უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაბამის ბრძანებას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი 1 მაისს მოაწერა.
ზელენსკის განცხადებით, ამ პირებმა თავიანთი ბედი დაუკავშირეს რუსეთის ინტერესების შესაბამის პროპაგანდას, ომს ამართლებენ და უკრაინის საზიანოდ აქტიურ საინფორმაციო ოპერაციებს ახორციელებენ.
სანქცირებულ უკრაინელებს შორის არიან ბლოგერი მიროსლავ ოლეშკოც და პოლიტოლოგი კონსტანტინ ბონდარენკო, რომელმაც ზელენსკის შესახებ დაწერა წიგნი „ჯოკერი“.
ასევე ნახეთ უკრაინის დაზვერვა უარყოფს, თითქოს ოლექსი არესტოვიჩს უკრაინა უწყების წერილის წყალობით დაეტოვებინოსუკრაინის პრეზიდენტის მიერ 1 მაისს ხელმოწერილი დოკუმენტით, ოლექსი არესტოვიჩს ჩამოერთვა სახელმწიფო ჯილდოები, დაიბლოკა მისი აქტივები და აეკრძალა ქვეყნიდან კაპიტალის გატანა. უკრაინის ტერიტორიაზე დაიბლოკა წვდომა სოციალურ ქსელებში არესტოვიჩის არხებზე.
უკრაინელი პოლიტიკური და სამხედრო მიმომხილველი, ბლოგერი ოლექსი არესტოვიჩი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უშტატო მრჩეველი გახდა 2020 წლის დეკემბერში. არესტოვიჩმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ და პრეზიდენტის ოფისის ერთ-ერთ მთავარ სპიკერად იქცა.
2023 წლის იანვარში არესტოვიჩმა მრჩევლის თანამდებობა დატოვა, რასაც წინ უძღოდა მისი სკანდალური განცხადება, რომ რუსული რაკეტა, რომელიც დნეპრში მოხვდა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს და დიდი მსხვერპლი გამოიწვია, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.
მოგვიანებით, არესტოვიჩის წინააღმდეგ უკრაინაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმეები ძალადობის პროპაგანდისა და ცრუ შეტყობინების ბრალდებებით.
გამოცემა „უკრაინსკა პრავდის“ ინფორმაციით, ოლექსი არესტოვიჩმა უკრაინა 2023 წლის შემოდგომაზე დატოვა და ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს. არესტოვიჩი უკრაინის ხელისუფლებას ადანაშაულებს სანქციების გამოყენებაში პოლიტიკურ ოპონენტებზე ანგარიშსწორებისთვის.