“მშვიდობიანი ევრაზიული პროექტი დღეს კიდევ უფრო წარმოუდგენელია” - ანდრეი მაკარიჩევი

ვაჟა თავბერიძის ინტერვიუ ანდრეი მაკარიჩევთან

„თუ პუტინი მეორე ხერსონს დაკარგავს, მისი საქმე წასულია,“ – ასე ამბობდა ომის დაწყების პირველ თვეებში, როდესაც ხერსონი ახალი დაბრუნებული ჰქონდა უკრაინის ჯარს, ანდრეი მაკარიჩევი, ტარტუს უნივერსიტეტის პროფესორი და რუსეთის პოლიტიკური ფსიქოლოგიის გამორჩეული მკვლევარი.

მას შემდეგ სამი წელი გავიდა – მეორე ხერსონი არ დამდგარა, და პუტინიც გადარჩა როგორც ფიზიკურად, ასევე პოლიტიკურადაც, ომი გრძელდება და ტახტიც კრემლში, ერთი შეხედვით, მყარად დგას.

რა მოხდა ამ სამი წლის განმავლობაში? რატომ არ დაინგრა ის ფსიქოლოგიური საყრდენი, რაზეც პუტინის რეჟიმი დგას? ანდრეი მაკარიჩევი თვლის, რომ რუსეთი უკიდურესად დაავადებული საზოგადოებაა – არა პოლიტიკურად, არამედ ფსიქოლოგიურად. საზოგადოება, რომელიც სიკვდილს ხოტბას ასხამს და ტრაგედიას გმირობას უწოდებს, იქ კი, სადაც სიკვდილი საარსებო ნარატივად იქცა, მშვიდობაზე ლაპარაკი მხოლოდ პოლიტიკური ილუზიაა.

პუტინის რუსეთი რჩება იმად, რაც მუდამ იყო – რეტროგრადულ სახელმწიფოდ

რადიო თავისუფლება: ჩვენი ბოლო ინტერვიუდან სამი წელი გავიდა – მაშინ უკრაინელებმა ხერსონი გაათავისუფლეს და მახსოვს, მითხარით, პუტინი მეორე ხერსონს ვერ გადაიტანსო. ხერსონი არ განმეორებულა. დღეს როგორია პუტინის მდგომარეობა? რით შეუძლია დაიტრაბახოს?

მაკარიჩევი: იმ ფასის გათვალისწინებით, რასაც პუტინი და რუსეთი იხდიან ამ ომისთვის, ტრაბახისა და ზეიმის საფუძველი ნამდვილად არ აქვთ. თუ შევხედავთ რუსეთის მწირ სამხედრო წარმატებებს და იმ ფასს, რადაც უკრაინული მიწის თითოეული მეტრი უჯდებათ – შედეგი კატასტროფულია. არ უნდა დაგვავიწყდეს ძალთა ბალანსიც – სამი წელია, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი არმია ვერ ახერხებს სამხედრო გზით დასახული მიზნების მიღწევას გაცილებით უფრო მცირერიცხოვანი მეტოქის წინააღმდეგ. აქ წარმატებაზე ლაპარაკი უბრალოდ აბსურდია. ამ ორმა-სამმა წელმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ პუტინის რუსეთი რჩება იმად, რაც მუდამ იყო – რეტროგრადულ სახელმწიფოდ, რომელიც ფიასკოს შეფუთავს და ტრიუმფად გაყიდის. ამის ნათელი მაგალითია 9 მაისის მოახლოებული აღლუმი – შეეცდებიან, უკრაინაში ნაბიჯ-ნაბიჯ გადაადგილება გაასაღონ, როგორც გამარჯვების ისტორია, როგორც ერის გაერთიანების სიგნალი, როგორც დასტური იმისა, რომ მუხლებზე დაჩოქილი რუსეთი წამოდგა და აღმავლობის გზაზეა. ამ პროპაგანდისტული გზნების კარგი მაგალითია იმის ნახვა, თუ როგორ უხდიან მადლობას დაღუპული ჯარისკაცების ქვრივები პუტინს – იმისთვის, რომ მათ ქმრები და ძმები ხორცსაკეპში გაგზავნა. თუ ამას გამარჯვებად მიიჩნევენ – ბარემ იზეიმონ.

რადიო თავისუფლება: პუტინი ცდილობს, მარცხი გამარჯვებად გაყიდოს, მაგრამ ჰყავს კი მყიდველი? და თუ ჰყავს - რატომ? რატომ იტყუებენ თავს?

