მისი გამდიდრების შესახებ საგამოძიებო მასალები მოამზადეს „თავისუფლების მონიტორმა“ და „TV პირველმა“ - მასალებში საუბარი იყო არადეკლარირებულ ქონებაზე.
არსენ კალატოზიშვილმა პროკურატურის მოთხოვნა - აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ სრულად დააკმაყოფილა. პროკურორი ირაკლი მარშანია შუამდგომლობის დასაბუთებისას ამბობდა, რომ საქმეზე გრძელდება გამოძიება თანამონაწილეების გამოსავლენად, ასევე დასაკითხი ჰყავდათ მოწმეები:
„დასადგენია, მთლიანობაში რა უკანონო შემოსავალი იქნა მიღებული, რა ბედი ეწია და ვინ ეხმარებოდა მათ. შესაძლოა, გადამალოს აქტივები ან ქონება... როგორც საჯარო მოხელე, სისტემატურად ჩადიოდა კორუფციას... ბრალდებულს აქვს მიდრეკილება დანაშაულის ჩადენისკენ და არსებობს მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენის საფრთხე“.
საპირისპიროს ამტკიცებდა რომეო მიქაუტაძის ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე. მისი თქმით, არ არსებობდა პატიმრობის შეფარდების საფუძვლები:
„იმდენად მოუმზადებელია ბრალდება, რომ მტკიცების დაბალ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს... მას არ მიეცა ქონების წარმომავლობის დასაბუთების უფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ აქ არ ვიქნებოდით. რომეოს ოჯახს ბოლო თეთრით შეუძლიათ დასაბუთება ქონების“.
სხდომაზე სიტყვის უფლებით ისარგებლა ბრალდებულმა რომეო მიქაუტაძემაც. მისი თქმით, ქონება წარმატებული კარიერით დააგროვა:
„ჩემი მხრიდან რაიმე ტიპის დანაშაულის ჩადენის ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების განზრახვა არ მქონია, არც მაქვს და არც მექნება მომავალში“.
საბოლოოდ, მოსამართლემ მხოლოდ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მომდევნო სხდომა 12 აგვისტოს 11:00 საათზე გაიმართება.
მიქაუტაძის დაკავება
მიქაუტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. მათი ცნობით, ის 2017 წლის 3 ოქტომბრიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე, როდესაც სხვადასხვა მაღალი თანამდებობა ეკავა, თანამდებობრივ გავლენას „სანაცნობო წრისა და გამოცდილებას პირადი სარგებლის მიღების მიზნით უკანონოდ იყენებდა ენერგეტიკულ სფეროში სხვადასხვა პირისთვის არამართლზომიერი უპირატესობის მისანიჭებლად“.
სუსი აცხადებს, რომ სანაცვლოდ რომეო მიქაუტაძე ენერგოკომპანიებში, ჰესებში, საწარმოს წილებს იღებდა, რომელთა რეალური მესაკუთრე თვითონ იყო, ხოლო წილები ოფიციალურად სხვა, თავისი ნდობით აღჭურვილ პირებზე ჰქონდა გაფორმებული.
ასევე ნახეთ სუსმა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე დააკავაბრალის წაყენება
ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს პროკურატურამ ბრალი 21 ივნისს წაუყენა. განცხადების მიხედვით:
- 2021 წელს რომეო მიქაუტაძე დაეხმარა ერთ-ერთ კომპანიას მის მიერვე დაფუძნებული შპს-ს სხვა კომპანიისთვის 4 400 000 აშშ დოლარად მიყიდვაში, რის სანაცვლოდაც აღნიშნული კომპანიისგან მიიღო დაახლოებით 400 000 აშშ დოლარი;
- 2023 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის მეუღლემ ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში 120 კვ.მ. ბინის შესაძენად, საქართველოს ბანკიდან გადარიცხა 599 955 ევრო. ეს თანხა მის ანგარიშზე ნაღდი ფულით შევიდა 2023 წლის 26 ივნისს.
პროკურატურა რომეო მიქაუტაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის, 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელ ლეგალიზაციას ედავება. ყოფილი მაღალჩინოსნისთვის წაყენებული ბრალი 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ასევე ნახეთ რომეო მიქაუტაძეს ბრალი წარუდგინეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაშისამუშაო გამოცდილება
რომეო მიქაუტაძე წლების განმავლობაში მუშაობდა სამინისტროებსა და სახელმწიფო კომპანიებში:
- 2022 წლის 30 დეკემბრიდან - 2024 წლის 11 თებერვლამდე იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - მინისტრის პირველი მოადგილე;
- 2021 – 2022 - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - მინისტრის მოადგილე;
- 2019 – 2021 - შპს „თბილსერვის ჯგუფი“ - დირექტორი;
- 2018 – 2019 - შპს „ენერგოტრანსი“ - დირექტორი;
- 2018 - საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი (GEDF) - დირექტორი;
- 2018 - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - მინისტრის მოადგილე (ენერგეტიკის დარგში კომპანიების კურატორი);
- 2017 – 2018 - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო - მინისტრის მოადგილე;
- 2013 – 2017 - სს გეს „საქრუსენერგო“ - გენერალური დირექტორი;
- 2010 – 2017 - სს გეს „საქრუსენერგო“ - გენერალური დირექტორის მოადგილე;
- 2009 – 2010 - სს გეს „საქრუსენერგო“ - შესყიდვების სამსახურის უფროსი;
- 2009 - სს „ხრამჰესი 1“, სს „ხრამჰესი 2“ - ის კასკადი (ინტერ რაო) - გენერალური დირექტორის მოადგილე;
- 2009 - სს გეს „საქრუსენერგო“ - გენერალური დირექტორის მრჩეველი;
- 2008 – 2009 - შპს „ჯეოინკორს“ - გენერალური დირექტორის მოადგილე ენერგეტიკის საკითხებში („ჩხოროწყუჰესი“, „კინკიშაჰესი“, „რუსმეტალი“);
- 2006 – 2008 - სს „ზაგესი 2006“ - გენერალური დირექტორის მოადგილე, ტექნიკური დირექტორი;
- 2005 – 2006 - „ვარციხე ჰესების“ კასკადი - გენერალური დირექტორის მოადგილე;
- 2004 – 2005 - ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო - მინისტრის მთავარი მრჩეველი;
- 2004 – 2005 - ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო - მინისტრის მრჩეველი;
- 2004 - ენერგოზედამხედველობის და სათბობის ხარისხის დეპარტამენტი - თავმჯდომარის მოადგილე;
- 2003 – 2004 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - განყოფილების უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი, სამმართველოს უფროსი.