რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, პუტინმა შეხვედრის იმ ნაწილში, რომელიც საჯარო იყო, განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „აბსოლუტურად არაპროვოცირებულ აგრესიას არანაირი საფუძველი და არანაირი გამართლება არ აქვს“.
პუტინის თქმით, რუსეთის პოზიცია მკაფიოდ ასახულია განცხადებაში, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ 22 ივნისს გაავრცელა. ამ განცხადებით მოსკოვმა დაგმო ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის შეტევა და აგრესიის შეწყვეტა და სიტუაციის პოლიტიკურ-დიპლომატიურ ფარგლებში დაბრუნება მოითხოვა.
„ტასს“ მოჰყავს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვებიც, რომ ირანს და რუსეთს აქვთ ძალიან ახლო და კეთილი ურთიერთობა, რომელმაც ბოლო წლებში სტრატეგიული ხასიათი შეიძინა. აბას არაღჩიმ ვლადიმირ პუტინს გადასცა ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის და პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანის კეთილი სურვილები.
ასევე ნახეთ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის ბირთვული ობიექტები განადგურებულია, ირანი აშშ-ის და ისრაელის დასჯას მოითხოვს21-დან 22 ივნისის ღამით ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ბომბდამშენებმა ირანში იერიში მიიტანეს ფორდოს, ნათანზის და ისპაანის ბირთვულ ობიექტებზე.
მანამდე, 13 ივნისიდან ირანის ბირთვული ობიექტებისა და იარაღის საცავების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო ისრაელის არმიამ. პასუხად ირანმა ისრაელზე რაკეტებით და დრონებით არაერთი შეტევა მიიტანა.
ისრაელი და აშშ ირწმუნებიან, რომ ირანი ახლოს იყო ბირთვული იარაღის შექმნასთან, რასაც ვერ დაუშვებდნენ. თეირანი ირწმუნება, რომ მის ბირთვულ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.