მაკარიჩევი: დღევანდელ რუსეთში ომთან მიმართებით გამჯდარია განწყობა – „შეიძლება, არც ღირდა დაწყება, მაგრამ რადგან დავიწყეთ, ახლა ბოლომდეც უნდა მივიყვანოთ, რადაც უნდა დაგვიჯდეს“. ანუ, საზოგადოება კრიტიკულად ჯერაც არ უყურებს ომს – და საკმაოდ დიდი სეგმენტი საერთოდ მხარს უჭერს. ისინიც კი, ვინც ომის უშუალო სიახლოვეს ცხოვრობენ, საზღვრისპირა ქალაქებში, ისინიც კი, ვინც ხედავს, სუნსაც გრძნობენ და ხელით ეხებიან ომს – ისინიც, ძირითადად, ეთანხმებიან, რომ ასეთია მოცემულობა, ვიდრე აპროტესტებენ ან უპირისპირდებიან.

რუსული საზოგადოება ფსიქოლოგიურად ღრმად დაავადებულია... და არ ვიცი, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს ლეთარგია.

რადიო თავისუფლება: თქვენს ნაწერებში „ჰომო პუტინუსად“ მონათლულ ხალხზე მინდა გკითხოთ, ომის მხარდამჭერებზე – როგორია მათი განწყობა დღეს? პუტინმა თვეების მანძილზე ვერ დაიბრუნა კურსკი, ფრონტზე მიზერული წარმატება აქვს, მოსკოვის თავზეც კი აღლუმის დღეს უსაფრთხო ცის უზრუნველყოფა არ ძალუძს – რატომ არსად ჩანს გავეშებული ხალხი, ყიჟინით: „ეს ცარი არ ვარგა, სხვა გვინდა“?

მაკარიჩევი: ვფიქრობ, რუსული საზოგადოება ფსიქოლოგიურად ღრმად დაავადებულია. ომის ასეთი მასშტაბური მხარდაჭერა ამის მკაფიო ნიშანია. და არ ვიცი, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს ლეთარგია. ისინიც კი, ვინც ომს თითქოს ემიჯნებიან, პროტესტის ნაცვლად, უბრალოდ ამჯობინებენ, არ შეამჩნიონ, არ ილაპარაკონ ომზე – რაც სხვა არაფერია, თუ არა ომზე ჩუმი, ირიბი თანხმობა. და ამას ემატება სიკვდილის კულტიც – სიკვდილით გატაცება-აღფრთოვანების რუსული მანია, რასაც წლებია ვაკვირდები. თუმცა ახლა სიკვდილის ეს თაყვანისცემა საერთოდ ახალ ფაზაშია გადასული, ჯერ არნახულ პიკზეა – უკვე ხარისხობრივად განსხვავდება ავადსახსენებელი საბჭოთა ეპოქისგანაც კი. რუსეთმა დაკარგა მგრძნობელობა სიკვდილის მიმართ – ადამიანების სიცოცხლე გაუფასურდა, მისი დაკარგვა აღარ აღიქმება ტრაგედიად. ერთი მხრივ, გროტესკია, მეორე მხრივ გასაოცარი რამ, დამაინტრიგებელიც.

ასევე ნახეთ “წინააღმდეგობის გარეშე საქართველო გადაიქცევა პუტინის რუსეთის პროვინციად” - გენადი გუდკოვი

რადიო თავისუფლება: და როგორ ფიქრობთ, როდის გახდა ეს სიკვდილით გატაცება ასე მასშტაბური?

მაკარიჩევი: ჩემი ვარაუდით, ამ ფაზაში გადასვლა კოვიდ-პანდემიის დროს დაიწყო – მაშინ რუსეთში მილიონამდე ადამიანი გარდაიცვალა. (ოფიციალური რუსული სტატისტიკით, გარდაიცვალა 250 000 ადამიანი, თუმცა ფართოდ მიიჩნევა, რომ რეალური რიცხვი ბევრად დიდია. მაგალითად, როიტერსი წერს, რომ მინიმუმ 800 000 ადამიანი დაიღუპა რუსეთში კოვიდით - რ.თ.) და არავის შეუმჩნევია ეს ფაქტი. მილიონი ადამიანი მოკვდა, და თითქოს არც არაფერი. ახლაც – ომში სამი წლის განმავლობაში თითქმის იგივე რაოდენობა დაიღუპა. და ამაზე საზოგადოების რეაქცია – რომ ეს ასეც უნდა იყოს – უნიკალურია. არ მგონია, პოლიტიკურ მეცნიერებაში არსებობდეს ამის ჯეროვანი განმარტება – უფრო პოლიტიკური ფსიქოლოგიის საკითხია. რაც უფრო მეტს ადამიანს ვკარგავთ, მით უფრო ვრწმუნდებით, რომ მართლები ვყოფილვართ, სწორედ ჩვენს მხარესაა ჭეშმარიტება. ჯერ მოდის გულგრილობა - სიკვდილი სტატისტიკაა, მერე – დიდება, სიამაყე, და ბოლოს – მადლიერება. სიკვდილი ხდება ადამიანების მიერ მიღებული დადასტურება, რომ რამეს წარმოადგენენ, რომ ფასი აქვთ. ქვრივები მადლობას უხდიან სახელმწიფოს იმისთვის, რომ ქმრები იდიოტურ ომში წაიყვანა და მოკლა.

