ნინო წილოსანზე პოსტის გამო 4000-ლარით დააჯარიმეს ანა სუბელიანი

ანა სუბელიანი

სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ნინო წილოსანის შესახებ დაწერილი ფეისბუკ-პოსტის გამო 4000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო ენუქიძემ გამოაცხადა.

სუბელიანმა წილოსანის შესახებ „ფეისბუკში“ პოსტი 11 თებერვალს გამოაქვეყნა. მასში ეწერა: „ეს ნაძირალა არაქალი!“


საქმის მასალები

აქტივისტის წინააღმდეგ სამართალწარმოება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო. მას პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მიმართა. პირველი სხდომა, რომელიც 12 ივნისს უნდა გამართულიყო, ადვოკატის მოთხოვნით გადაიდო.

ასევე ნახეთ ნინო წილოსანის შეურაცხყოფის საქმეზე ანა სუბელიანის სასამართლო 17 ივნისისთვის გადაიდო
ასევე ნახეთ ჩინოვნიკების გასაგონად „პირის ამყრალება“ აკრძალულია, პირიქით - არა

ანა სუბელიანს ედავებიან 17316-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას - პოლიტიკოსის შეურაცხყოფას.

173​16_ე მუხლით ცალკე გამოეყო სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა თუ საჯარო მოხელის “სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, მასზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედება”, როდესაც ეს სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება. ისჯება 1 500 ლარიდან 4 000 ლარამდე ან ადმინისტრაციული პატიმრობით 45 დღემდე. განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა გაიზრდება 2 500 ლარიდან 6 000 ლარამდე; ხოლო ადმინისტრაციული პატიმრობა - 60 დღემდე.

„ქართულმა ოცნებამ“ შინაგან საქმეთა სამინისტროში საჩივარი 18 პირის წინააღმდეგ შეიტანა. მათ შორის იყვნენ: პოლიტიკოსები, აქტივისტები და ჟურნალისტები, რომლებიც მათ მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილი.

ასევე ნახეთ ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი 3000 ლარით დააჯარიმეს მდინარაძეზე ფეისბუკ-პოსტის გამო
ასევე ნახეთ ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის ადმინისტრაციული საქმის განხილვა 13 ივნისს გაგრძელდება
ასევე ნახეთ 4 000 ლარით დააჯარიმეს ეკა მიშველაძე ფეისბუკ-სტატუსის გამო
ასევე ნახეთ 4 000 ლარით დააჯარიმეს თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუკსტატუსის გამო

ამ საჩივრებს წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კირცხალიას 6 ივნისს გაკეთებული განცხადება, რომ პარტია უჩივლებდა ყველას, ვინც „ლანძღავს“, „შეურაცხყოფს“, „ემუქრება“ და „აბულინგებს“.

ეს კანონი დეპუტატებმა და პოლიციელებმა უკვე გამოიყენეს აქტიური მოქალაქეების წინააღმდეგ:

  • 17 მაისს ლაშხთან, როცა ის კაფეში იმყოფებოდა მცირეწლოვან შვილებთან ერთად, მივიდა რამდენიმე ქალი შეძახილებით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არა რუსულ რეჟიმს, ძირს რუსეთის მონები, არა რუსეთის მონებს...“ ლაშხმა ეს შეურაცხყოფად აღიქვა, შსს-ს მიმართა, სასამართლომ კი ორ აქტივისტ სტუდენტ გოგოს 12-12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, ერთს კი 4-ათასლარიანი ჯარიმა.
  • 30 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ მუხლით 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა თორნიკე სხვიტარიძეს და 5 000-ლარიანი ჯარიმა ანი ქავთარაძეს - მათ შსს პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებოდა.
  • 23 მაისს ზუგდიდის სასამართლომ 3 500 და 4 000-ლარიანი ჯარიმები დააკისრა მარიამ სიჭინავას და კერენ ესებუას, რომლებსაც ირაკლი ზარქუამ უჩივლა მას შემდეგ, რაც ისინი მას ზუგდიდის ერთ-ერთ სასტუმროში დახვდნენ და იქიდან შეურაცხმყოფელი შეძახილებით გააცილეს.
  • 4 ივნისს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა აქტივისტ ალბი კორძაიას - მას თეა წულუკიანმა უჩივლა მის სახლთან მოწყობილი აქციის გამო, რომელზეც კორძაია აპროტესტებდა წულუკიანის განცხადებას საქართველოს ეროვნულ გმირზე, 2008 წლის ომში მოკლულ გიორგი ანწუხელიძეზე.
  • 5 ივნისს დავით მათიკაშვილმა უჩივლა აქტივისტ ლექსო სამხარაძეს, რომელიც ქუჩაში გადაეყარა და მისი დანახვის შემდეგ დაიწყო სიმღერა, რომელიც ხშირად ისმის ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე: „ოლე, ოლა, „ქოცების“ დედის **ნა“.
  • 6 ივნისს 7-დღიანი პატიმრობა შეეფარდა აქტივისტ ბექა პაპაშვილს - მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ეს გადაწყვეტილება თეა წულუკიანის სარჩელის საფუძველზე მიიღო. პაპაშვილსაც მის სახლთან მოწყობილ აქციაში მონაწილეობის გამო უჩიოდა პარლამენტარი.
ასევე ნახეთ „ოცნებაზე“ სტატუსებისთვის ჟურნალისტები, აქტივისტები და პოლიტიკოსები სასამართლოში დაიბარეს