აპრილის შემდეგ ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებების ხუთი რაუნდი გაიმართა ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების მისაღწევად, თუმცა ურანის გამდიდრების პროგრამა კვლავაც რჩება ორ მხარეს შორის განხეთქილების საგნად.
ტრამპმა არ გამორიცხა დიპლომატიური ძალისხმევის ჩავარდნის შემთხვევაში სამხედრო მოქმედების განხორციელება ირანის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ და რომ აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში, ისრაელი ემზადება ირანზე დარტყმისთვის.
„ნიუს პოსტის“ პოდკასტში საუბრისას, რომელიც 11 ივნისს გავრცელდა, ტრამპმა განაცხადა, რომ „არ იცის“ მოახერხებს თუ არა აიძულოს თეირანი შეწყვიტოს ბირთვული მოქმედებები:
„არ ვიცი. არ მეგონა ასე და სულ უფრო ნაკლებად დარწმუნებული ვარ ამის თაობაზე“ - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა და აგრეთვე აღნიშნა, რომ ირანელები „როგორც ჩანს, აყოვნებენ“, რის გამოც ის „ახლა ნაკლებად დარწმუნებულია, ვიდრე ორი თვის წინ იყო“.
„მათ რაღაც დაემართათ. მაგრამ მე ნაკლებად დარწმუნებული ვარ, რომ შეთანხმება მიიღწევა“ - განაცხადა ტრამპმა.
პლატფორმა X-ზე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ დაწერა, რომ ის იზიარებს ტრამპის მოთხოვნას ატომურ იარაღზე უარის თქმის შესახებ „სინამდვილეში, ეს შესაბამისობაშია ჩვენსავე დოქტრინასთან და შესაძლოა იქცეს შეთანხმების მთავარ საფუძვლად“ - აცხადებს არაყჩი და იმეორებს, რომ „ორმხრივად სასარგებლო შედეგი“ დამოკიდებულია „ირანის [ურანის] გამდიდრების პროგრამის გაგრძელებაზე“ გაეროს ზედამხედველობითა და სანქციების „ეფექტიანად გაუქმებით“.
11 ივნისს, ტრამპთან ინტერვიუს გამოქვეყნებამდე, ირანის თავდაცვის მინისტრმა აზიზ ნასირზადემ განაცხადა, რომ ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედება გამოიწვევს პასუხს, რომელიც „შედეგად მოიტანს ამერიკელების მიერ რეგიონის დატოვებას“.
ირანის მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ნასირზადემ განაცხადა, რომ „ყველა [ამერიკული] ბაზა ჩვენი წვდომის არეალშია; ჩვენ მათზე წვდომა გვაქვს და მიზანში ამოვიღებთ ყველა მათგანს მასპინძელი ქვეყნების ტერიტორიაზე, ყოყმანის გარეშე“.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად, აშშ-სთან მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 15 ივნისს ომანში გაიმართება.
ირანი მუშაობს საპასუხო შეთავაზებაზე მას შემდეგ, რაც უარი განაცხადა აშშ-ის წინადადებაზე, რომელიც ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის შეფასებით „ასი პროცენტით“ ეწინააღმდეგება ირანის ეროვნულ ინტერესებს.
აშშ-მა და მისმა ევროპელმა პარტნიორებმა - ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მმართველი საბჭოს მიმდინარე კვარტალურ შეხვედრაზე წარმოადგინეს რეზოლუცია, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, ირანი ბოლო ოცი წლის განმავლობაში პირველად აღმოჩნდება საგარანტიო ვალდებულებებთან შეუსაბამობაში.
რეზოლუცია ხელს შეუწყობს ირანის საკითხის გაეროს უშიშროების საბჭოსთვის გადაცემასა და სანქციების აღდგენას, რომლებიც 2015 წლის შეთანხმებით გაუქმდა. ეს შეთანხმება ტრამპმა პრეზიდენტობის მეორე ვადის დაწყებისას გააუქმა.
ირანი იმუქრება შესაბამისი შედეგებით, თუკი რეზოლუცია დამტკიცდება და აცხადებს, რომ ის გააძლიერებს და გააფართოებს ბირთვულ პროგრამას.
IAEA-ს შეხვედრა 13 ივნისს დასრულდება.
ფორუმი