პუტინი მიდრეკილია ფეტიშიზმისკენ და ძალიან მგრძნობიარედ რეაგირებს მათ ხელყოფაზე. და 9 მაისი მისთვის სწორედ ფეტიშის სტატუსს ატარებს.

რადიო თავისუფლება: აღლუმზე რომ გადავიდეთ: თუ, ასე ვთქვათ, ზელენსკიმ „ზეიმი არ დააცადა“ - რა შეიძლება იყოს პუტინის პასუხი?

მაკარიჩევი: პუტინი მიდრეკილია ფეტიშიზმისკენ და ძალიან მგრძნობიარედ რეაგირებს მათ ხელყოფაზე. და 9 მაისი მისთვის სწორედ ფეტიშის სტატუსს ატარებს. თუ ამ რიტუალს რაიმე შეაფერხებს, იგი ფრიად უკმაყოფილო იქნება, მაგრამ ძნელია ვთქვათ, რამდენად შორს წავა პასუხის გასაცემად. მას აღარ აქვს ბევრი ვარიანტი ომის ესკალაციისთვის – ამავდროულად, არ სურს ბოლომდე გაწყვიტოს საკომუნიკაციო ხაზი ამერიკასთან. დიახ, მან ბევრი ისეთი რამ გააკეთა, რითაც ტრამპი გააწბილა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ურჩევნია, კარი მაინც შეღებული დატოვოს ამერიკელებთან. ერთი რამ ცხადია - ომის შეჩერების განზრახვა მას არ აქვს, არანაირი ზავი მას არ აწყობს, პუტინი ომს ბოლომდე განაგრძობს. და მთავარი მიზეზი, რატომაც პუტინი ომს არ წყვეტს, სწორედ პოლიტიკურია – იმიტომ, რომ თუ ომი დასრულდა, მაშინ ის ხალხი, ვინც თქვენ ზემოთ ახსენეთ, ვინც დღეს არაფერს კითხულობს და არ აპროტესტებს, ამ ხალხმა შეიძლება დაიწყოს კითხვების დასმა: რას მივაღწიეთ და რად დაგვიჯდა ეს მიღწეული? როდესაც ისინი, ასე ვთქვათ, ანგარიშს დახედავენ, შეიძლება, არ ეჭაშნიკოთ იმ ფასის გადახდა.

რადიო თავისუფლება: აღლუმისთვის მზადების ფაზაში ერთი რამ ძალიან თვალში საცემი იყო – კრემლი ცდილობდა ეჩვენებინა, რომ რუსეთის საერთაშორისო იზოლაცია დასრულდა. იმ დელეგაციებს რომ დავაკვირდეთ, ვინც მოსკოვში ჩავიდა, შეგვიძლია კი ვთქვათ, რომ მართლაც ასეა?

მაკარიჩევი: რუსეთის იზოლაცია ყოველთვის დასავლეთით შემოიფარგლებოდა. გლობალურ სამხრეთში პუტინი იზოლირებული არ არის. მაგრამ, იმის მიუხედავად, რომ ბევრ ლიდერს სურს, პრაგმატულად ითანამშრომლოს პუტინთან – არც ისე დიდია მათი რიცხვი, ვისაც სურს თანამშრომლობაზე, ფულის კეთებაზე შორს წავიდეს და პუტინის მეგობრად აღიქმებოდეს. ბიზნესი ერთია, მაგრამ მოსკოვში ჩასვლა და იდეოლოგიურ ღონისძიებაზე პუტინის გვერდით დგომა – სულ სხვა. ნარენდრა მოდისნაირ პოლიტიკოსებს – რომელიც პუტინისგან ისედაც უპრობლემოდ იღებს ყველაფერს, რაც სჭირდება – რაში აწყობთ მოსკოვში აღლუმზე ჩასვლა? დღეს მსოფლიოში ტრანზაქციული, ტრამპისტური ლოგიკა გაბატონდა – ფასეულობებსა და ნორმებს უფრო და უფრო ნაკლები წონა აქვს, ყველაფერს მატერიალური საზომით აფასებენ. ამ გაგებით, პუტინსაც უწევს ამ ახალ სამყაროს ხარკი უხადოს – უჩნდებათ კითხვა, რა მატერიალურ სარგებელს მივიღებთ მოსკოვში ჩასვლით? და ვფიქრობ, ამ კითხვაზე პუტინს პასუხი არ აქვს.

