გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 27 მაისს განაცხადა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი დაკავებულია

დაკავებულია „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი. მისი დაკავების შესახებ დღეს, 27 მაისს იუწყება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი".

წითელ ხიდსა და სადახლოს შორის დაახლოებით 20 კმ-იანი მონაკვეთია. სუს-ი არ აზუსტებს, სომხეთის საზღვართან იყო ის თუ აზერბაიჯანის.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ბაჩიაშვილი დააკავეს „გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად".

გიორგი ბაჩიაშვილი საქართველოდან ფარულად იყო წასული და მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო.

განახლება: გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატების საერთაშორისო ჯგუფმა განაცხადა, რომ ბაჩიაშვილი საქართველოში „იძულებით დააბრუნეს" და მას წამების საფრთხე ემუქრება.

ასევე ნახეთ ბაჩიაშვილი საუბრობს „მკვლელობის შეკვეთაზე“, გაქცევის დეტალებსა და ივანიშვილის „სიცოცხლის გახანგრძლივების მცდელობაზე“

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქმე ივანიშვილის განცხადების საფუძველზე 2023 წელს აღიძრა.

პროკურატურა ბაჩიაშვილს 39 215 820 აშშ დოლარის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებოდა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 6 ივლისს აღკვეთის ღონისძიებად 2,5 მილიონი ლარის გირაო შეუფარდა.

2025 წლის მარტის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. პროკურატურამ ბაჩიაშვილი ძებნილად გამოაცხადა.

ასევე ნახეთ გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, მან საქართველო დატოვა - „ჩემს უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრებოდა“
ასევე ნახეთ „ორი ქვეყნის დაზვერვის სააგენტოების ინფორმაციით, ბაჩიაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება“ - ადვოკატი
ასევე ნახეთ „ტოიოტა ქამრი“, „გადამყვანი“ და „შუამავალი“ - პოლიცია აღწერს, როგორ დატოვა ბაჩიაშვილმა ქვეყანა

2025 წლის 10 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს, დაუსწრებლად მიუსაჯა 11 წლით პატიმრობა „კრიპტოვალუტების საქმეზე“.

ივანიშვილის ყოფილი მოკავშირე დამნაშავედ ცნეს როგორც „დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში“, ასევე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში“, ანუ ფულის გათეთრებაში.

ბაჩიაშვილი და მისი ადვოკატები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.

ასევე ნახეთ ბაჩიაშვილს ივანიშვილისთვის 9 ათასამდე ბიტკოინის გადახდა დაეკისრა

გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ ორი საქმე - საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის და „თანაინვესტირების ფონდის" ხელმძღვანელობის პერიოდში „მტკვარი ჰესის" პროექტთან დაკავშირებით სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობისთვის.

ასევე ნახეთ გამოძიების ვერსიით, ბაჩიაშვილი საქართველოდან სომხეთში გადაიპარა - მას დაუსწრებლად შეუფარდეს პატიმრობა