„ავადმყოფობა და სიკვდილი თითოეული ადამიანის გზაა" - კადიროვი ავადმყოფობის შესახებ ცნობებზე

რუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, 7 მაისს რამზან კადიროვი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა.

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა თავის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული მოკლე ვიდეოთი და ტექსტით უპასუხა ბოლო პერიოდის ცნობებს ავადმყოფობის შესახებ. კადიროვი კონკრეტულად არ ამბობს, რომ ავად არ არის, თუმცა ახსენებს ჭორებს.

26 მაისს, ღამით გამოქვეყნებული ვიდეო შეიცავს ერთადერთ კადრს - კადიროვი ძველი კოშკის ფონზე მიდის. ვიდეოს ახლავს სხვისი ხმით წაკითხული ტექსტი, რომ სულ უფრო ხშირად ესმის ჭორები იმის შესახებ, რომ ავადაა, კვდება და ცოტა დარჩა.

ამ ტექსტის მიხედვით, „ავადმყოფობა და სიკვდილი თითოეული ადამიანის გზაა“, სიცოცხლის ხანგრძლივობას განსაზღვრავს მხოლოდ ის, ვინც „სუნთქვა გაჩუქა“ და თუ უწერია, რომ 50, 60 ან 70 წელს უნდა იცხოვროს, ვერავინ ვერცერთ დღეს ვერ წაართმევს.

კადიროვის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ ამ ვიდეოს ახლავს წერილობითი ტექსტიც, რომ ყოველი დღე უზენაესისგან მიღებული ფასდაუდებელი საჩუქარია, დრო წინასწარ განსაზღვრულია და უნდა იცხოვრო შეგნებულად, „ცარიელი ჭორების" გავრცელების გარეშე.

ასევე ნახეთ კადიროვი ჩეჩნეთის დატოვებას აპირებს?

რამზან კადიროვი ჩეჩნეთის მეთაურია 2007 წლის აპრილიდან. 48 წლის კადიროვი რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან ერთ-ერთ ყველაზე დაახლოებულ პირად ითვლება და განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული მმართველია.

ცნობები კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ბოლო ორი წელია ვრცელდება.

2025 წლის მაისის დასაწყისში რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს, თუმცა გადაწყვეტილება პრეზიდენტმა პუტინმა უნდა მიიღოს.

მაისში გამოცემა „ნოვაია გაზეტა ევროპა“ წერდა, რომ კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, სავარაუდოდ, დიდ დროს ატარებს საავადმყოფოში და თან ემზადება თავისი ოჯახის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გადასაყვანად.