ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გამოაცხადა, რომ დაარტყეს „ირანის ბირთვული პროგრამის გულს“. ნეთანიაჰუს თანახმად, სამიზნე იყო ურანის გამდიდრების მთავარი ობიექტი ქალაქ ნათანზში.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სამიზნეებს შორის იყვნენ ირანელი ფიზიკოსებიც, რომლებიც ბირთვული ბომბის შესაქმნელად მუშაობენ. მისივე ცნობით, დაარტყეს ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამის ცენტრსაც.
ნეთანიაჰუს თანახმად, ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება გასანეიტრალებლად ირანისგან მომდინარე საფრთხის, რომელიც ისრაელის არსებობას ემუქრება. თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა ოპერაციას „პრევენციული“ უწოდა.
გამოცემა The Times of Israel-ის ცნობით, ისრაელის თავდაცვის არმია ირწმუნება, რომ ირანს აქვს საკმარისი რაოდენობის გამდიდრებული ურანი, რათა უახლოეს დღეებში შექმნას 15 ბირთვული ბომბი, ამიტომ ისრაელს ამ საფრთხის წინააღმდეგ ზომების მიღება დასჭირდა.
ირანისგან მოსალოდნელი საპასუხო შეტევის გამო ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ასევე ნახეთ ტრამპი "ნაკლებად დარწმუნებულია" ირანთან ბირთვული შეთანხმების მიღწევაშიირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ისრაელმა თეირანის და სხვა ქალაქების საცხოვრებელ რაიონებს დაარტყა.
სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, აფეთქებები იყო ნათანზში, ურანის გამამდიდრებელი ცენტრის რაიონში.
ირანმა თავისი საჰაერო სივრცე დახურა.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანეს არა მხოლოდ ირანის სამხედრო და ბირთვულ ობიექტებზე, არამედ ისლამური რესპუბლიკის სამხედრო ხელმძღვანელობაზეც.
დასავლეთის და ირანის მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ სავარაუდოდ, ლიკვიდირებული არიან ირანის გენერალური შტაბის უფროსი და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური.