კაია კალასი აცხადებს, რომ ირანს არ უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის შექმნის უფლება

კაია კალასი

აშშ-ის მიერ ირანის ბირთული ობიექტების დაბომბვის საკითხს და შექმნილ ვითარებას, ორშაბათს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ - ამის შესახებ წერს სოციალურ ქსელ X-ზე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი.

მისივე სიტყვებით, ირანს არ უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის შექმნის უფლება, რადგან ეს „საფრთხეს შეუქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას“.

კაია კალასი ყველა მხარეს მოუწოდებს, უკან დაიხიონ, დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას და თავიდან აიცილონ ვითარების შემდგომი ესკალაცია.

ირანს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ურჩევს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერიც, რომლის სიტყვებით, აშშ-მა მიიღო ზომები ირანის ბირთვული პროგრამიდან მომდინარე სერიოზული საფრთხის შესამსუბუქებლად.

„ირანის ბირთვული პროგრამა სერიოზულ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას. ირანს არასდროს უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის შექმნის უფლება და აშშ-მა მიიღო ზომები ამ საფრთხის შესამსუბუქებლად“, - აღნიშნულია სტარმერის განცხადებაში.

მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში ვითარება არასტაბილური რჩება და რეგიონში სტაბილურობა პრიორიტეტულია.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დილით ირანის სამ - ფორდოს, ისპაჰანისა და ნათანზის ბირთვულ ობიექტს შეუტია.

ოპერაციის დასრულების შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ბირთვული ობიექტები, სადაც ურანის გამდიდრება მიმდინარეობდა, სრულად განადგურებულია.

ასევე ნახეთ აშშ-მა ირანის სამი ბირთვული ობიექტი დაბომბა
ასევე ნახეთ „აშშ-მა სახიფათო ომი დაიწყო“ - ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო