ოდესაზე დრონებით მასირებული შეტევა იყო

ოდესაზე რუსული დრონებით შეტევის შედეგად დამწვარი ბინები 23-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში. 2025 წლის 20 ივნისი

რუსეთის ჯარებმა 20 ივნისს, შუაღამის შემდეგ უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის ქალაქ ოდესაზე. დაშავდა, სულ მცირე, 13 ადამიანი.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დრონებით დარტყმის შედეგად ხანძარმა მოიცვა 4-სართულიანი სახლი და 23-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-18, მე-19 და 20-ე სართულები.

ხანძარი გაჩნდა კიდევ ხუთ სახლში.

ოდესაზე რუსული დრონებით შეტევის შედეგად ხანძრით მოცული სახლი. 2025 წლის 20 ივნისი

მაშველებმა ორ სახლში გადაარჩინეს 6 მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც ბინებიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ. მრავალსართულიანი კორპუსიდან ევაკუირებულია 600-მდე მობინადრე.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობითვე, 13 დაშავებულიდან 3 მეხანძრე-მაშველია.

უკრაინის რკინიგზის ინფორმაციით, დაზიანებულია ოდესის რკინიგზის სადგურის ინფრასტრუქტურა.

განახლება: დილის 10 საათისთვის ოდესის საოლქო პროკურატურის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ რუსული დრონებით შეტევის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 14 ადამიანი.

ასევე ნახეთ პუტინი ისევ აცხადებს, რომ უკრაინაში საცხოვრებელ უბნებს არ ეხებიან