ამის შესახებ ისრაელის საელჩომ რადიო თავისუფლებას შეკითხვის პასუხად განუცხადა.
„შევძრწუნდით, როდესაც გავიგეთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დაესწრო სოლიდარობის ღონისძიებას თბილისში, ირანის საელჩოში...
იმ დროს, როდესაც დასავლეთი გმობს ირანის თავდასხმებს ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე და მხარს უჭერს მისი ბირთვული და გენოციდური ამბიციების შეჩერების მცდელობებს, ღრმა იმედგაცრუებას იწვევს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობის ხილვა. ეს მორალურად არასწორია“, - განუცხადეს რადიო თავისუფლებას ისრაელის საელჩოში.
რადიო თავისუფლებამ მაკა ბოჭორიშვილის მოადგილის ირანის საელჩოში ვიზიტის შესახებ კითხვა დაუსვა საგარეო საქმეთა სამინისტროსაც, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო:
„2025 წლის 26 ივნისს ირანის საელჩომ ოფიციალური ნოტით მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში სამძიმრის წიგნის გახსნის შესახებ და თბილისში გახსნილ სამძიმრის წიგნში ირანის მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით გაკეთდა შესაბამისი ჩანაწერი“.
დღეს, 2 ივლისს გაირკვა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი თბილისში ირანის საელჩოში „ისრაელის რეჟიმის განხორციელებული თავდასხმისას დაღუპულ მოწამეთა ხსოვნისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე მივიდა და ირანს სოლიდარობა გამოუცხადა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ:
- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი;
- საქართველოში თურქმენეთის ელჩი;
- ყაზახეთის ელჩი;
- ერაყის საქმეთა რწმუნებული;
- ჩინეთის სამხედრო ატაშე;
- ასევე რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე, ირანული დიასპორის წევრები და ქართველი ირანისტები.
„მათ საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში გააკეთეს ჩანაწერები, გამოთქვეს თავიანთი სამძიმარი და სოლიდარობა ირანის მიმართ“, - იუწყება ირანის საელჩო საქართველოში და მადლობას უხდის „მეგობრებსა და პარტნიორებს ამ რთულ პერიოდში გამოჩენილი მხარდაჭერისა და თანაგრძნობისთვის“.
ასევე ნახეთ ბოჭორიშვილის მოადგილემ ირანს სოლიდარობა გამოუცხადა „ისრაელის რეჟიმის თავდასხმის მსხვერპლთა“ გამო - საელჩოირან-ისრაელის 12-დღიანი ომი
- ისრაელის არმიამ ირანის ბირთვული ობიექტებისა და იარაღის საცავების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 13 ივნისს დაიწყო, რასაც ირანმა უპასუხა ისრაელზე რაკეტებითა და დრონებით შეტევით.
- 21-დან 22 ივნისის ღამით ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ბომბდამშენებმა ირანში იერიში მიიტანეს ფორდოს, ნათანზისა და ისპაანის ბირთვულ ობიექტებზე, რასაც ირანმა უპასუხა დარტყმით კატარში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე.
- ისრაელი და აშშ ირწმუნებიან, რომ ირანი ახლოს იყო ბირთვული იარაღის შექმნასთან, რასაც ვერ დაუშვებდნენ. თეირანი ირწმუნება, რომ მის ბირთვულ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
- 24 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა. ტრამპის თქმით, ირანის ბირთვული ობიექტები განადგურებულია.
- ისრაელმა სამხედრო ოპერაციის შედეგად შესრულებულად გამოაცხადა ირანის ბირთვული პროგრამისა და ბალისტიკური რაკეტების განეიტრალების მიზანი.
- ირანის ისლამური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 25 ივნისს გამოქვეყნებული მონაცემებით, ირანში დაიღუპა, სულ მცირე, 627 ადამიანი და 4870-ზე მეტი დაიჭრა.
- ისრაელის ინფორმაციით, 12-დღიანი ომის შედეგად ისრაელში დაიღუპა 28 და დაიჭრა 3000-ზე მეტი ადამიანი.
- ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ირანელ ხალხს მიულოცა ისრაელსა და ამერიკის შეერთებულ შტატებზე „გამარჯვება“.
- ამაზე პასუხად დონალდ ტრამპმა ხამენეი „ტყუილის“ გამო მწვავედ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ გადაწყვიტა, აღარ მოუხსნას ირანს სანქციები.