ტრამპის „დიდ და ლამაზ" საგადასახადო კანონპროექტს მხარი კონგრესის ქვედა პალატამაც დაუჭირა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა სპიკერ მაიკ ჯონსონს უჭირავს ფურცელი, რომელზც 3 ივლისს გამართული კენჭისყრის შედეგებია

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ ხანგრძლივი დებატების შედეგად მიიღო თეთრი სახლის მიერ ინიციირებული საგადასახადო კანონპროექტი, რომელსაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „დიდს და ლამაზს“ უწოდებს.

წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი 3 ივლისს დაამტკიცა 218 ხმით. წინააღმდეგი იყო 214.

კანონპროექტს, რომელიც ზოგიერთი გადასახადისა და ხარჯის შემცირებას, ზოგიერთის გაზრდას და სახელმწიფო ვალის ზედა ზღვრის შესაძლო გაზრდას ითვალისწინებს, პრეზიდენტ ტრამპის თანაპარტიელი რესპუბლიკელების ნაწილიც ეწინააღმდეგებოდა, თუმცა საბოლოოდ დემოკრატებთან ერთად ხმა წინააღმდეგ მისცა მხოლოდ ორმა რესპუბლიკელმა.

მანამდე, 1 ივლისს კანონპროექტი დაამტკიცა კონგრესის ზედა პალატამ, სენატმა.

ასევე ნახეთ აშშ-ის სენატმა მიიღო “დიდი და ლამაზი" საგადასახადო კანონპროექტი

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის „დიდ და ლამაზ“ კანონპროექტს ხელს 4 ივლისს, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს მოაწერს, რის შემდეგაც კანონი ოფიციალურად ამოქმედდება.

ის ითვალიწინებს გადასახადების და ჯანდაცვისა და სხვა სოციალური პროგრამების დაფინანსების შემცირებას და ამასთან, თავდაცვის ხარჯების და საიმიგრაციო სამსახურის დაფინანსების გაზრდას.

ტრამპის „დიდ და ლამაზ“ კანონპროექტს მოწინააღმდეგეები აკრიტიკებდნენ როგორც სოციალური ხარჯების შემცირების, ისე სხვა ხარჯების გაზრდისთვის, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სახელმწიფო ვალს.

კანონპროექტმა კონფლიქტი გამოიწვია პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის ყოფილ მრჩეველს, მილიარდერ ილონ მასკს შორის, რომელიც „დიდ და ლამაზ" საგადასახადო კანონპროექტს აკრიტიკებდა და აცხადებდა, რომ ის ბიუჯეტის დეფიციტს გაზრდის.

ასევე ნახეთ მასკის „დიდი ბომბის“ შემდეგ მისი და ტრამპის კონფლიქტი ახალ ეტაპზე გადავიდა