რადიო თავისუფლება: და ბოლოს, გკითხავთ იმაზე, თუ რა გავლენა მოახდინა ამ სამწლიანმა ომმა რუსეთის მეზობლებზე – ე.წ. „ახლო საზღვარგარეთზე“. რას ხედავთ რუსეთის გარშემო – რა მოუტანა ომმა ამ სამეზობლოს?

მაკარიჩევი: ვფიქრობ, რუსეთმა რამდენიმე ძალიან მტკივნეული დარტყმა იწვნია მის გეოპოლიტიკურ ამბიციებთან მიმართებაში. უპირველეს ყოვლისა – ორი ქვეყანა, რომლებსაც რუსეთის ნატოში ხილვა არ სურდა, სწორედ ნატოს წევრები გახდნენ. მეორე – ამ ომმა ევრაზიული ინტეგრაციის იდეას ალბათ სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, რუსულ ინტეგრაციაზე საუბარი უკვე ფარსია. მშვიდობიანი ევრაზიული პროექტი დღეს კიდევ უფრო წარმოუდგენელია, ვიდრე ომამდე იყო. ნათელია, რომ რუსეთს არ აქვს კონსტრუქციული ინტეგრაციის ინსტრუმენტი – ერთადერთი რაც მის ხელში რჩება, სამხედრო აგრესია და ძალადობის მუქარაა.

შეხედეთ ბელარუსს – ლუკაშენკას მთავარი არგუმენტია: „რაც უნდა მლანძღოთ, მე მაინც შევძელი, ბელარუსი ომში არ გაეხვა“. ნახეთ, რა დღეშია ჩვენი მეზობელი უკრაინა, ნახეთ საქართველო. რასაც არ უნდა ვფიქრობდეთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე, მათ ეფექტურად მოახერხეს ამ შიშის კაპიტალიზაცია. შიშის, რომ რუსეთი საქართველოსაც იმავეს დამართებს, რაც მარიუპოლს დამართა. და ეს შიში არ არის ხელოვნური. რუსეთს ნამდვილად შეუძლია, ეს შიში გაყიდოს – და მის საფუძველზე მოიყვანოს ძალაუფლებაში მისთვის სანდო ძალები. ეს გახლავთ პირდაპირი გეოპოლიტიკური შანტაჟი – გინდათ მშვიდობა? გინდათ ქვეყნის საზღვრების შენარჩუნება? დაემორჩილეთ ჩვენს პირობებს. შეხედეთ უკრაინას. შეხედეთ საქართველოს 2008 წელს – მინუს 20% ტერიტორია. ეს არგუმენტი ცინიკურია, მაგრამ იმავდროულად, საკმაოდ ეფექტურიც.

რადიო თავისუფლება: გორილას გეოპოლიტიკა. ზარბაზნიანი დიპლომატია.

მაკარიჩევი: სწორედ რომ. დაივიწყეთ „რბილი ძალა“. დაივიწყეთ ევროინტეგრაციის იმიტაცია ევრაზიულ სივრცეში. ადრე ცდილობდნენ, გაემეორებინათ ან გადაეღოთ ის, რასაც ევროკავშირი აკეთებდა – ახლა ამის აუცილებლობა აღარ არსებობს. დარჩა მხოლოდ შიში და მუქარა. და ერთადერთი კითხვა ახლა ისაა, გააჩნია თუ არა რუსეთს საკმარისი რესურსი, რომ დაიმორჩილოს პოსტსაბჭოთა სივრცის დიდი ნაწილი. მე ამას ძალიან ვეჭვობ. სანქციებმა არ იმუშავა ისე ძლიერად, როგორც გვინდოდა – მაგრამ მაინც, რუსეთს უბრალოდ არ ეყოფა რესურსი ამისთვის. ეს კარგად იციან კრემლშიც, ამიტომ, ახლა მათი ფავორიტი ტაქტიკაა ე.წ. subversion – მეზობელ ქვეყნებში პრორუსული ძალების ხელისუფლებაში მოყვანა. განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც საზოგადოება გახლეჩილია, მაგალითად, მოლდოვაში პრორუსულ და პროდასავლურ ძალებს თითქმის თანაბარი მხარდაჭერა აქვთ. ბალტიის ქვეყნებშიც მოსკოვი ცდილობს უთანხმოების გაღვივებას, მაგრამ იქ პრორუსული სეგმენტი მარგინალურია. თუმცა, ოდესღაც „ალტერნატივა გერმანიისთვის“-აც მარგინალურად ითვლებოდა. ყველაფერი იცვლება – და რუსეთი თანმიმდევრულად მუშაობს, რომ მეზობელ ქვეყნებში ხელისუფლებაში მისთვის ხელსაყრელი ძალები მშვიდობიანად მოვიდნენ.

ასევე ნახეთ “ნელი სიკვდილის სცენარი” უკრაინისთვის, “5 წუთი შუაღამემდე” საქართველოსთვის” - ინტერვიუ პიტერ დიკინსონთან