აქ „დიპ სტეიტმა“ სძლია ტრამპის ადმინისტრაციას, ბრძოლა გრძელდება - კობახიძე „მეგობარი აქტის“ მიღებაზე

ირაკლი კობახიძე: „ჯერ კიდევ ოპტიმისტური მოლოდინი გვაქვს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია „დიპ სტეიტს“ დაამარცხებს“.

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ „მეგობარი აქტის“ მიღება „ამ კონკრეტულ შემთხვევაში“ იყო „დიპ სტეიტის“ გამარჯვება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაზე, თუმცა „ბრძოლა გრძელდება“.

ირაკლი კობახიძემ 7 მაისს, პარტიის ყრილობის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას კონგრესის ქვედა პალატის მიერ მიღებულ აქტს „მტრული აქტი“ უწოდა და თქვა:

„გრძელდება ბრძოლა ტრამპსა და „დიპ სტეიტს“ შორის. როდესაც ხდება ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ეს ნიშნავს, რომ იმ კონკრეტულ მომენტში „დიპ სტეიტმა“ სძლია ტრამპის ადმინისტრაციას. ეს ვიხილეთ ამ ორიოდე დღის წინ“.

ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვაზე მან განაცხადა: „ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით ერთ რამეს და ახლაც შეგვიძლია ვთქვათ, - გვაქვს ჯერ კიდევ ოპტიმისტური მოლოდინი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია დაამარცხებს „დიპ სტეიტს“. ამ შემთხვევაში დალაგდება ურთიერთობები საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის“.

ჟურნალისტების რეპლიკას, რომ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა რესპუბლიკური პარტიის არაერთმა წევრმა, კობახიძემ უპასუხა:

„ისინი არიან „დიპ სტეიტის“ გავლენის ქვეშ. არიან ადამიანები, რომლებიც არიან არა პრეზიდენტ ტრამპის გავლენის ქვეშ, არამედ დიპ სტეიტის გავლენის ქვეშ. ჯო უილსონი, მაგალითად, არის თავიდან ბოლომდე დიპ სტეიტი“.

კობახიძემ ასევე თქვა, რომ „სანქცია არის კომპლიმენტი“.

ასევე ნახეთ „მეგობარი აქტის“ თანაავტორი უილსონი „ივანიშვილის ხელშემწყობების სიას“ აქვეყნებს
  • 6 მაისს აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო „მეგობარი აქტი“ (MEGOBARI Act). კანონის მისაღებად 218 ხმა იყო საკმარისი, თუმცა დოკუმენტს მხარი 349-მა კონგრესმენმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 42. ეს 80%-იანი მხარდაჭერაა.
  • წარმომადგენელთა პალატის შემდეგ, ჯერი კონგრესის ზედა პალატაზე, სენატზეა - სანამ კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ დონალდ ტრამპამდე მიაღწევს, სენატმაც უნდა დაამტკიცოს.
ასევე ნახეთ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტი“ მიიღო 349 ხმით 42-ის წინააღმდეგ
  • ტერმინმა „დიპ სტეიტმა“ [deep (ღრმა) state (სახელმწიფო)] დასავლურ კონტექსტში განსაკუთრებული აქტუალობა 2016 წელს აშშ-ში დონალდ ტრამპის პირველად გაპრეზიდენტების შემდეგ მოიპოვა.
  • ამ ტერმინს ახსენებენ „ქართული ოცნების“ ლიდერებიც, რომლებმაც 2022 წლის შემდეგ განავითარეს შეთქმულების თეორია „გლობალური ომის პარტიაზე“, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის მოახლოებასთან ერთად კი, „გლობალური ომის პარტია“ ტერმინ „დიპ სტეიტით“ ჩაანაცვლეს, - ანალიტიკოსების თანახმად, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტისთვის უფრო გასაგები ფრაზით.
ასევე ნახეთ რას ნიშნავს „დიპ სტეიტი“ ტრამპისთვის და რას ნიშნავს „ოცნებისთვის“

მანამდე, 28 მარტს, „ქართული ოცნების“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ „მეგობარი აქტის“ მიღების შემდეგ განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპის „ბრძოლა „დიპ სტეიტის“ წინააღმდეგ შედეგიანი ვერ არის“.

„ჩვენ სულ ამას ვამბობთ, რომ დიპ სტეიტის დამარცხება ნიშნავს და აისახება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მაგალითზე. თუ საქართველოში გარედან ჩარევა კვლავ გაგრძელდა, მაშინ არავის ექნება შესაძლებლობა, თქვას, რომ „დიპ სტეიტი“ არის დამარცხებული“, - განაცხადა გორდულაძემ.

  • „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, - რომელთანაც აშშ-მა სტრატეგიული პარტნიორობა 2024 წელს შეაჩერა, - 2025 წლის 20 იანვარზე, ტრამპის ინაუგურაციაზე, იმედებს ამყარებდა და აცხადებდა, რომ ამის შემდეგ ვითარება შეიცვლებოდა.
  • მოგვიანებით „ოცნების“ ლიდერებმა გააკეთეს განცხადებები, რომლებითაც, ანალიტიკოსების თანახმად, ტრამპის პირობებში აშშ-ის კრიტიკული პოზიციის შენარჩუნების რისკები დააზღვიეს.
ასევე ნახეთ სამწუხაროდ, შედეგიანი არ არის ტრამპის ბრძოლა „დიპ სტეიტის“ წინააღმდეგ - „ოცნების“ დეპუტატი „მეგობარი აქტის“ მიღებაზე

„ქართული ოცნების“ შეთქმულების თეორიის თანახმად, „გლობალური ომის პარტია“, - რომლის მიზანია მსოფლიო მოსახლეობის 10-ჯერ შემცირება, - აკონტროლებს აშშ-ისა და ევროკავშირის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს და მრავალი წელია ებრძვის ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც „აგენტოკრატია დაასრულა“.

ამავე შეთქმულების თეორიის მტკიცებით, გლოპ-მა მოახდინა 2008 წლის რუსეთის მიერ საქართველოში ინტერვენციის პროვოცირება და მათი მარიონეტები არიან მიხეილ სააკაშვილი, ვოლოდიმირ ზელენსკი, სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიასაშუალებები, ევროპარლამენტი, ევროკავშირი, აშშ-ის პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ა.შ.

ასევე ნახეთ მივაგენით, ვინ არის „გლობალური ომის პარტია“ და რატომ ერჩის ივანიშვილს - შეთქმულების ამ თეორიის სათავეებთან