართველოს გათავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის. რადიო თავისუფლება ცდილობს დააზუსტოს - ნიშნავს თუ არა ეს გადაწყვეტილება პარტიის დატოვებასაც.

პარტიული თანამდებობების დატოვების მიუხედავად, საბა ბუაძე პარტიაში რჩება - ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საპატიმროდან გათავისუფლებამდე. ამის შესახებ ბუაძე საკუთარ ფეისბუკგვერდზე წერს, სადაც აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.

“ძალიან დიდ შეცდომად მიმაჩნია და არ ვეთანხმები ასეთ ვითარებაში ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას. ვთვლი, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა ეწინააღმდეგება იმ გზას, რომელიც ყველამ ერთად ავირჩიეთ საპარლამენტო მანდატების დატოვების შემდეგ…

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, წარმოუდგენლად მიმაჩნია რაიმე ფორმით ვიყო ამ მცდარი ნაბიჯის თანამონაწილე”, - აღნიშნავს საბა ბუაძე.

თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ამ ეტაპზე დადასტურებული აქვს კოალიცია “ძლიერ საქართველოსა” და პარტიას “გახარია საქართველოსთვის”.

ასევე ნახეთ "არა" შეწყალებას, 2 "კი" არჩევნებს - "ოცნება" ოპოზიციას შეახსენებს, რომ არჩევნებსაც ყაველაშვილი დანიშნავს

ბოლო კვირებში 8 ოპოზიციონერი დააკავეს სადავო პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის ["წულუკიანის კომისია"] სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო. მათ შორის არიან "ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. მათ უარი განაცხადეს მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზებულ შეწყალებაზე, თუმცა არჩევნებში მონაწილეობას კოალიცია ადასტურებს.

“კოალიცია ცვლილებისთვის” და “სტრატეგია აღმაშენებელი”, რომელთა ლიდერები ასევე დაკავებული არიან, უარს ამბობენ როგორც შეწყალებაზე, ასევე არჩევნებში მონაწილეობაზე.

უპირატესად “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მიერ დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგიის მიერ არაპირდაპირი გზით არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციური პარტიების დაპატიმრებულ ლიდერებს 4 ივლისს შესთავაზა - მიმართონ მას შეწყალების მოთხოვნით, რაც დაკმაყოფილებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ოპოზიციური პარტიები 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის პირობას დადებენ.