რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ორგანიზებით, პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, 18 ივნისს ღამით პუტინი საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოების ჟურნალისტებს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა.
Associated Press-ის წარმომადგენელმა პუტინს ჰკითხა კიევზე 17 ივნისს განხორციელებული შეტევით სამოქალაქო მოსახლეობაში გამოწვეულ მსხვერპლზე და რუსული რაკეტით სახლის განადგურებაზე, რისი მოწმენიც სააგენტოს ჟურნალისტები გახდნენ.
„თქვენს ჟურნალისტებს რომ ენახათ, როგორ გაანადგურეს ჩვენმა რაკეტებმა საცხოვრებელი რაიონი, ამის შესახებ ვერაფერს გეტყოდნენ. ცოცხალი არ დარჩებოდნენ. თუ რაღაც ნახეს, მხოლოდ გარედან“, - იყო პუტინის პასუხი.
მან ისევ გაიმეორა, რომ უკრაინაში მხოლოდ სამხედრო-სამრეწველო ობიექტებს უტევენ. „დარტყმა იყო არა საცხოვრებელ უბნებზე, არამედ თავდაცვითი-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებზე. ქარხნებზე, რომლებიც სამხედრო ტექნიკას აწარმოებენ“, - განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, საიდუმლო არ არის, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ერთ-ერთი მიზანია უკრაინის „დემილიტარიზაცია", რათა უკრაინას არ ჰყავდეს არმია, რომელიც რუსეთს ემუქრება.
17 ივნისს რუსეთის ჯარებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა მიიტანეს. დაიღუპა 28 მშვიდობიანი მოქალაქე და 140-ზე მეტი დაიჭრა. მთლიანად დაინგრა 9-სართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მორიგ მასირებულ შეტევას „ტერორიზმი“ უწოდა. ზელენსკის განცხადებით, მთელი მსოფლიო, აშშ და ევროპა უნდა რეაგირებდნენ ისე, როგორც ცივილიზებული საზოგადოება რეაგირებს ტერორისტებზე.
18 ივნისს, პეტერბურგში უცხოელ ჟურნალისტებთან შეხვედრისას პუტინმა განაცხადა, რომ თუ უკრაინა შეთანხმებაზე უარს იტყვის, მისთვის სიტუაცია უარესობისკენ შეიცვლება. რუსეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, უკრაინის დელეგაციასთან მომდევნო შეხვედრა, სავარაუდოდ, 22 ივნისის შემდეგ გაიმართება.
უკრაინის და რუსეთის დელეგაციებმა თურქეთის ქალაქ სტამბოლში 16 მაისს და 2 ივნისს გამართეს მოლაპარაკების ორი რაუნდი. მხარეები მხოლოდ ტყვეების და დაღუპულთა ცხედრების გაცვლაზე შეთანხმდნენ. უკრაინისგან განსხვავებით რუსეთმა უარი თქვა აშშ-ის მიერ ინიციირებულ ცეცხლის შეწყვეტაზე.
2 ივნისს მოსკოვის დელეგაციამ სტამბოლში წარადგინა მოთხოვნების ამსახველი მემორანდუმი. რუსეთის მოთხოვნებს შორისაა უკრაინის ნეიტრალიტეტი და უკრაინის შეიარაღებული ძალების სრულად გაყვანა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიდან. უკრაინის ეს ნაწილობრივ ოკუპირებული რეგიონები რუსეთს თავის ტერიტორიად აქვს გამოცხადებული.
უკრაინა თავისი ტერიტორიების დათმობაზე უარს აცხადებს.
ფორუმი